in

გია ბოხუას შექმნილი ლოგო კანადის პოლიციისა და ამერიკული ავიაკომპანიის ბრენდინგში უნებართვოდ გამოიყენეს

კანადურმა სამართალდამცავმა უწყებამ, გატინოს პოლიციის დეპარტამენტმა (SPVG), დაგეგმილი რებრენდინგის პროცესი მოულოდნელად შეაჩერა. მიზეზი უჩვეულოა – ახალ ლოგოში გამოყენებული მთავარი ვიზუალური ელემენტი, რომელმაც საზოგადოების ეჭვი გამოიწვია, ქართველი დიზაინერის, გია ბოხუას ნამუშევარი აღმოჩნდა.

BOG
BOG

ახლახან, პოლიციამ საზოგადოებას ახალი ვიზუალური იდენტობა წარუდგინა: მუქი ლურჯი ფარი, ოქროსფერი ჩარჩო და ცენტრში მოთავსებული სტილიზებული ჩიტი. თუმცა, ციფრულ ეპოქაში მსგავსი დეტალები ყურადღების მიღმა არ რჩება. მალევე გამოაშკარავდა, რომ ეს მინიმალისტური ჩიტის გრაფიკა ორიგინალური კონცეფცია სულაც არ იყო. ის ჯერ კიდევ წლების წინ მოხვდა Adobe-ის ოფიციალურ ბლოგზე, სადაც საუკეთესო მინიმალისტური ლოგოების შესახებ მომზადებულ სტატიაში მის ავტორად გია ბოხუაა მითითებული.

ასევე, გაირკვა, რომ ბოხუას ამავე დიზაინს უკვე აქტიურად იყენებს ფლორიდაში მდებარე საჰაერო ტვირთების გაყიდვებისა და საკონსულტაციო კომპანია – Air Jet International. გამოდის, რომ კანადის პოლიციამ საკუთარ უნიკალურ სიმბოლოდ ის ნამუშევარი დაამტკიცა, რომელიც უკვე ფართოდ იყო გავრცელებული და სხვა კომერციული ორგანიზაციის ბრენდინგშიც კი ფიგურირებდა.

გატინოს პოლიცია იძულებული გახდა, ოფიციალური განმარტება გაეკეთებინა. უწყების განცხადებით, ახალ იდენტობაზე ქალაქის კომუნიკაციების დეპარტამენტი 10 თვის განმავლობაში მუშაობდა და გრაფიკა უბრალოდ სტოკ-ფოტოების ბიბლიოთეკიდან გადმოწერეს. პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ორ წარდგენილ ვარიანტს შორის საბოლოო დიზაინს ხმა მისცეს, არავინ აცნობა, რომ სტოკ-გამოსახულებას ირჩევდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 8,000 დოლარი უკვე დაიხარჯა, რაც სარეკლამო ვიდეოსა და საპატრულო მანქანისა და მოტოციკლის პროტოტიპების მომზადებას მოხმარდა.

საავტორო უფლებებსა და ლიცენზიებთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რებრენდინგის პროცესი შეაჩეროს. მათ მყისიერად ამოიღეს ხმარებიდან ახალი ლოგო და ისევ ძველ იდენტობას დაუბრუნდნენ. პარალელურად კი, საკითხის გარშემო მოკვლევა მიმდინარეობს.

წყარო: ctvnews

4 მონაცემი, რომლებიც დირექტორთა საბჭოს მარკეტინგის გუნდისგან მართლა სჭირდება

KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ – ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე