როგორც ჩანს, მსოფლიო სულ უფრო აქტიურად ეტანება ქართულ ღვინოს. რიცხვებიც სწორედ ამას მოწმობენ. მხოლოდ, 2021 წელს, საქართველოდან 107 მილიონი ბოთლი გავიდა ექსპორტზე. არადა, სულ რაღაც, 6 წლით ადრე, ეს მაჩვენებელი 50 მილიონს შეადგენდა. ქართულ ბაზარზე ღვინის ბრენდების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. ღვინის სამშობლოში დიდი ბრენდებიც და საოჯახო მარნებიც მომრავლდა. შესაბამისად, აქტუალურ საკითხად იქცა ორიგინალური ეტიკეტის შექმნა. ვისაც ღვინის ეტიკეტის დამზადების პროცესი და სპეციფიკა გაინტერესებთ, თვალი ადევნეთ ჩვენს დიალოგს სააგენტო Kollektiv-ის კრეატიულ დირექტორთან, ბუბა რადიანთან.
M: ბუბა, როგორ იწყებ ღვინის ეტიკეტზე მუშაობას, დამკვეთთან ერთად?
ღვინის შეფუთვაზე/ეტიკეტზე მუშაობა ერთ-ერთი გამორჩეული და სასიამოვნო პროცესია, გასაკვირი არც უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენ იმ ქვეყანას წარმოვადგენთ რომელსაც მეღვინეობა, მევენახეობის 8000 წლიანი ისტორია აქვს. ამავდროულად, იგი ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სავიზიტო ბარათია.
როგორც ყველა პროექტის დაწყების წინ, აქაც, უმთავრესია სწორი/ამომწურავი ინფორმაციის მოძიება. ამისათვის კი, ბევრი კითხვის დასმაა საჭირო. ვინაიდან, სწორედ საწყის ეტაპზე დასმული კითხვები გვკარნახობენ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის სწორ და საჭირო მიმართულებას.
გასაკვირი არ არის, რომ მეღვინეებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ვაზთან და ღვინოსთან. ამიტომ აუცილებელია მათი გრძნობების ამომწურავად გაგება და ამ გრძნობებზე დაყრდნობით, სწორი დასკვნების გამოტანა. პირველი, რაც მათგან უნდა გავიგოთ არის ის, თუ რისი მოყოლა სურთ და ვის უყვებიან თავის ამბავს, რა დაპირება აქვთ და რა სიახლეს სთავაზობენ მომხმარებელს.
M: როგორ იქმნება ეტიკეტი მცირე მარნისთვის?
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, მცირე მარნები და მათი მეპატრონეები უფრო გაბედულად მოქმედებენ ვიდრე დიდი, ყველასთვის ნაცნობი ბრენდები.
ისენი ხშირად უგულველყოფენ მიღებულ სტანდარტებს, როგორიცაა ღვინის ადგილმდებარეობასთან, ყურძნის ჯიშთან ან მწარმოებლის გვართან ბმა და საერთოდ, განსხვავებული ამბის მოყოლას იწყებენ. ეს მეტწილად განპირობებულია მათი საწყისი სტატუსით, ვინაიდან მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და ახლა იწყებენ ისტორიის შექმნას/მოყოლას. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი ამოცანა მათი ნააზრევის რაციონალურ ჩარჩოში მოქცევა და ვიზუალურად შესატყვისი კონტექსტის ძიება არის.
M: როგორ ქმნი ეტიკეტს დიდი ბრენდისთვის? რა სხვაობაა მცირე მარანთან შედარებით და რა განაპირობებს ამ სხვაობას?
ბაზარზე დამკვიდრებულ დიდ ბრენდებს კარგად ნაცნობი იდენტობა გააჩნიათ, რომელსაც ისენი დიდი ხნის განმავლობაში აშენებდენ/ქმნიდნენ და რომელიც მომხმარებლის ქვეცნობიერში თუ ცნობიერში საკმაოდ კარგად არის გამჯდარი. აქედან გამომდინარე, მათთან მუშაობისას გარკვეული სიფრთხილე არის საჭირო, რადგან არსებული გარემოებების გათვალისწინება გვიწევს.
