in ,

“ყოველი დღე ერთი სიტყვა-ნიშანი” – დიზაინერ გიგა ხატიაშვილის სპონტანურად დაწყებული პროექტი

გიგა ხატიაშვილი
გიგა ხატიაშვილი

გიგა ხატიაშვილი დიზაინერი და რეკლამის სპეციალისტია. ქართული ანბანისა და კალიგრაფიის გულშემატკივარმა სიტყვა-ნიშნების სერია წამოიწყო და ხელით ნახატი სიტყვების მშვენიერი კოლექცია შექმნა. „ყოველი დღე ერთი სიტყვა-ნიშანი,“ – ასე ჰქვია მის პირად პროექტს, რომელსაც საკუთარი სიამოვნებისა და ქართული დამწერლობის პოპულარიზაციისათვის ქმნის. სიტყვა-ნიშნების სერიის წამოწყების, მისი მნიშვნელობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, უფრო მეტს თავად გიგასგან შეიტყობთ.

 

 

 

M: მოგვიყევით თქვენ შესახებ.

1997 წლიდან ვარ სარეკლამო სფეროში. ვარ არაერთი წარმატებული ქართული ბრენდისა და შრიფტის ავტორი; 2013 წლიდან სტუ-სთან არსებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი, ლექტორი და “ჩვენი სკოლის” სწავლების ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი. პროექტს რაც შეეხება, ამ მიდგომას ჩემს პრაქტიკაში სხვადასხვა ბრენდების გრაფიკული აიდენტიკის შექმნის პროცესში 1997 წლიდან ვიყენებ, მაგალითად ისეთების, როგორიცაა „ლაი-ლაი“, “ჯეოსელის ჯაზ-ფესტივალი”, „ბუ ჰოლდინგი“…

M: როგორ გაჩნდა პროექტის წამოწყების იდეა?

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ, ქართველებს, საკუთარი დამწერლობა გვაქვს, გრაფიკაში უკიდურესად დასავლური ორიენტაცია ავიღეთ და საკუთარ საგანძურს ყურადღება მოვაკელით. მე ჩვენი ფესვებისა და წიაღის გახსენება მოვინდომე და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ჩემებური ანბანთქება. გარდა ამისა, დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ საზოგადოებაში ძალიან სუსტადაა განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, რაც, საბოლოო ჯამში, ვიზუალურ კომუნიკაციას უშლის ხელს. ეს სსრკ-ის რკინის ფარდის 70-წლიანი კვალია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, შემექმნა დიდაქტიკური სერია: „ყოველ დღე ერთი სიტყვა – ნიშანი © “. კალიგრაფიული კომპოზიციების ზოგადი მოყვანილობა საკმაოდ რთულია, თუმცა, ვცდილობ, მაქსიმალურად მივაახლოვო გრაფიკული ლაქა/მონახაზი სიტყვის არსს.

M: როდის დაიწყეთ პროექტი და რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?

პროექტი დაიწყო 2016 წლის მარტის დასაწყისში ემოციურად და სპონტანურად. დილის საათებში ძალიან შემაწუხა კოღომ და ამის ნიადაგზე გაჩნდა პირველი ნამუშევარი, სიტყვა-ნიშანი „კოღო“. ზოგადად, ნებისმიერი ჩემი სიტყვა-ნიშანი იბადება კონკრეტულ ემოციურ ნიადაგზე და ყველა ნამუშევარი გულიდან ამოსულია.

კოღო

M: რა სირთულეს უკავშრდება ნამუშევრების შექმნა?

ნამუშევრების შექმნისას სირთულეები არ შემხვედრია, ვინაიდან აბსტრაქტული აზროვნება ყოველთვის საკმაოდ განვითარებული მქონდა და ნამუშევრიდან ნამუშევრამდე ხელიც გაიწაფა. 20 წლის მანძილზე, ჩემ მიერ შესრულებულ თითქმის ყველა ნიშანში, დამკვეთთან წარდგენილი პრეზენტაციის დროს, ერთ-ერთ ვარიანტად ყოველთვის იყო სიტყვა-ნიშანი.

M: რით განსხვავდება თქვენი ნამუშევრები სხვა დიზაინერების ნამუშევრებისგან?

თუკი უმეტესობა ციფრულ სამყაროში გადადის და ხელით მუშაობას ივიწყებს, მე პირიქით, ხელით მუშაობას დავუბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ გრაფიკულ პროგრამას ვფლობ. ჩემს არსენალში ორად-ორი იარაღია: კალამი და ქაღალდი.

მეორეა ის, რომ ამ მიდგომას 1999 წლიდან ვიყენებ. რა თქმა უნდა, არსებული ხერხის გამოყენებაში მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, უბრალოდ, ქართული ანბანისა და დამწერლობის დიდი გულშემატკივარი და ქომაგი გახლავართ.

ვასა

M: რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?

ასეთი არაერთია. გამოვარჩევდი 10 საუკეთესოს: კოღო, რძე, ცეკვა, ავი, ფრთა, მუზა, ოჯალეში, კაჭიჭი, 9 აპრილი და ვასა. „ვასა“ ხომალდია, რომელიც სტოქჰოლმის მუზეუმში ვნახე და მისმა ისტორიამ საკმაოდ დიდი ხნით ჩამაფიქრა.

M: არის ისეთი ნამუშევრები, რომლებიც არ გამოგიქვეყნებიათ?

არ გამომიქვეყნებია ერთ-ერთი ყველაზე ბილწი ქართული სიტყვა, რომელიც მუდამ მაღიზიანებდა და რომელიც ხშირად გვხვდება ჩვენს კედლებზე, ღობეებზე, საპირფარეშოებში და ა.შ. ყოველთვის მაღიზიანებდა, რა ხერხითაც იწერებოდა, თუ იხატებოდა და ის, თუ რა არადაკვირვებულები ვართ ადამიანები და რა პრიმიტიულად ვხედავთ სხეულის ამა თუ იმ ნაწილებს.
მზე

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

პირველ რიგში, როგორც კი სერია დასრულდება და 366 ნამუშევარი დამიგროვდება, მინდა ჩემი პერსონალური, პირველი და სავარაუდოდ, უკანასკნალი გამოფენა გავაკეთო. არასდროს მქონია გამოფენების ამბიცია, თუმცა, ამ შემთხვევაში, პირველ პლანზე ჩვენი ქართული დამწერლობა და კალიგრაფიაა.

მეორე არის, რომ გამოფენის შემდეგ, მინდა მოვახდინო საშუალო სკოლებში კალიგრაფიისა და სუფთა წერის გაკვეთილების დაბრუნების ინიცირება. მინდა, ზოგადად, ქვეყნის, კულტურისა და დამწერლობის პატივისცემა წერის სიყვარულში გამოიხატებოდეს.

ასევე, მინდა ახალ ზოოპარკში გავაკეთო გრაფიკული პანო ბავშვებისთვის, რომელზეც ფლორისა და ფაუნის თემატიკის ჩემს ნამუშევრებს განვათავსებ.

 

“ზედიზედ მეორედ გამარჯვება მართლაც დიდებული ამბავია” – Leavingstone-ში უკვე მეორე ლომმა დაიდო ბინა

Samsung Galaxy Note 7 უახლესი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა