in

მე დავიბადე მუდმივი ბრძოლისთვის – გიგა აბულაძე

გიგა აბულაძედიახ ბატონებო მე დავიბადე მუდმივი ბრძოლისთვის!.. ბრძოლისთვის მეპოვნა სიმშვიდე ამ ქვეყნიურ ქაოსში. ბრძოლისთვის საკუთარ თავთან, სინამდვილესთან, სურვილთან… ეს უკანასკნელი ყველაზე დაუძინებელი მტერი გახდა ჩემთვის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ადამიანის ცხოვრება ბრძოლაა, ყველა საკუთარ წილ ცრემლს და სისხლს ღვრის ბრძოლის ამ ველზე. ზოგი ღირსეული და წარმატებული ასრულებს ომს, ზოგი თავმოყვარეობა შელახული და განადგურებული. მიზანი კი, თითქმის ყველასთვის ერთია – იცხოვროს შინაარსიანად და საინტერესოდ. ეს პირველი სურვილია,რაც მოდუნების საშუალებას არასოდეს მაძლევს,რაც მაძლიერებს. სურვილი – დავუმტკიცო სამყაროს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია მისი შინაგანი თვისებებით, მდგომარეობა და სტატუსი კი წარმატებას მოაქვს, წარმატება რომელიც თითქოს ასე მიუხწეველად გამოიყურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის.

სიმარტოვე – ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი მტერია ჩემთვის. მასთან შეჯახებისას იმდენად გამანადგურებელ დარტყმას ვიღებ, ოდნავ სუსტი რომ ვიყო, აუცილებლად დამამარცხებდა, მაგრამ მე ვიცი და ვამბობ:

– მე დავიბადე მუდმივი ბრძოლისთვის, ძლიერი სულით და ამ ბრძოლაში მე ვიქნები გამარჯვებული!..

მაგრამ, მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ იქნება საკმარისი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ არსებულ რეალობაზე, ყველამ ვინც გამოვიკეტეთ კარი სამყაროსგან, ვისაც არ გვეძლევა განათლების მიღების და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება რადგან, ყოველი ქუჩაში გამოსვლა უდიდესი გამოწვევაა ჩვენთვის.

ჯაჭვი

თითოეულ ადამიანს განურჩევლად ფიზიკური შესაძლებლობებისა შეუძლია რომ მიაღწიოს წარმატებას, ყველაფერი სურვილზე და საკუთარი პოტენციალის ამოქმედების უნარზეა დამოკიდებული. ჩვენივე დასამსხვრევია ჩვენს შესახებ არსებული ყოველი სტერეოტიპი და დოგმა რომელიც საზოგადოებამ შექმნა, ჩვენ კი ხელი შევუწყვეთ ჩვენი კარჩაკეტილობით, ყველამ სათითაოდ უნდა ვიპოვოთ ჩვენი გზა საკუთარი დადებითი მხარეების უკეთ წარმოსაჩენად, რომელსაც ასე ჩრდილს აყენებს ფართო საზოგადოებაში მყარად გამჯდარი დამოკიდებულებები…

ვფიქრობ, არც თუ ისე ძნელია რომ ყველას დავანახოთ – განვითარებისთვის არ არსებობს არავითარი შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს სულ ცოტათი მეტი საჭიროებები, ამ ყველაფრის ახსნა ზოგჯერ არ არის ადვილი მაგრამ, სირთულეები ქმნის მოტივაციას, რომელიც მაქსიმალურად უნდა იქნას მიმართული ზოგად განათლებასა და კონკრეტული პროფესიების ათვისებისაკენ! ახლა არ არის 1995 წელი როდესაც სრულფასოვანი განათლების მიღება და დასაქმება წარმოუდგენელი იყო შ.შ.მ. პირებისთვის, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები გვაძლევს ყველას თავის გამოჩენის საშუალებას. მთავარია რომ განათლება ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ყველა ფენისთვის, პირველ რიგში ონლაინ კურსებით, სამოქალაქო სერვისების ხელმისაწვდომობით, ტრანსპორტის ყველასთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით.

ბრძოლა

ცხოვრებაში არსებობს ორი ძირითადი არჩევანი: შეეგუო არსებულ რეალობას, ან იბრძოლო უკეთესი მომავლისთვის, მაქვს იმედი რომ ეს სტატია შეძლებს შ.შ.მ. პირების მეტად გააქტიურებას და ასევე გააჩენს არსებულზე უფრო ხელმისაწვდომ საშუალებებს განათლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის, მათთვის ვისაც ამისთვის აქვთ ყველაფერი მაგრამ სათანადოდ არ ეწყობათ ხელი…

ასევე, ძალიან კარგი იქნებოდა მსხვილი კომპანიები გაბედულად თუ დაასაქმებენ შ.შ.მ. პირებს! არამხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე მორგებული დისტანციური დასაქმებით, არამედ მათი მისწრაფების მიხედვით, პრიორიტეტად ნუ ავიღებთ ფიზიკურად ვის რისი გაკეთება შეუძლია, არამედ როგორც ყველა სხვა თანამშრომლებს, ვის რა მისწრაფება გვაქვს! ეს იქნება ქმედება რომელიც წაადგება პირველ რიგში მათ ბრენდს, გამოიწვევს დადებით ემოციას მომხმარებლებში. თანაც კარგია როდესაც კომპანიაში გყავს ხალხი რომლებსაც ძალიან სურთ დასაქმება და თვითრეალიზაცია, სწორედ ასეთ უკიდურესად მოტივირებულ ხალხს შეუძლია წარმატების მოტანა კომპანიისთვის!

ავტორი: გიგა აბულაძე ( https://www.facebook.com/Dreammer1989)



VIVUS.GE – თუ სანდოობას აფასებ

„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო აქცია საავტომობილო ზეთებზე, ავტოსათადარიგო ნაწილებზე და სერვისზე.