14
Jan
2019

“ღუნღულა” – ქართული წარმოების ელექტრო პუფები

14 Jan 2019

Startauperi
Startauperi


პუფი – რბილი ავეჯის ეს ფუმფულა წარმომადგენელი, დღეს, თითქმის ყველგან გვხვდება – სასწავლო, სამუშაო თუ საცხოვრებელ სივრცეებში, ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე… მისი კომფორტული ფორმა საშუალებას გვაძლევს, მოხერხებულად მოვთავსდეთ და განვიტვირთოთ ნებისმიერ გარემოში. თუმცა, რბილი და თბილი სავარძლების მოყვარულებისთვის, ლილიკო ოსეფაშვილმა და თორნიკე ჯანელიძემ ელექტრო გამათბობელიანი ალტერნატივა გამოუშვეს. “ღუნღულა” – ასე ჰქვია ქართულ სტარტაპს, რომელიც პუფებსა და ბალიშებს აწარმოებს. “ღუნღულა” პუფები და ბალიშები, ელექტრო გამათბობლით, რამდენიმე კვირაა, რაც იყიდება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, პუფები ავტომობილის სავარძლის გათბობის სისტემის პრინციპით თბება, ეკონომიურია, ამორტიზებადი, აქვს რეცხვადი ზედაპირი და მოსახერხებელია როგორც ინტერიერისთვის, ისე ექსტერიერისთვის…

M: რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე, რამაც “ღუნღულას” შექმნა გადაგაწყვეტინათ?

ზამთრის კურორტებზე, სასრიალო ტრასებთან, ხშირად შეხვდებით სველ და ნაკლებადკომფორტულ პუფებს. ისედაც გცივა და დაჯდომისას დამატებით სველდები. ზაფხულობით, მთიან რეგიონებში მოსახლეობას ღამით საბნები ახურავთ ხოლმე, ხოლო საღამოობით თბილ ტანსაცმელს ატარებენ. ამიტომ ორივე პერიოდში სითბო, მაინც, მოთხოვნადია.

დახურულ სივრცეებში სიგარეტის მოწევის აკრძალვის შემდეგ, ადამიანებს სიცივეში გარეთ უწევთ ხოლმე მოწევა. გარეთა ფართების გათბობა კი, როგორც წესი, დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან – გამათბობლების შეძენა/დამონტაჟება და შემდგომ, ელექტროენერგიის დიდი გადასახადი. ჩვენი პროდუქტს ანალოგი მსოფლიოში არ ჰყავს. პუფსა და ბალიშებს 12 V-ანი ადაპტორი კარგად ათბობს და საათში მხოლოდ 90 ვატ მოიხმარს. იგი წყალგაუმტარი მასალისგანაა დამზადებული და საშინაო მოხმარების გარდაკომფორტულია ცივ სეზონზე ღია რესტორნების და ვერანდიანი შენობების სტუმრებისთვის.

M: რა არის თქვენი პროდუქტის კონკურენტული უპირატესობა?

პროდუქტის შექმნისას აქცენტი გავაკეთეთ ხარისხზე. მაღალი ხარისხის 100%-იანი პოლიესტერის ნაჭრებისაგან დამზადებული, აგრეთვე მაღალი ხარისხის პენოპლასტისა და გათბობების სისტემის დამატების შედეგად მივიღეთ ძალიან კომფორტული და ხარისხიანი პუფები, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და შესაძლებელია მისი გარეცხვა. გათბობისთვის იგივე ტექნოლოგია გამოიყენება, რაც ავტომობილების სავარძლების გათბობაში, ამდენად, სრულიად უსაფრთხოა.

რაც შეეხება ბალიშებს, ღუნღლა ბალიში შედგება ორი ნაწილისაგან – დასაჯდომი და მისაყუდებელი ბალიში, რომელთაგან, ბუნებრივია, ორივე ნაწილი თბება. როგორც პუფების შემთხვევაში, ბალიშებიც მაღალი ხარისხისაა, მას ვამზადებთ იმგვარი ღრუბლისაგან, რომელიც წლების განმავლობაში არ ბრტყელდება, ნაჭერი ამ შემთხვევაშიც წყალგაუმტარი მასალის შევარჩიეთ.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ძირითადი სამიზნე აქტიური, მაგრამ მცივანა ადამიანები არიან. როგორც პირდაპირ (შეუძლიათ სახლისთვის შეიძინონ), ასევე ირიბად (ბარებში და სასტუმროებში გამოიყენონ). ვფიქრობთ, ყველაზე უფრო ეფექტურად ამ პროდუქტის გამოყენებას რესტორნები, კაფე-ბარები, სასტუმროები და “გესტჰაუსები” შეძლებენ,

ზამთრის კურორტები – გუდაური, ბაკურიანი, მესტია, მიტარბი, ბახმარო და სხვა. წარმოგვიდგენია უფრო მეტად სამიზნე სეგმენტად, თუმცა აღნიშნული ხელს არ უშლის მომხმარებლის მიერ ქალაქებსა და აგარაკებზე კერძოდ თუ ბიზნესისათვის ღუნღულა პუფების შეძენას. ვფიქრობთ, ბევრი ადამიანი საკუთარ აივნებსა და ვერანდაზეც კარგად მოუძებნის ღუნღლა პუფებს ადგილს.

