ქართველი გეიმერებისთვის EA Sports-მა სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა, მათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშში “UFC 4” ქართველი მებრძოლი გამოჩნდა, დიახ, ვინც ამ თამაშში ხართ ჩართული და ბოლო განახლებაც გააკეთეთ, უკვე გიგა ჭიკაძით ასპარეზობასაც შეძლებთ.
აღნიშნული ინფორმაცია ინსტაგრამის გვერდით თავად გიგა ჭიკაძემ გაავრცელა:“უკვე შეგიძლიათ გიგა ქიქის UFC 4-ში გამოყენება, ეს ჩემი ოცნება იყო!”
ვიდეოთამაშში მებრძოლთა რაოდენობა ლიმიტირებულია, ის არ გავს სხვა სპორტულ ვიდეო თამაშებს და სიმულატორებს, აქ კონკრეტული რაოდენობის მებრძოლებია და პერიოდულად განახლებებზე ახალი სახეებიც ჩნდება, სწორედ ასეთი იყო ბოლო განახლება, სადაც ორი მებრძოლი გამოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი ჭიკაძეა.
ქართველი საკმაოდ კონკურენტუნარიანი და კარგი მონაცემების მქონე მებრძოლია, სტრაიკინგი 5-დან 4.5 ვარსკლავი, გამძლეობა ასევე 4.5 ვარსკლავი, ხოლო გრეპლინგი 3.5 ვარსკლავი – საშუალოდ 5-დან 4 ვარსკლავი.
დეტალებზე, თავად გიგას გავესაუბრეთ.
რას ნიშნავს შენთვის UFC-ის სიმულატორში გამოჩენა?
ძალიან ბედნიერი და გახარებულ ვარ, ოცნების ახდენას გავს ეს ყველაფერი. მთლიანი სამუშაო პროცესი უზომოდ საინტერესო იყო, EA-სთან თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილებად შეიძლება ჩავთვალო. განახლების შემდეგ თამაშში როგორც კი დამამატეს, მაშინვე რა თქმა უნდა ჩემი თავი ავირჩიე და ელვინ კატართან რემატჩი ვითამაშე. განსაკუთრებული ემოციაა როდესაც ჩემს შვილს ვხედავ, რომელსაც კომპიუტერული თამაშები ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი UFC-ის სიმულატორი, განახლების შემდეგ მებრძოლად სულ მამას ირჩევს და თამაშობს.
როგორ მოგწონს თამაშში შენი მონაცემები?
საკმაოდ მაღალი მონაცემები მაქვს და კარგად ვარ წარმოდგენილი. მონაცემების გარდა მოძრაობები ძალიან რეალურია და გავს ნამდვილს, ასევე ადგილზეა “Giga Kick” რომელიც უკვე თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
როგორია ამჟამად გიგას მდგომარეობა და სამომავლო გეგმები?
სარეაბილიტაციო ეტაპები წარმატებით მიმდინარეობს, ერთი ოპერაციის ჩატარებაც მომიწია, ექიმები ამბობენ რომ აღდგენა სწრაფად და კარგი ტემპით მიმდინარეობს. არ მინდა ვიჩქარო, მინდა ბოლომდე გამოვჯანმრთელდე და აღვიდგინო ძალები. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და Marketer-ის მეშვეობით ყველა ჩემს გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა, მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგაც ვგრძნობდი, მადლობა თითოეულ თქვენგანს, ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.