„მივინოს“ შესახებ თქვენ უკვე იცით – ესაა ქილის ქართული ღვინო. დიახ, ალუმინის ქილებში ჩამოსხმულია რქაწითელი და საფერავი.
„ღვინო არ არის რთული!“ – ეს არის ის სათქმელი, რასაც მივინო პირველი დღიდანვე გადმოსცემდა. ღვინო, როგორც სითხე რთული და კომპლექსური ნივთიერებაა, მაგრამ არ შეიძლება ღვინის ბრენდი იყოს მომხმარებლისთვის რთული, მიუწვდომელი. სამწუხაროა, რომ დღეს ყველა დიდი ღვინის ბრენდი ცდილობს მთელი საწრმოო სირთულეები, რაც მეღვნეობას თან ახლავს, მარკეტინგშიც გადმოიტანოს და ამით გაზარდოს მათი ბრენდის ღირებულება, დაამძიმოს მომხმარებელი არასაჭირო ინფორმაციით. მიუხედავად იმისა, რომ „მივინოს“ ღვინო ბევრად უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ბევრი დღეს ძალიან ცნობილი და წარმატებული მეღვინეობის, „მივინო“ არასდროს საუბრობდა მომხმარებელთან ღვინის ხარისხზე და არც არასდროს ისაუბრებს.
„მივინო“ არის არამსხვრევად, მსუბუქ, მოსახერხებელ შეფუთვებში, რომელიც მარტივად მოიხმარება ლაშქრობაში, კემპინგისას თუ პიკნიკზე. ასევე, ღია ცის ქვეშ მუსიკალურ ფესტივალებზე, აუზზე, ზღვის სანაპიროზე, თევზაობისას თუ მრავალი სხვა გარე აქტივობისას. მეორე მხრივ, „მივინოს“ უკეთ ესმის ახალგაზრდების ვიდრე სხვა ღვინის ბრენდებს, რომელთაც ხმის უფრო მხცოვანი ტემბრი აქვთ.
დამფუძნებლები ვართ გიორგი მაჭავარიანი და საბა სახვაძე, პროფესიით – მარკეტერი და ფინანსისტი, მაგრამ ჩვენი პროფესიები ორივემ მეწარმეობას დავუკავშირეთ იმ მომენტიდანვე როდესაც მივინოს შექმნის იდეა დაგვებადა. მაშინ მეღვინეობის სფეროში რაიმე სიღრმისეული ცოდნა ან გამოცდილება არ გვქონდა, ამ პერიოდში ვიყავით თსუ-ის ბიზნეს ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები და უნივერსიტეტის პირველი ლექციიდანვე ვმეგობრობდით. იდეის განხორციელებასთან ერთად, დავიწყეთ მეღვინეობის სიღრმისეული შესწავლა სხვადასხვა სასწასწავლებლებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიდანვე გვქონდა მკაფიო ხედვა და პოტენციური მომხმარებლის საჭიროებების შეგრძნება. ვხედავდით თუ როგორ არის აცდენილი ახალგაზრდა მეამბოხე მილენიალების საჭიროებებს ერთის მხრივ სნობიზმით გაჟღენთილი ემოცია, ხოლო მეორე მხრივ მოუხერხებელი ტრდიციული შეფუთვები, რასაც დღეს ღვინის კომპანიები ყიდიან.
ვთვლით, რომ გვესმის მომხმარებლის, ასევე გვაქვს ძალიან დიდი მონდომება და მიზანდასახულობა, დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და ავითვისოთ არამარტო ქართული ბაზარი, არამედ ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა თუ ჩინეთს 8000-წლიანი მეღვინეობის ისტორია ყველაზე ინოვაციური შეფუთვებით გავაცნოთ.
შარქ თენქში მონაწილეობა გადაგვაწყვეტინა იმ დიდმა შესაძლებლობამ, რომელსაც ეს პროექტი მეწარმეებსა თუ სტარტაპერებს აძლევს. ეს არის არამარტო ფულადი ინვესტიციის მიღების შანსი, არამედი ძალიან გამოცდილი პარტნიორების შეძენის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია ის ბრენდის ცნობადობის გაზრდის ნაწილიც, რომელიც წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანი სარგებელია. ეს გამარჯვება ძალიან ღირებულია. ეს ნიშნავს, რომ „მივინო“ აუცილებლად შეძლებს იმ მისიის შესრულებას, რისთვისაც თავიდანვე დავაფუძნეთ.
განვითარების ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, გვჯერა და ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის რომ ახალი ფურცელი გადავშალოთ ქართული ღვინის ინდუსტრიაში და მალე მივინომ ქართული მეღვინეობა საერთაშორის ბაზარზეც ასახელოს.
გიორგი მაჭავარიანი – იდეის თანაავტორი
„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.