დღეს მენეჯერების მთავარი საფიქრალი ის არის, თუ როგორ გარდაქმნან ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული რესურსები ხელშესახებ ბიზნესშედეგებად. კომპანიების უმეტესობა ამ კითხვას სასწავლო კურსების გაფართოებით პასუხობს – ამატებენ პრომპტინგის გაკვეთილებს ან ზრდიან ციფრული ხელსაწყოების ლიცენზიებს. თუმცა ეს მიდგომა თანამშრომლებს გადაღლილობის განცდას უტოვებს, ორგანიზაციებს კი იმედგაცრუებას, რადგან ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მოთხოვნადი უნარების სია გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე შრომის ბაზარზე შესაბამისი ტალანტების მოძიებაა შესაძლებელი.
პრობლემა ისაა, რომ ორგანიზაციები ახალი უნარების ათვისებას დაუსრულებელ საკონტროლო სიად აღიქვამენ. გაცილებით ეფექტიანია კონცენტრაცია იმ რამდენიმე ფუნდამენტურ კომპეტენციაზე, რომლებსაც ტექნოლოგიასთან ერთად ევოლუციის პოტენციალი აქვთ. კვლევითი კომპანია Gartner-ის მიხედვით, ეს მიმართულებები ორ მთავარ სფეროდ იყოფა – პროცესების მართვისა და მონიტორინგის უნარებად. ამ უნარებზე აქცენტირება უზრუნველყოფს იმას, რომ თანამშრომელი ტექნოლოგიურ ცვლილებებს ორგანულად აჰყვეს.
პროცესების ორკესტრირების უნარები
პროცესების მართვის კომპეტენციები განსაზღვრავს, თუ როგორ თანამშრომლობენ თანამშრომლები ალგორითმებთან კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე მთავარი ამოცანა პრობლემის ზუსტი ფორმულირებაა. ხელოვნური ინტელექტით მიღებული შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა დავალებას აძლევს მას ადამიანი. ბუნდოვანი ამოცანა ყოველთვის უხარისხო შედეგს იძლევა, ამიტომ გადამწყვეტი ხდება პრობლემის მკაფიო შემოსაზღვრა და მიზნების დადგენა. წარმატებული ორგანიზაციები ზოგადი ტრენინგების ნაცვლად შიდა სამუშაო შეხვედრებს აწყობენ, სადაც გუნდის წევრებს რეალური ყოველდღიური სირთულეები მოაქვთ და მათ გადაჭრას ტექნოლოგიური ექსპერტების დახმარებით ცდილობენ. პროცესის ტექნოლოგიით კი არა, კონკრეტული პრობლემით დაწყება თანამშრომლებს ამოცანის სწორად ფორმულირებას აჩვევს.
როდესაც ტექნოლოგია სამუშაო პროცესებს ცვლის, პრობლემის ფორმულირება სისტემურ აზროვნებაში უნდა გადაიზარდოს. ეს არის უნარი, ადამიანმა დაინახოს, როგორ უკავშირდება ცალკეული ეტაპები ერთ მთლიანობას. Gartner-ის გლობალურმა კვლევამ გამოავლინა, რომ სისტემური აზროვნება თანამშრომელთა შედეგიანობას 1.6-ჯერ ზრდის, რადგან მათ კომპლექსურ გარემოში ორიენტაციის შესაძლებლობას აძლევს და არა მხოლოდ იზოლირებული დავალებების შესრულებას. ენერგეტიკული პროდუქტების დისტრიბუტორ კომპანია U.S. Venture-ში ხელმძღვანელებმა დაინახეს, რომ ტექნოლოგიის ინდივიდუალური გამოყენება მხოლოდ მცირე წინსვლას იძლეოდა. რეალური ზრდისთვის მათ გაყიდვების თანამშრომლების სამუშაო პროცესი დეტალურად შეისწავლეს და ის დაბრკოლებები გამოავლინეს, რომლებიც ყოველდღიურობაში ჩნდებოდა. პროცესების წინასწარმა გააზრებამ გუნდს ტექნოლოგიის ინტეგრირების სრული სურათი დაანახა.
