ამბობენ, რომ ბუშტები, რომლებიც ცაში მიფრინავენ, ქალაქ LOOnciTy-ში ხვდებიან, სადაც მთელი სამყარო არის მათთვის მოწყობილი. იქ არ არის საზღვრები და ბუშტები, მთელი მსოფლიოდან, ტკბილად და საამურად ცხოვრობენ. მათ საყვარელი საქმიანობა ღრუბლების დაპროექტებაა, ამიტომ, ყველაზე გავრცელებული პროფესია აქ “ღრუბლის არქიტექტორობაა” და სწორედ ასეც ჰქვია მოკლემეტრაჟიან მულტფილმს, რომელზეც დავით მირცხულავა მეგობრებთან ერთად მუშაობს. ჩანაფიქრი, ჯერჯერობით, პროექტის დონემდეა მიყვანილი და სრულმეტრაჟიანი მულტფილმის მხოლოდ პირველ ეტაპს წარმოადგენს. ანიმაციაზე სააგენტო In Joy-ის გუნდი მუშაობს და აქ გაერთიანებული მეგობრები ცდილობენ საკუთარი სახსრებით გაუმკლავდნენ რთულ სამუშაოებს, პარალელურად, დაფინანსების წყაროებსაც ეძებენ. დეტალები In Joy-ს კრეატიული დირექტორის დავით მირცხულავასგან გავიგეთ.
M: მოგვიყევი ანიმაციის შინაარსსა და მთავარ პერსონაჟებზე…
სცენარის შექმნის იდეა გაჩნდა კითხვიდან, რომელიც ბავშობაში ალბათ ბევრ ჩვენგანს დაუსვამს: სად მიფრინავენ ჩვენგან გაშვებული ჰელიუმის ბუშტები?!
პირველი ეტაპზე, ჩვენ შევქმენით ბუშტების ქალაქის კონცეფცია, ზღაპრული ადგილი, რომელიც ადამიანთა მზერის მიღმა, სადღაც ღრუბლებს ზევით არსებობს. მოქმედება ბუშტების ქალაქ LOOnciTy-ში ვითარდება. ეს ზღაპრული ქალაქი დიდი საჰაერო ბუშტებით არის ნაშენები. სწორედ იქ ხვდებიან და მხიარულად თანაცხოვრობენ ჩვენგან ცისკენ გაშვებული ბუშტები.
ბუშტების ქალაქს ასევე დავუმატეთ სხვა მფრინავი სხეულები, რომლებიც პატრონებმა, ერთ დროს, ცაში დაკარგეს. ეს შეიძლება ყოფილიყო ქარისგან გატაცებული ფრანები, ქოლგები, მფრინავი მანათობლები, დირიჟაბლები და საჰაერო ბურთები.
საბოლოოდ, ამ ქალაქზე ფიქრისას მივხვდით, რომ ეს იქნებოდა ორგინალური, საინტერესო ლოკაცია, სადაც შეიძლება ანიმაციური ფილმის მოქმედება განვითარდეს.

