12
Jun
2019

Gianti Logistics – მძიმე და არაგაბარიტული ტვირთების გადამზიდავი კომპანია

12 Jun 2019

Gianti Logistics დავით ტუღუშისა და გიორგი იდუკაშვილის მიერ შექმნილი გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სივრცეში ეწევა მძიმე და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას. კომპანია 2005 წელს დაარსდა და მას შემდეგ განვითარებაზეა ორიენტირებული, რასაც საქართველოს და ახლა უკვე მის საზღვრებს გარეთაც ოფისების რაოდენობის ზრდა ამტკიცებს. კომპანიის შესახებ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით ტუღუშს გავესაუბრეთ:

M: რა მიმართულების კომპანიაა Gianti Logistics?

2005 წელს მე და ჩემმა პარტნიორმა – გიორგი იდუკაშვილმა დავაარსეთ ეს კომპანია. Gianti Logistics არის სატრანსპორტო კომპანია, ვეწევით როგორც საერთაშორისო გადაზიდვებს, ისე – შიდა გადაზიდვებსაც. გვაქვს ოფისები თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთში, ახლახან გავხსენით ბაქოში და გვყავს წარმომადგენლობა ბათუმში. ასევე, გვყავს საკუთარი ავტოტრანსპორტი, როგორც გაბარიტული ტვირთების გადასაზიდად, ასევე არაგაბარიტული ტვირთების გადასაზიდადაც.

M: როგორ დაიწყო კომპანიის ისტორია?

მე და ჩემი პარტნიორი ვმუშაობდით სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც დაკავებული იყო ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენზე. როგორც კი ეს პროექტი მორჩა, აღმოჩნდა, რომ კომპანია იშლებოდა. გაგვიჩნდა იდეა, დაგვეარსებინა საკუთარი კომპანია, რადგანაც ამ დროისთვის უკვე საკმარისი ცოდნა და ამბიცია გვქონდა ჩვენი კომპანიის შესაქმნელად. აქვე, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიყავით კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეორე ფაზის გადაზიდვებზე და ორი წლის განმავლობაში შევასრულეთ მთლიანი პროექტის 90%.

M: შემდეგ უკვე როგორ განვითარდა კომპანიის საქმიანობა?

თავიდანვე ორიენტირი აღებული გვქონდა არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვებზე. იმ პერიოდში საქართველოს ბაზარზე ოპერირებდნენ თურქული გადამზიდი კომპანიები. ქართულ კომპანიებს არ გააჩნდათ იმის რესურსი და ამბიცია, რომ არაგაბარიტული ტვირთები ეზიდათ. რადგან ჩვენ ამ თემასთან ახლოს ვიყავით და ვიცოდით ეს საქმე, ორიენტირი ავიღეთ არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვაზე. შემდეგ ნელ-ნელა ჩვენი ავტოპარკი გავზარდეთ და ისე გამოვიდა, რომ თურქული კომპანიები რამდენიმე წელიწადში აღარ ოპერირებდნენ ქართულ ბაზარზე – თავად დავიკავეთ ეს ადგილი. ამასთან ერთად, განვავითარეთ საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულება, გვაქვს საკუთარი საბაჟო ტერმინალი ფოთში, რომელიც მოიცავს როგორც ღია სასაწყობე მეურნეობას, ისე – დახურულს.

M: როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ სხვა მსგავსი კომპანიებისგან?

ბოლო წლებში ძალიან ბევრი კომპანია დაარსდა, რაც კარგია, რადგან იზრდება კონკურენცია და ნებისმიერი კონკურენცია ნებისმიერი კომპანიისთვის სასარგებლოა – ყველას ეძლევა სტიმული, რაც შეიძლება მეტი სიახლე შესთავაზოს მომხმარებელს. ჩვენი საინვესტიციო გარემოდან გამომდინარე, ბევრმა უცხოურმა კომპანიამ გახსნა ფილიალი საქართველოში, რაც აგრეთვე სასიხარულოა. არ ვუშინდებით კონკურენციას, რადგან გამოგვარჩევს ის, რომ ბაზარზე სატრანსპორტო კომპანიებს შორის დღესდღეობით ყველაზე დიდი მოცულობის ვართ. ვცდილობთ, ჩვენს თანამშრომლებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო რამდენიმე წელში თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების წილის მიხედვით ჩვენი კომპანია მოწინავე პოზიციაზეა უცვლელად.

M: რა სიახლეებია Gianti Logistics-ში?

სიახლე არის ის, რომ ვავითარებთ ფოთში ჩვენს კუთვნილ საბაჟო ტერმინალს. გავაკეთეთ დახურული სასაწყობე მეურნეობა, რაც აქამდე არ გვქონდა. თითქმის ერთ ჰექტარზე იყო ღია სასაწყობე მეურნეობა, რომელსაც ამჟამად ვაფართოებთ და აგვყავს ორ ჰექტარამდე. ვმუშაობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. თითქმის ყოველკვირეულად გვაქვს მათთან ურთიერთობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის პროექტი დაიძვრება და მალე საქართველოს ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც დღესდღეობით ძალიან გვაკლია.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარი შედარებით პატარაა, ჩემი აზრით, მივაღწიეთ იმ დონეს, რომ უნდა ვიფიქროთ უკვე სხვა ქვეყნებში განვითარებაზე. უკვე გავხსენით ბაქოში ოფისი, ავიყვანეთ თანამშრომლები და გვინდა, ეს ოფისი განვავითაროთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, ევროპის მიმართულებითაც განვვითარდეთ, პირველ რიგში, ბულგარეთზე გვაქვს ორიენტირი – გავხსნათ ოფისი, შევქმნათ ავტოპარკი. ასევე, გვაქვს გეგმაში შუა აზიის მიმართულებით განვითარება. ძალიან მიმზიდველი მიმართულება გახდა უზბეკეთი, ყაზახეთი.. დანარჩენს, რასაკვირველია, დრო გვაჩვენებს..

 

განხილვა