in

Gifts by GAMEZ – „გამეზას“ საჩუქრების მაღაზია

„ეს ბრენდი არის მეამბოხე, მაგრამ არ კარგავს ზომიერებას, უყვარს ექსპერიმენტები, მაშასადამე – აღმოჩენები“

„რა ვაჩუქო“, „სად ვიყიდო“, „როგორ ვიყიდო“? – ალბათ, პირველი ეს შეკითხვები „ამოგვიხტება“ ხოლმე თავში, როცა გაგვახსენდება, რომ ოჯახის წევრის, მეგობრის, ნათესავის, ან მეზობლის  დაბადების დღეა. და მერე იწყება – ფიქრი, ინტერნეტში ძებნა . . . „გამეზას“ (Gameza), იგივე George Gamez, თუ გნებავთ, გიორგი გამეზარდაშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს – მისი პროექტები და ნამუშევრები არაერთხელ გვიჩვენებია თქვენთვის. დღეს ბრენდზე Gifts by GAMEZ გიამბობთ, რომელიც იქნებ, დაბადების დღის, თუ სხვა მიზეზით ან საერთოდაც უმიზეზოდ, ვინმესთვის საჩუქრის შერჩევაში დაგეხმაროთ?!

bog
bog-mob

თავად ამბობს, რომ Gifts by GAMEZ მათთვისაა, ვისაც მარტივი და განსაკუთრებული, მხატვრული ღირებულების მქონე, გემოვნებიანი საჩუქრის შერჩევა სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვების, თუ დიდებისთვის.

„როდესაც იძენ Gifts By GaMeZ-ის ნებისმიერ ნამუშევარს, იძენ კრეატიულ განწყობას. ასეთი მუხტი კი აუცილებლად ტრანსფორმირდება ახალ შემოქმედებით იდეებში“. 

Gifts by GAMEZ-ს აქვს მაღაზია და შოურუმი Digital Lab-ში, შეგიძლიათ, ადგილზე მიხვიდეთ და ისე შეიძინოთ, ან „ონლაინ“ შეარჩიოთ და მიტანის სერვისით შეუკვეთოთ, საქართველოს სხვა ქალაქებშიც კი.

Gifts by GAMEZ-ზე, როგორც ბრენდზე, მის ღირებულებებსა და სამომავლო გეგმებზე თავად „გამეზა“ გიამბობთ.

Gameza და მისი სტრიტ არტი

„ამ სახელით ბრენდის შექმნა ძალიან სპეციფიკური 2020 წლის მიმდინარეობისას გადავწყვიტეთ. ნინა [ნინო ქუთათელაძე] და მე ხშირად ვაკეთებთ ერთობლივ პროექტებს,რომლებიც ძირითადად, მაინც საჩუქრებს უკავშირდებოდა. ბოლოს, იმდენი განსხვავებული საჩუქარი და სასაჩუქრე იდეა დაგროვდა, უბრალოდ საჭირო გახდა გამაერთიანებელი სახელის მოფიქრება. ყოველი პროდუქტის საწყისი – მხატვრული კონცეფტია, რასაც მე ვქმნი და სრულ არტ-მიმართულებას ვუძღვები, მარტივი და გასაგები სახელი Gifts By GaMeZ აღმოჩნდა. მხატვრული ნაწილის გარდა, გრანდიოზული ტექნიკური საქმიანობაა, მენეჯმენტი, ბეჭდვა, კომუნიკაცია, რასაც ნინა შესაშური ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით მართავს“.

Gamez და ნინა

როგორი ბრენდია Gifts By GaMEZ? უფრო მეტი მოგვიყევი მის შესახებ. . .  

