მოწყობილობა Giffer, დაახლოებით, 2 წელია არსებობს და მათ, ვისთვისაც მოძრავი კადრების აღბეჭდვა მნიშვნელოვანია, გიფებით ამარაგებს. ქართული ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ განვითარდა, ამ დროის განმავლობაში, თითოეული ჩვენგანი მას მრავალ ღონისძიებაზე შეხვდა და ის უკვე სცდება საქართველოს ფარგლებს. დაახლოებით, ერთი წელია, რაც „გიფერის“ მოწყობილობა ხელმისაწვდომია უკრაინულ ბაზარზე, ბრენდის შემქმნელების შემდეგი ნაბიჯები ყაზახეთსა და აზერბაიჯანთან მოლაპარაკების წარმოებაა, რომლის შედეგადაც, როგორც Giffer-ში აბობენ, მოწყობილობა მალე ამ ორი ქვეყნის ბაზარზეც გავა.

„უკრაინაში, ისევე, როგორც საქართველოში, ხელმისაწვდომია „გიფერი“, ქირავდება ღონისძიებებზე. ამჟამად, აქტიური მოლაპარაკება გვაქვს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან. კომპანიის სახით იქ ჯერ არ ვართ წარმოდგენლი, თუმცა, გეგმაში გვაქვს და სავარაუდოდ, მალე ვიქნებით. ერთი წელი ხდება, რაც უცხოურ ბაზარზე ვართ და ამ დროის განმავლობაში, უკრაინაში, 50-მდე ღონისძიებაზე იყო Giffer. საქართველოსთან შედარებით, ეს გაცილებით დიდი ბაზარია, რაც ბრენდის გავრცელებას ანელებს. ვფიქრობთ, უცხოური ბაზრის კვალობაზე, 50 ივენთი, დასაწყისისთვის, კარგი შედეგია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გვეხმარება უკრაინული მხარე, იქ ცალკე ოფისია, რომელიც ადგილობრივ ივენთებს Giffer-ით უზრუნველყოფს, თუმცა, ნებისმიერი ტექნიკური განახლება ჩვენგან ეგზავნებათ. აქტიურად ვთანამშრომლობთ აფდეითებზე, იქნება ეს ახალი მოწყობილობის დანერგვა თუ პროგრამული განახლება“. – Giffer-ის ერთ-ერთი შემქმნელი – გიორგი კონტუაძე.















