თანამედროვე ქალაქის რიტმში, სადაც დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, იდეალური საჩუქრის შერჩევა ხშირად სტრესულ პროცესად იქცევა. საცობები, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმოფანტული მაღაზიები და მუდმივი დილემა – ვიპოვით თუ არა იმ ერთ, გამორჩეულ ნივთს, რომელიც ადრესატს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს? სწორედ ამ გამოწვევამ და უნიკალური, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის სურვილმა გააერთიანა მეგობრები, ანა დათიაშვილი და მისი პარტნიორი, ახალი პლატფორმის შექმნის იდეის გარშემო.
ბაზარზე არსებული საჭიროებების ღრმა ანალიზმა და სურვილმა, შეექმნათ სივრცე, სადაც ხარისხი და კომფორტი ერთმანეთს ერწყმის, Gifthub-ის დაბადება განაპირობა. ეს არის ადგილი, რომელიც მომხმარებელს არჩევანის თავისუფლებას, დროის დაზოგვასა და, რაც მთავარია, ეროვნული პროდუქციის მხარდაჭერას სთავაზობს. როგორია Gifthub-ის კონცეფცია, რა გამოწვევებს პასუხობს ის და როგორია ქართული სტარტაპის სამომავლო გეგმები? – ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე პლატფორმის თანადამფუძნებელი სოფიო ხუნწარია გვესაუბრება.
M: როგორია Gifthub-ის ძირითადი კონცეფცია და რა ღირებულებას სთავაზობთ მომხმარებელს, რაც ბაზარზე გამოგარჩევთ?
ჩვენი მთავარი სათქმელი ორ სიტყვაში ეტევა: „მხოლოდ ქართული!“. Gifthub არის საჩუქრების ონლაინ ჰაბი, სადაც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის – იქნება ეს ჩვილი, მოზარდი, მეგობარი თუ ბებია-ბაბუა – შესაძლებელია სასურველი ნივთის პოვნა. თუმცა, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საჩუქარი მხოლოდ სხვისთვის არ არის. ჩვენი ფილოსოფიით, საკუთარი თავის განებივრება და „იმ ერთი, უნიკალური წამის“ შექმნა განსაკუთრებულ თარიღებს არ უნდა უკავშირდებოდეს. საჩუქარს მიზეზი არ სჭირდება.
რაც შეეხება სერვისს, ჩვენი მთავარი უპირატესობა სისწრაფე და მოქნილობაა. თბილისის მასშტაბით, შეკვეთას იმავე დღეს ვაბარებთ, ხოლო რეგიონებსა და საერთაშორისო მიწოდებას ფოსტის მეშვეობით ვფარავთ. განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი „სასაჩუქრე ნაკრების“ (Box) კონსტრუქტორით – მომხმარებელს შეუძლია თავად ააწყოს სასურველი კომპლექტი, დაურთოს მისალოცი ბარათი ტექსტით და ადრესატს პირდაპირ სახლში მიართვას. გარდა ამისა, გვაქვს უკვე მზა, თემატური ნაკრებებიც ყველა თაობისთვის.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიზუალური მხარე. შეფუთვა საჩუქრის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ სპეციალურად ჩვენთვის მხატვარმა მაია სუმბაძემ შექმნა დიზაინი ქალის, კაცის, ბავშვისა და საახალწლო ხაზისთვის. საბოლოო შტრიხი კი მაქმანებია, რაც შეფუთვას ერთდროულად ვინტაჟურ, ნოსტალგიურ და ტრენდულ იერს სძენს.

M: რა კატეგორიებს აერთიანებთ და ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?
პლატფორმაზე თითქმის ყველაფერია: კერამიკა, სამკაული, ტექსტილი, განათება, წიგნები, თავის მოვლის საშუალებები, საბავშვო აქსესუარები თუ სანთლები.
ჩვენი სამიზნე სეგმენტი კი ნებისმიერი ის ადამიანია, ვისაც უყვარს აღმოჩენები და ეძებს განსხვავებულ, მაღალი ხარისხის პროდუქტს. ეს არის მომხმარებელი, რომელსაც დროის დეფიციტი აქვს და ურჩევნია, მაღაზიებში სიარულის ნაცვლად, კომფორტულად შეიძინოს სასურველი ნივთი. და რაც მთავარია, ეს არის სეგმენტი, რომელსაც გააზრებული აქვს ეროვნული წარმოების წახალისების მნიშვნელობა.
M: რა გამოცდილება უმაგრებს ზურგს Gifthub-ის გუნდს და როგორ ეხმარება ეს პლატფორმის მართვაში?
მე და ანას სხვადასხვა პროდუქტებისა თუ პროექტების მართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. მართალია, ამ ტიპის პლატფორმას პირადად მე პირველად ვუდგავარ სათავეში, თუმცა ანას გამოცდილება და ჩვენი ერთობლივი, დიდი მონდომება გადამწყვეტია. ვენდორების მხარდაჭერითა და გუნდური მუშაობით, ვფიქრობ, ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გავართმევთ.

M: დღეისათვის, რამდენ ბრენდს აერთიანებთ და როგორია ვენდორებთან თანამშრომლობის პოლიტიკა?
ამ ეტაპზე, ერთ სივრცეში 200-მდე ქართული ბრენდია თავმოყრილი და ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი მეწარმისთვის, თუმცა გვაქვს ორი უმთავრესი კრიტერიუმი: პროდუქტი უნდა იყოს ქართული და აუცილებლად მაღალი ხარისხის.
ეს პროცესი ჩვენთვისაც აღმოჩენებითაა სავსე. ძალიან სასიამოვნოა, როცა ახალ, უნიკალურ ნივთებს პოულობ, ან როცა თავად მეწარმეები გვიკავშირდებიან თანამშრომლობის სურვილით. მადლიერები ვართ თითოეული პარტნიორის, ვინც გვენდო. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ პოპულარიზაციას, რადგან ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი – ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი მცირე წვლილი.

M: 6 თვეა, რაც ბაზარზე ოპერირებთ. როგორია Gifthub-ის განვითარების სტრატეგიული ხედვა?
დიახ, ჯერ მხოლოდ 6 თვეა, რაც ბაზარზე გამოვჩნდით. ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი ფეხზე მყარად დადგომა და საქართველოს ბაზრის სრულად მოცვაა. თუმცა, ამბიციები გაცილებით დიდია – სამომავლოდ ვგეგმავთ, ჩვენს ვენდორებთან ერთად გავიდეთ საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი მიზანია, ქართული პროდუქტი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მასიურად გახდეს ცნობილი და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი










