in

რა გვასწავლა 2017-მა წელმა? – გიგა ხატიაშვილის #აზრები

M2

დილის სატელეფონო ზარი და ჩემი მეგობარი ზაზა „სახაშე დროს“ მთხოვს საკუთარი სასმელის დაგემოვნებას, არაუშავს?! რა თქმა უნდა, მას უარი ვერ ვუთხარი და კვირა დღის ნაშუადღევს, დაგემოვნებაც დავგეგმეთ. თავად ავტორმა, სასმელი, როგორც თაფლის არაყი წარმოადგინა, რის შემდეგაც, სავსე ჭიქით ხელში, უარის თქმა გადავწყვიტე, პრინციპულად – არ ვსვამ არაყს! ხვეწნა-მუდარის შემდეგ, სასმისს პირი დავადე…

პირველი რაც აღმოვაჩინე – ეს საამო სასმელი სულაც არ ყოფილა არაყი, აღმოჩნდა, რომ ეს საავტორო რეცეპტი დაღვინებული 4 სხვადასხვა, საკუთარი თაფლისგან გამოხდილი დისტილატების ნაზავია (ბლენდი).

დაგემოვნების შემდეგ, ზაზამ საკუთრი წინადადებაც გამიჟღერა: „რას გამომართმევ ბრენდინგსა და გაფორმებაში? ან, კეთილი იყოს ამ საქმეში შენი თანამონაწილეობა.” მეგობართან საერთო ბიზნესის კეთების არაერთი მწარე მაგალითია ჩემს ბიოგრაფიაში… პრინციპი N1 არ გარიო მეგობარი ბიზნესში.

სასმელის ორგანოლეპტიკამ ისე მომხიბლა, რომ 2017 წლის 21 ივნისს, შპს. „სუბკულტურის” რეგისტრაციისათვის, იუსტიციის სახლში მივეშურეთ.

როგორც მიხვდით, მე ამ პროდუქტის შეფუთვის თანამონაწილე გავხდი. პირველ რიგში, როგორც სტუ-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, „ბოროტად” გამოვიყენე ჩემი თანამდებობა და სასმელის ქიმიური შემადგენლობის გამოსაკვლევად, აგრარული ფაკულტეტის თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიას მივმართე. მალე გასაოცარი პასუხიც მივიღეთ – აღმოჩნდა, რომ სტანდარტით დადგენილი მავნე ნივთიერებების ზედა ზღვარამდე ერთი მათემატიკური ხარისხი გვრჩება (ზღვარი 0.08 | ჩვენ 0.003). ერთი სიტყვით, ახლოს ვართ აბსოლუტური სიწმინდის მაჩვენებლებთან.

დადგა დრო, გავასინჯოთ სასმელი ალკოჰოლური ინდუსტრიის ავტორიტეტებსა და უბრალოდ გურმანებს. პირველ რიგში, როგორც ვისკის გამოცდილმა ენთუზიასტმა შესაფერისი სასმელის ძებნა დავიწყე.ზაზას მიერ დადგენილა, რომ ჩვენი პროდუქტის დაგემოვნების საუკეთესო ტემპერატურა 23-25°C-ია. პირველი რაც მკაფიოდ არის გამოკვეთილი — არომატიკაა, ამან განაპირობა ორი ტიპის სასმისის გამოყენება – ბორდო/შირა და ტიტისებური გლენქიორნი.

სასმელი პროდუქტის ბრენდინგმა უზარმაზარი სიამოვნება მოგვანიჭა. პროცესი უაღრესად გულწრფელად იქნა გამართული, პროფესიონალურმა თუ სამოყვარულო დაჭაშნიკებამ პროდუქტს უმაღლესი შეფასება მოუტანა. ყველამ ცალსახად აღნიშნა თაფლის სურნელისა და ალკოჰოლის ბალანსი, რაც შემდგომში, ჩვენი პროდუქტის ბრენდის დაპირებად გადაიქცა — „კეთილშობილი ნედლეულის კეთილშობილი სული”.