Gameza: Gifts By GaMEZ შეგვიძლია, შევადაროთ ბრძენს, რომელიც ძალზედ გამოცდილი და ფილოსოფიურია – მაგრამ ბავშვთან თვითონაც ბავშვივით ლაღი ხდება, ან პირიქით – პატარა ცელქი ბავშვია, რომელსაც შეუძლია, თავისზე ბევრად ასაკოვანი და გამოცდილი გააოცოს საკუთარი იდეებით. არის მეამბოხე, მაგრამ არ კარგავს ზომიერებას, უყვარს ექსპერიმენტები, მაშასადამე –  აღმოჩენები. აღმოჩენების გზაზე, ზოგჯერ, დროს უსწრებს ხოლმე, მომავლიდან აწმყოს აღქმა კი ჰოი, ერთიორად საინტერესოა. თითოეული პროდუქტი, გარდა თავისთავად სანახაობისა, რაღაცის შექმნისკენ გიბიძგებს. ეს სწორედ ის მუხტია, რაც George Gamez-ის ხელწერას მკვეთრად გამოარჩევს.

რა არჩევანი აქვს მომხმარებელს შენთან? 

Gifts By GaMeZ – არის სახალისო, მუდამ ახალი, კრეატიული, მხატვრული პროდუქციის შემქმნელი ბრენდი. ყოველი ექსპონატი იქმნება „გამეზას“ [George Gamez] შემოქმედებაზე დაფუძნებით. ეს არის მაღაზია, სადაც  საბავშვო ილუსტრირებული წიგნაკები, საწეპელა-სტიკერები, პოსტერები, ტილოზე ნაბეჭდი ნახატები, გასაფერადებელი კატალოგები, დეკორატიული სანათები, ორიგინალი ნახატები, მაისურები პრინტით, ჰუდები იყიდება. მრავალი სხვა ფერადი ატრიბუტიკა, გაფორმებული ილუსტრაციებით, ტექსტებით, დიზაინის სხვა ელემენტებით, ფანტაზიის და სიხარულის ფართოდ გასავრცელებლად.

Gifts By GaMeZ-ში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საბავშვო პროდუქციასო. ამაზეც მოგვიყევი . . . 

საჩუქრებში ძალიან მნიშვნელოვანია საბავშვო ხაზი, რომელიც ჩვენთან არის ინტერაქტივის და შემეცნების, ასევე იუმორის და სიმარტივის სინთეზი. მაგალითად, ერთ-ერთი პროდუქტია „კატალოგინი“ – გასაფერადებელი „არტ ბუქი“, საკარანტინო პერიოდის ნამდვილი მარგალიტი, შავ-თეთრი გრაფიკული ილუსტრაციებით აღსავსე „ჟურნალი“, სადაც შეხვდებით, ფიროსმანს, დენის როდმანს, კუპატას, სუმოისტს თუ ფეხბურთელს. უამრავ პერსონაჟს, სპორტსმენს, ცხოველს, ათასგვარ ამოუცნობ ობიექტს. „კატალოგინში“ მომხმარებელს შეუძლია. ავტორთან კოლაბორაცია, არსებული ილუსტრაციების შევსება, ტექსტების ჩაწერა, „ონლაინ“ გაზიარება, ჰეშთეგით –  #კატალოგინი. გვაქვს საბავშვო წიგნაკი MAXისტორიები – 10 წლამდე ბიჭის რეალურ ამბებზე შექმნილი მინი-წიგნაკი , რომელსაც მოჰყვება ფრაზებიანი სტიკერების სერია, მათი წიგნაკში ჩაკრობით შეიქმნება კომიქსი. ბავშვს შეუძლია, ისწავლოს ტექსტის და ილუსტრაციის დაკავშირება, ის ხდება კომიქსის თანაავტორი. MAXისტორიები 10-12 წლამდე მოზარდებისთვისაა. უფრო პატარებისთვის გვაქვს ანბანი-ილუსტრაცია, დასათვალიერებელ-გასაფერადებელი, რომ დააკვირდნენ განსხვავებებს, ფორმატებსა და აწყობის სტილში, გაიაზრონ მასშტაბი, პერსონაჟთა ხასიათები, ფერის, ხაზის ურთიერთქმედება. ხატვით დაინტერესებული ბავშვებისთვის, მგონია, რომ [ძალზედ] საინტერესო იქნება ამ პროცესში ჩართვა.