მთავარი გმირები არიან ბუშტები მარლი და რუ, რომლებიც ახალგაზრდა არქიტექტორების გამოცდისთვის ემზადებიან და სხვადასხვა თავგადასავლებში ეხვევიან. რუ მარლის იმ დროს გადაეყრება, როდესაც გოგონა არქიტექტორების გამოცდისთვის ემზადება და სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ მათ ერთად უწევთ მუშაობა. მთლიანობაში, გმირების ვიზუალზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რადგან რთულია, ბუშტს მისცე ანიმაციური პერსონაჟის სახე და თან ჰუმანოიდი არ გამოგივიდეს. საბოლოოდ, ტანსაცმელიც მოვარგეთ და ვფიქრობ, ძალიან დამახასიათებელი გმირებიც გამოგვივიდა.
M: რას მოიცავს იდეა და როგორია ანიმაციის ქრონომეტრაჟი?
რადგან ბუშტები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უფრინდებათ, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ქალაქი ყოფილიყო მულტიკულტურული სივრცე, ანუ ადგილი, სადაც ნებისმიერი პერსონაჟი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნის და სოციალური წრის წარმომადგენელი. ეს მეტი ფანტაზიის საშუალებას გვიქმნიდა სცენარისტებს.
საქართველოში ძალიან ძნელია, თავიდანვე სრულმეტრაჟიანი ანიმაცია რომ შექმნა. ამიტომ, ეს პროცესი დავყავით რამდენიმე ეტაპად. ერთი გვინდა გავაკეთოთ Motion Comics – წიგნის სახით კომიქსები, მეორე არის პატარა ანიმაცია “ღრუბლის არქიტექტორები”, რაც ერთგვარი ტრადიციული დარგი და ჰობია LOOnciTy-ში. ესაა პროფესია, რომლითაც ამ ქალაქში დაკავებულია ყველა, დიდიან პატარიანად – ისინი იფიქრებენ კომპოზიციებს, არქიტექტურას და შემდეგ უკვე ქმნიან იმ ლამაზ ღრუბლებს, რომლებსაც შემდეგ ჩვენ ვადარებთ სპილოებს, ცხენებს, თუ სხვადასხვა ფორმებს. თანაც, გააქტიურებული გვაქვს ეკოლოგიური პრობლემა, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამდენად, ეს გლობალური მასშტაბის პროექტია.
ეს მოკლემეტრაჟიანი ვერსია არის სრულმეტრაჟიანის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის შექმნის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ შეიძლება მოგვეცეს სრულმეტრაჟიანის შექმნის რესურსი.

M: ვისი იყო ჩანაფიქრი და ვინ მუშაობთ ანიმაციაზე?
პირველადი იდეა მე და ჩემს მეუღლეს მარიამ გაფრინდაშვილს მოგვივიდა, შემდეგ In Joy-ს გუნდთან ერთად დავხვეწეთ და განვავითარეთ.
M: როდის ვიხილავთ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის დასრულებულ ვერსიას?
ეს ცოტა რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქართველოა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა სახელმწიფო კონკურსებთან დაკავშირებით. გავედით კინოს ცენტრის ვორქშოპზე, სადაც წარვადგინეთ პროექტი, გვქონდა გაწერილი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ვერსიები, განვითარებული პერსონაჟები, საბაზისო მზაობაც. საკმაოდ კონკურენტუნარიანებიც ვიყავით, რადგან დანარჩენი პროექტები ძირითადად, იდეის დონეზე იყო წარმოდგენილი. გვქონდა მოლოდინი, რომ მოვიგებდით. თანაც, საუბარი იყო საკმაოდ მცირე ბიუჯეტზე. მე არ ვამბობ, რომ ის პროექტი არ იმსახურებდა გამარჯვებას. ჩემი გულისტკივილია ის, რომ, მაგალითად, შარშან მაგ ვორქშოფზე ორი პროექტი გაუშვეს და ამ შემთხვევაში არ დაუშვეს გამონაკლისი. პლუს, არ მომცეს ადეკვატური ახსნა-განმარტება, თუ რა აკლდა ამ პროექტს ისეთი, რაც გამარჯვებულს ჰქონდა, რა კრიტერიემით შეფასდა და ა.შ

M: რა თანხა არის საჭირო, რომ ანიმაცია რაღაც პირველად შედეგამდე მიიყვანოთ?
დაახლოებით გვჭირდება 20 000 ლარი იმისთვის, რომ შევკრათ პრეზენტაცია, გავაკეთოთ გმირები 3D-ში… ანუ 20 000 ლარით ანიამაციას ვერ დაასრულებ, ამ თანხით შეძლებ გააკეთო ისეთი პრეზენტაცია, რომ წახვიდე უცხოეთში კოპროდუქციის მოსაპოვებლად, ანუ დაასრულო პრეპროდაქშენი: შექმნა სცენარი, გააკეთო 3დ მოდელები და მოკლე, ერთწუთამდე ანიმაცია.
M: რომელ საერთაშორისო ფესტივალებზე შეიძლება ასეთი ანიმაციის წარდგენა და რა მოლოდინი გაქვს, მოხვედრის შემთხვევაში, გამარჯვებასთან დაკავშირებით?