სულ მალე, მუშაობა სახელწოდებაზე დავიწყეთ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, „მიდამო” გახლავთ ჩვენი სასმელის სავაჭრო სახელწოდება. დიახ, მიდამო, 4 სხვადასხვა რეგიონში მოპოვებული ნატურალური თაფლისგან გამოხდილი პროდუქტია. აღსანიშნავია, რომ „მიდამოს” ორგანოლეპტიკა პირდაპირ დამოკიდებულია მომპოვებელი ფუტკრის ჯიშზე, მოპოვების კარ-მიდამოზე, ყვავილზე, თაფლის დაღვინებაზე, დისტილერიაზე, წყალსა და კუპაჟირების პროპორციაზე. (სხვათა შორის, თუ იცოდით, რომ უძველესი თაფლი საქართველოში იქნა ნაპოვნი და ჩვენ ყურძნის ვაზთან ერთად ენდემური ჯიშის ფუტკარიც გვყოლია?!)

რა საჭიროა პროდუქტი, რომელსაც სათანადო შეფუთვის შემდეგ, რეალიზაციაში არ გაუშვებ?! სახლიდან შორს არ წავსულვარ და რადგანაც, პროდუქტი თავიდან ბოლომდე ქართულია პირველი და ძალიან წარმატებული შეთავაზება საავტორო სამზარეულოს რესტორან „ბარბარესთან” გავუკეთეთ. რესტორნის თანამშრომლებს პროდუქტი თავად მე და ზაზამ გავაცანით, თავიდან ბოლომდე გავუზიარეთ, როგორც მეფუტკრეობის სამეურნეო, აგრეთვე, არყისა და ჭაჭისგან განსხვავებული დისტილაციის პრინციპები. „ბარბარე ჯორჯაძის” სამზარეულოს მერე, კარი სასტუმრო „რუმსმაც” გაგვიღო. დეკემბრის თვიდან, „მიდამოს” მანდ, მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმარს სთავაზობენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ვაპირებთ, პროდუქტის შეფუთვის გაუმჯობესებას და პრემიალური სეგმენტის არამხოლოდ შინაარსობრივ, არამედ ესთეტიურ-ჰედონისტურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.

12000 ლიტრი არის ჩვენი მაქსიმალური წლიური წარმადობის პოტენციალი, თუმცა, წელს დაგეგმილი 5000 ლიტრის ნაცვლად, გვალვიანი ზაფხული გამო, მხოლოდ 2000 ლიტრზე გავედით. ამ პრობლემამ განაპირობა ჩვენი პროდუქტის ფასწარმოების პრინციპიც „მეტი მოსავალი/ნაკლები ფასი, ნაკლები მოსავალი/მეტი ფასი.”ასე რომ, ბოთლზე დატანილი თაფლის მოსავლის წელი საკმაოდ ინფორმატიული და ფუნქციონალური ელემენტია. მიუხედავად 4 თვიანი გაყიდვების ისტორიისა, გამოჩნდნენ მიდამოს იმპორტირების მსურველები ევროპიდან, რამაც გაგვიჩინა ადგილობრივი ბაზრიდან „ჯერ კიდევ არშემოსული” პროდუქტის წასვლის ცდუნება. დრო და ქართველი დამკვეთი(!) გვანახებს დავრჩებით თუ არა ადგილობრივ ბაზარზე.

ასე დავარღვიე ჩემი N1 პრინციპი და მეგობართან ერთად შემოქმედებით სავსე, ახალი საქმეც წამოვიწყე. ჩვენი ურთიერთობაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

„სატელევიზიო ინდუსტრიას განვითარება სჭირდება. . . ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი ძალა“

ქაჯეთის ციხე და მეომრები „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებით – ULTRA-ს ხის სათამაშო პატარებისთვის