M: ვინ ქმნის “ღუნღულას”? რატომ გადაწყვიტეთ “ღუნღულას” შექმნა, რაიმე კონკრეტულ ამბავთან ხომ არაა კავშირში?

ლ.ო.: მეოთხე კურსზე ვიყავი და ვსწავლობდი საგანს: „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი“, ლექტორი შემოვიდა ლექციაზე და თქვა: ნოემბერში ტარდება ბიზნეს იდეების კონკურსი და მოიფიქრეთ რაიმე ინოვაციური იდეა, თუ გაიმარჯვებთ – გამარჯვებული წავა ჩეხეთში ან პორტუგალიაში და იქ გაივლიან დამატებით კურსებსო. აუდიტორიაში ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა: მე ჩეხეთში მინდა წასვლა, რადგან ჩეხებს ძალიან ლამაზი გოგონები ჰყავთ, მე კი ამ დროს მახსოვს, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, ხუმრობით ვთქვი, რომ მე პორტუგალიაში მინდა წასვლა, რადგან პორტუგალიელი ბიჭები მომწონს-მეთქი.

მახსოვს ჩემი ემოციები და სკეპტიკური დამოკიდებულება – ვინ გამიშვებდა პორტუგალიაში? შემდეგ, დავიწყე ფიქრი, რა ბიზნეს იდეა შეიძლებოდა გამჩენოდა. ერთ მშვენიერ დღეს, ვიჯექი პუფში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ის პერიოდია გათბობა რომ არ არის ჯერ ჩართული და შენობაში სიგრილეა. ვიჯექი და აზრად მომივიდა, თუ ეს პუფი გათბებოდა და იქნებოდა ელექტრო და ძალიან კომფორტული, იგი უფრო გამოსადეგ ნივთად იქცეოდა. შემდეგ დავიწყე  ძებნა ინტერნეტში, დავრეკე ყველა რბილი ავეჯის მაღაზიაში, გადავამოწმე საზღვარგარეთ ჩემს მეგობრებთან და ჰოი საოცრებავ, ეს ნივთი არ არის ჯერ ბაზარზე.

ჩემი იდეა გავანდე ლექტორს და პირველი ფრაზა იყო აღფრთოვანების: “ძალიან მაგარია, რომ იყოს – ვიყიდდი!” ეს ფრაზა მახსოვს დღემდე და მივხდი, რომ იდეას აქვს განვითარების საშუალება: არის ინოვაციური, ჯერ არ არის ბაზარზე, და რაც მთავარია, ქართული ლანდშაფტის გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება იყოს გაყიდვადი.

იდეამ გაიმარჯვა კონკურსში და პორტუგალიამ, დამატებით, ბევრი რამ მასწავლა. საქართველოში დაბრუნებულს ცხვირი არ ჩამომიშვია და მოვიგე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) გრანტი). ჩემი მეგობრების დახმარებით, გავაკეთე ოთხი ცალი ღუნღულა პუფის პროტოტიპი. კონკურსისთვის შექმნილი პროტოტიპი დღემდე გქაქვს, სხვათაშორის, რომელიც  გავაკეთე.

ცოტა ხანში, ჩემს იდეას შემოუერთდა თორნიკე, დავაფუძნეთ კომპანია „ღუნღულა“ და მცირე ბიუჯეტით, ქართული პროდუქციის წარმოება დავიწყეთ. დღეს ვართ მეწარმეები, რომლებიც ქმიან ქართულ ინოვაციურ პროდუქტს და რომლებსაც დიდი გეგმები აქვთ. კონკურსისთვის მოფიქრებული იდეა კი იქცა ბიზნესად.

M: პარალელურად, სხვაგანაც მუშაობთ. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული სხვა საქმიანობისა და “ღუნღულას” შეთავსება?

ლ.ო.: კერძო კომპანიაში ვარ დასაქმებული, ღუნღულა პუფებსა და ბალიშებს სამსახურის პარალელურად ვაკეთებ. ჩემთვის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა საქმიანობის შეთავსება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან სამსახურში მოქნილი გრაფიკი მაქვს და პარალელურად ვაკეთებთ ჩვენს ბიზნესს.

თ.ჯ.: იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი ვარ, საჯარო სამართლის მიმართულებით.  საქართველოს პრეზიდენტის არმინისტრაციდან წამოსვლის შემდეგ, სამაგისტო ნაშრომზე ვმუშაობ. საჯარო სამართლიდან ნაჭრებზე, პენოპლასტზე, ძაფებსა და სხვა ამგვარ მატერიალებზე გადმორთვა და ალღოს აღება გამიჭირდა, თუმცა საინტერესო პროცესია, გუნდში ვის რაც უკეთ გამოგვდის, იმას ვაკეთებთ და სირთულეებს ერთად ვუმკლავდებით.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქცია უნიკალურია და მსოფლიოს შეძლებული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ცივ ქვეყნებში ცხოვრობს, ,,ღუნღულამომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

განხილვა