როგორც ვნახე, „გამეზას“ საჩუქრებს თან ახლავს და საერთოდ, შენს არტში ძალიან აქტიურად იყენებ ქართულ სიტყვებს, ფრაზებს, სახასიათო პერსონაჟებს, გრაფიკული დეტალებს. ესენი საიდან გაჩნდა? 

„ფრთიანი“ [ან უფრთო] ფრაზები – ჩემი „არტის“ მუდმივი თანმდევია, ხშირად კომიქსის ჟანრში ვხატავ, აგრეთვე სხვადასხვა თემატიკის პოსტერებს თუ ილუსტრაციებს ვამზადებ. პატარა ტექსტები სულ საჭიროა. „ნეიმინგითაც“ ვერთობი, სახელების და სლოგანების მოფიქრება დიდად აზარტული პროცესია. მაქვს სტიკერების ცალკე სერია, რომელიც შერწყმულია ფოტო დოკუმენტალისტიკასთან, კადრში რეალური ადამიანებია, ვისაც „კომიქს-ბაბლ“ სტიკერის ფონზე ვუღებ ფოტოს, სტიკერზე სხვადასხვა სალაპარაკო ფრაზებია, მარტივი, მეგობრული, იუმორისტული. გარდა ცოცხლად ფანტასტიკური ხალისისა, შესანიშნავი ფოტო არქივი რჩება ისტორიას.  ხშირად ვხატავთ ცხოველთა სახასიათო პერსონაჟებს, რეალურ თუ გამოგონილ ტიპაჟებს, არ ვცდილობთ მივყვეთ ერთ სტილს და მანერას, პირიქით – მუდმივი სიახლის ძიებაში ვათენებთ, ზოგჯერ ვაღამებთ კიდეც). ამ ყველაფრის ინსპირაცია მრავალი მხრიდან მოედინება – კედლის მხატვრობა, რაც Gamez-ას უმთავრესი პროფესიაა, საიუველირო სფერო [ვერცხლის სამკაულების ლიმიტირებული კოლექციები], წიგნის ილუსტრაცია, კომიქსი, კარიკატურა, ანიმაცია და სხვა მრავალი.

თავად როგორ ფიქრობ, Gifts by GAMEZ რითია სხვა gift shop-ებისგან გამორჩეული? 

ჩვენი ბრენდის უპირველესი მახასიათებელი – საავტორო, ორიგინალური იდეები და გამორჩეული დიზაინია, არ არის შაბლონური და/ან გადმოკოპირებული. გვაქვს ლიმიტირებული გამოცემები და ხშირად განახლებადი. სტილი, თემატიკა, ვიზუალი, ფუნქციონალურობა, ასაკის შეუზღუდავად, პატარას თუ დიდს, ერთნაირად ახალისებს. ჩვენი სლოგანია „For YOU“ [რომელიც ახლა, ამ მომენტში მოვიგონე], ანუ ვის ხელშიც აღმოჩნდება „გამეზას საჩუქარი“ – სწორედ მისთვისაა შექმნილი. არ უნდა გამოგვრჩეს თანამედროვეობა: Gifts By GaMeZ ისეთივე სინქრონულია დროსთან მიმართებაში, როგორც თავად „გამეზას“ არტი. რაც ბუნებრივია, რადგან პროდუქციის ინსპირაცია სწორედ ამ პროცესის კვალდაკვალ ჩნდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი, შექმნის მომენტიდან. ატარებს საქველმოქმედო ფუნქციას – ყოველი გაყიდული პროდუქტის ღირებულებიდან ნაწილი გროვდება სპეციალურ ანგარიშზე, პერიოდულად საქველმოქმედო აქტივობების განსახორციელებლად, ძირითადად, საბავშვო მიმართულებით. პირველი ასეთი აქტივობა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

სამომავლოდ რას გეგმავ?

სამომავლოდ, ქართული რეალობისთვის მეტი სიახლის შექმნას ვაპირებთ. საზღვარგარეთ მიწოდების სერვისზეც ვმუშაობთ, არტს ხომ საზღვრები არ აქვს – ის თავისუფალია.

 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა

Glovo მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს