საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომში, ველაბროს წმინდა გიორგის ტაძარში, ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალმა ჯანფრანკო რავაზიმ და კომპოზიტორმა ნიკოლა სანიმ, რომელმაც გია ყანჩელის მუსიკის შესახებ ისაუბრა.
გია ყანჩელის ნაწარმოებები იტალიელმა მუსიკოსებმა, პიანისტმა ალესანდრო სტელამ და ფლეიტისტმა მაურო კონტიმ შეასრულეს.
კონცერტს, რომელზეც პირველად შესრულდა ფორტეპიანოსა და ფლეიტისთვის შექმნილი ნაწარმოები ‘Ninna Nanna per Anna’, ესწრებოდნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომის კურიის წევრები და სხვა სტუმრები.