მესამე ეტაპი სტრატეგიული ხედვაა, რომელიც სისტემური აზროვნების გაგრძელებას წარმოადგენს. უახლოეს მომავალში გაყიდვების სფეროში ალგორითმები დამოუკიდებლად შეძლებენ პოტენციური კლიენტების მოძიებასა და ანალიზს. ადამიანური რესურსის მთავარი როლი მომავალი სცენარების განჭვრეტასა და მოქნილი გადაწყვეტილებების შექმნაზე გადადის. მიზანი მომავლის უტყუარი წინასწარმეტყველება კი არ არის, იმ განწყობის გამომუშავებაა, რომელიც ცვლილებებს წინასწარ ხედავს. გლობალურ იურიდიულ კომპანია Clifford Chance-ში მენეჯმენტი, იურისტები და ტექნოლოგიური გუნდები ერთობლივად აანალიზებენ, როგორ შეცვლის ტექნოლოგია კლიენტების მოლოდინებსა და საოპერაციო მოდელს, რაც ორგანიზაციას გრძელვადიანი ცვლილებებისთვის წინასწარ ამზადებს.
ზედამხედველობისა და მართვის უნარები
ზედამხედველობის კომპეტენციები უზრუნველყოფს, რომ მიღებული შედეგები იყოს სანდო, უსაფრთხო და ეთიკური.
პირველი საფეხური შეფასებისა და რისკების შემცირების უნარია. ხელოვნური ინტელექტის შედეგების ბრმად ნდობა შეცდომებსა და სისტემურ გადახრებს იწვევს. გუნდებს სჭირდებათ ტექნოლოგიის მიერ შესრულებული საქმის მუდმივი გადამოწმების ჩვევა. მარკეტინგულ კვლევით კომპანიებში თანამშრომლებს ტექნოლოგიით მომზადებული პირველი დოკუმენტების ფაქტობრივი გადამოწმება ევალებათ. პირველწყაროებთან შედარებისა და უზუსტობების აღრიცხვის ეს პრაქტიკა გუნდს ეხმარება, სწრაფად ამოიცნოს ალგორთმის შეცდომები და ბრმა ნდობა გააზრებული სკეპტიციზმით ჩაანაცვლოს.
შემდეგი ეტაპი ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის მედიაციაა. ავტომატიზაციის ზრდასთან ერთად მანქანურ ლოგიკასა და ადამიანურ გადაწყვეტილებებს შორის წინააღმდეგობა მატულობს. თანამშრომლებს უწევთ ბუნდოვანი სიტუაციების შეფასება, სადაც ტექნოლოგია კომპლექსურ გარემოებებს ვერ ითვალისწინებს – მაგალითად, როდესაც სისტემა კლიენტს მომსახურებას გადაუხდელობის გამო უუქმებს და ვერ აფასებს, რომ ამის მიზეზი სტიქიური მოვლენა გახდა. ჯანდაცვის სფეროში ექიმებს აქვთ შესაძლებლობა, არ დაეთანხმონ ალგორითმის დიაგნოსტიკურ რეკომენდაციას და საკუთარი გადაწყვეტილება სათანადო არგუმენტებით დააფიქსირონ. ეს მონაცემები შემდგომ ეთიკის საბჭოს მიერ განიხილება და თავად სისტემის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
მესამე ეტაპი ეთიკური ლიდერობაა. ადამიანმა მუდმივად უნდა წარმრთოს სისტემების მუშაობა ისე, რომ შედეგი სამართლიანი იყოს. ამ მიზნით კომპანიები ხშირად იყენებენ შიდა ტესტირების მეთოდს, სადაც თანამშრომლები ალგორითმის სუსტ წერტილებს წინასწარ ეძებენ და სისტემას ხელოვნურად აბნევენ, რათა შესაძლო მიკერძოება გამოავლინონ. სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში, როდესაც საქმე ხანდაზმულთა კოგნიტური ჯანმრთელობის შეფასებას ეხება, კომპანიები ეთიკის სპეციალურ ჯგუფებს ქმნიან, რომლებიც თითოეულ ალგორითმულ ნაბიჯს აფასებენ, რათა პაციენტების უფლებები და კონფიდენციალურობა სრულად იყოს დაცული.
წყარო: HBR











