in

Potential in Action! ბრენდ GIG-ის ახალი სიცოცხლე

„ჰოლი მოტორსისთვის” და შოთა ჩინჩალაძისთვის ბრენდებზე ერთობლივი წარმატებული მუშაობა უცხო არ არის. ყოველი მორიგი პროექტი ახალი გამოწვევა და ცალკე ისტორიაა. მით უმეტეს, თუ ბრენდი, უკვე სამ დეკადას ითვლის და არა ერთ, არამედ მრავალ ინდუსტრიას აერთიანებს.

ამჯერად, ბრენდის ახალი იდენტობა „ჯიაიჯისთვის” (GIG), მულტიინდუსტრიული ჰოლდინგისთვის შეიქმნა, რომელიც 12-ზე მეტ ინდუსტრიას მოიცავს და 10 000-ზე მეტი გუნდის წევრით, 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მხოლოდ ეს მონაცემებიც საკმარისია იმისათვის, თუ რამდენად საინტერესო იქნებოდა კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის „ჯიაიჯის” რებრენდინგზე მუშაობა.

დავალება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. საჭირო იყო სრული კონცეფციისა და ვიზუალური იდენტობის შეცვლა, რომელიც შეინარჩუნებდა ბრენდის მრავალწლიან თვითმყოფადობას და შექმნიდა ახალს. თუმცა, როდესაც კოლაბორაციას საინტერესო ადამიანები ქმნიან, ყველაფერი შესაძლებელია.

ჩვენი ინტერვიუს ორივე რესპოდენტს Marketer.ge-ს მკითხველი კარგად იცნობს.

შოთა ჩინჩალაძე, ბრენდსტრატეგი:

ის, რასაც ჯიაიჯი 30 წლის განმავლობაში აკეთებდა, თვითნაბადი იყო და საჭიროებდა სტრუქტურიზებასა და სწორი სახელების დარქმევას. ჩვენი დავალებაც ეს იყო – დაგვეზუსტებინა ის, რაც ხდება ბრენდის შიგნით და მომზადებულიყო ეს ყველაფერი შიდა და გარე აუდიტორიასთან, ასევე, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან გასატანად.

ამ პროექტის ფარგლებში, სტრატეგიასთან ერთად ვიზუალურ ნაწილზეც ვიმუშავეთ და კრეატიული პროცესის მთელი ხიბლი ის იყო, რომ ორგანიზაციის ტოპმენეჯმენტი სრულად ჩაერთო თანამშრომლობაში და ყველანი ერთად ვმუშაობდით რებრენდინგზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამოცანა იყო კონსულტაცია ბრენდის სტრატეგიის მიმართულებით, საერთო ნაშრომი გამოგვივიდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რებრენდინგის ჩაშვებისა და კომუნიკაციის ნაწილშიც, რადგან ტოპმენეჯმენტი სრულად ჩახედული იყო ყველა დეტალში და იცოდა, რას და რატომ ვაკეთებდით.

აქვე, მინდა აღვნიშნო „ჰოლი მოტორსთან” ურთიერთობა, რომელმაც, როგორც ყოველთვის შეძლო და გააცოცხლა ყველაფერი, რაც სტრატეგიის ნაწილში ჩავაქსოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ნაწილზე პარალელურ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, მოვახერხეთ და ყველამ ერთად, საბოლოოდ, ერთიანი პროდუქტი შევკარით”.

ვიზუალური ნაწილის შექმნაზე თავის კომენტარს გიორგი ავალიანი, Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი აკეთებს:

ვიზუალური იდენტობის განახლება ბრენდისთვის 30-წლიანი ისტორიით, გაცილებით დელიკატური პროცესია, ვიდრე მისი 0-დან შექმნა. ჯიაიჯის გუნდსა და ბრენდის სტრატეგიულ კონსულტანტთან, შოთა ჩინჩალაძესთან ერთად მიზნად კომპანიის მთავარი ღირებულებების – მუდმივი მოძრაობისა და მრავალი ნაწილის ერთიანი მუშაობის თვალსაჩინოდ გადმოცემა დავისახეთ, არსებული ვიზუალური მემკვიდრეობის გათვალისწინებით. ახალი იდენტობის საწყისი ნაპერწკალი სწორედ 30 წლის წინ შექმნილ სიმბოლოში ვიპოვეთ და შევუცვალეთ ფორმა და კონტექსტი, გადავაქციეთ დინამიკურ სისტემად, რომელიც ჯიაიჯის უამრავ წამოწყებას ერთ ხასიათში აქცევს. ახალი დიზაინის სისტემა ლოგიკური ევოლუციაა ბრენდის ისტორიაში და მისი სტრატეგიული ჩანაფიქრის ვიზუალური განსხეულება – მოქმედებაში მოყვანილი პოტენციალი”.

30 წლის იუბილე მულტიინდუსტრიულმა ჰოლდინგმა ახალი ბრენდიდენტობით, ლოგოთი და სლოგანით აღნიშნა. ახალი ხედვა და ღირებულებები სრულიად ავთენტურია კომპანიისთვის და მუდმივი მოძრაობისკენაა მიმართული.

როგორ უნდა ადაპტირდნენ საერთაშორისო კომპანიები, ადგილობრივი წესების დაცვა რომ შეძლონ?

12 ოქტომბერს Jazz & Wine ფესტივალი ჯაზ მუსიკის მრავალფეროვან შემსრულებლებს უმასპინძლებს