ერთ დღესაც სააგენტომ საოცნებო დაკვეთა მიიღო, უბრალოდ საკუთარი შემოქმედებითი ხედვა უნდა გამოევლინა ისე, რომ არც არაფერში იქნებოდა შეზღუდული… შედეგად კი Pencil Studio-მ ორსახოვანი შეფუთვა შემოგვთავაზა.
თუ ტრადიციულად საახალწლო პროექტები რაღაც მხიარულს ეხება, წელს ამ გზიდან ცოტათი გადახვევა გადაწყვიტეს და ის გულწრფელი რეალობა გაგვიზიარეს, რომელიც ბრჭყვიალა ფასადის მიღმა იმალება. კონცეფცია გააცოცხლეს, რომელიც აქამდე მხოლოდ ფურცელზე იყო და არასდროს განხორციელებულა…
საწყისი წერტილი კი მარტივი ინსაითი გახლდათ — შობა ყოველთვის სრულყოფილი სადღესასწაულო მომენტებისგან არ შედგება. ამიტომაც, რეალობას კი არ გაექცნენ, არამედ მისი უნიკალური და დამაფიქრებელი ელემენტები გაუგზავნეს დამკვეთს.
უფრო ზუსტად, კლასიკური საშობაო სასმელი, რომელიც სითბოსა და ნოსტალგიას გადმოსცემს, თუმცა ნამდვილი მაგია თავად ბოთლში იმალება — ერთი შეხედვით, შეფუთვა ჩვეულებრივ საშობაო ელემენტებს ასახავს, სანტას, ნაძვის ხესა და ანგელოზებს, თუმცა ჩანაფიქრი მაშინ მჟღავნდება, როცა ბოთლი გათბობას იწყებს — მხიარული დიზაინის ტრანსფორმაციის მომსწრე ვხდებით, რითაც სეზონის ფარული რეალობაც ვლინდება, ვიგებთ, ვინ იმალება რეალურად სანტას კოსტიუმის უკან, ხეც შიშვლდება და არც ანგელოზების რეპუტაცია მართლდება…
ეს ტრანსფორმაცია კი დღესასწაულის ორმხრივ ბუნებას ასახავს და მომხმარებლებს შეახსენებს, რომ ნაკლებად სრულყოფილი მომენტებიც იმსახურებს აღნიშვნას.