მცირე მარნებისგან განსხვავებით, დიდ ბრენდებში მეტი ხალხია ჩართული პროცესში, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები პირი ერთია. მათ შორის, ხშირია აზრთა სხვადასხვაობა, რაც სამუშაოს გახანგრძლივებას იწვევს. ეს შეიძლება ბარიერად აღვიქვათ, თუმცა სწორედ ეს პროცესი ქმნის დინამიკას და ჩვენთვის ერთგვარი მოტივატორი ხდება. აუცილებელია ამ ხალხის აზრის მოსმენა/გათვალისწინება და გარკვეულწილად მათი პროცესში ჩართვა იმიტომ, რომ სწორედ ამ ხალხის დახმარებით იქნება საბოლოო პროდუქტი.
არც ის არის გასაკვირი, რომ დიდ ბრენდებს უფრო მეტი რესურსი გააჩნიათ (ფინანსური, ადამიანური), ვიდრე მცირე მარნებს. მათი მასშტაბი და შესაძლებლობა გაცილებით დიდია, რაც პროდუქტის ფართო მასაზე მოკლე დროში გასვლას/გავრცელების საშუალებას იძლევა. ამიტომ კარგად უნდა გავითავისოთ, ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია. ამით დაახლოებით განვსაზღვრავთ, რა რეზონანსს გამოიწვევს ჩვენი ვიზუალური გადაწყვეტა.
M: როგორ იქმნება საექსპორტო ეტიკეტი – რას ითვალისწინებ ამ დროს?
ჩემი აზრით, არ არსებობს მარანი ან მეღვინე, რომელსაც თავისი ღვინის ექსპორტზე გატანა არ უნდა. ერთი შეხედვით, დღევანდელ ციფრულ სამყაროში ეს პროცესი გაადვილებულია, რადგან ლოკალურ ბაზარზე გაყიდული ღვინო მარტივად შეიძლება მოხვდეს ონლაინ სივრცეში და ის. რაც აქამდე ლოკალური იყო, გლობალური ხდება. ამის კარგი მაგალითია აპლიცაცია vivino, რომელიც ყველა მომხმარებელს თავისი დაგემოვნეული ღვინის ფოტოსა და შეფასების გაზიარების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, მუშაობის დროს აუცილებლად ფართოდ უნდა შევხედოთ/წარმოვიდგინოთ სურათი, უნდა გავიაზროთ, რაც დღეს ხდება და ისიც, რაც მომავალში იქნება.
ამ ყველაფრის გააზრებაში ჩვენ ნიშნები, სიმბოლოები, ისტორია, გვეხმარება, ფაქტორები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გამოსახულების იდეა და დანიშნულება სწორედ გავიგოთ და სწორი დასკვნა გამოვიტანოთ. ამიტომ, კონკრეტული ქვეყნისთვის შექმნილი ღვინის ეტიკეტისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმ ქვეყნის ისტორია, ღირებულებები, სოციალური და კულტურული შეხედულებები რადგან ის რაც საქართველოში მუშაობს არ იმუშავებს ევროპაში, ამერიკაში ან აზიაში.
M: როგორია გავრცელებული შეცდომები ღვინის ეტიკეტზე მუშაობისას?
სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ სანამ კონკრეტულ ღვინოს გავსინჯავ, მას ვიზუალურად განვიხილავ (თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი შემცველობა/შიგთავსი არ ვარგა), ვინაიდან მისი გამოსახულება მკარნახობს ჩემს მომდევნო ნაბიჯს, ის ერთგვარი იმპლუსის მომცემია.
ის ღვინის ეტიკეტი რომელიც მე გასაგებათ, მარტივად და ვიზუალურად გამართულად გადმომცემს თავის ამბავს/ისტორიას მასთან ურთიერთობის დაწყების საშუალებას მაძლევს. ხოლო ის რომელიც ვერ აღძრავს ამ გრძნობებს ალბათ თქვენ თითონვე ხვდებით გაგრძელებას…
ავტორი: თამარ მეფარიშვილი