in

გუშინ რეკლამისტი, დღეს ანტირეკლამისტი – გიგა ხატიაშვილის ამბავი

დღეს ჩვენი მთავარი პერსონაჟი გიგა ხატიაშვილია. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, შემოქმედებით ინდუსტრიაში, ვინც მას, როგორც გრაფიკულ დიზაინერს არ იცნობს. ბევრმა ვისკის კლუბთან და ქუთაისის ელექტრომწარმოებელ ქარხანასთან თანამშრომლობაზეც იცის. ვიღაცისთვის, ამ ყველაფერთან ერთად, ლექტორი და მეწარმეა. მაგრამ ძალიან ცოტას ეცოდინება მისი არშემდგარი სამედიცინო განათლების, ფოტოგრაფიით თუ საოპერო ვოკალით გატაცების შესახებ. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული – მის ყველა მომდევნო საქმიანობას თუ გატაცებას წინა გამოცდილება უკავშირდება, ან უფრო მეტიც – ერთი მეორის ლოგიკური გაგრძელებაა. ამაში თქვენც რომ დარწმუნდეთ, ყველაფერს თავად მოგიყვებათ დაწვრილებით. რა პროექტზეც არ უნდა ესაუბროთ, ყოველთვის გეტყვით, რომ მთავარია, მის ნამუშევარს მოჰყვეს განვითარება და იყოს პრაქტიკული სხვებისთვის. ეს ინტერვიუც უფრო ლექციას ჰგავდა, შენთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებს რომ იღებ, თანაც პრაქტიკულს – ქუჩაში რამდენიმე აბრასთანაც გავჩერდით და მაღაზიების სახელებსა და შრიფტებზე მიხსნიდა, რომელი იყო კარგი და რატომ. რომ დავფიქრდი, ჩვენი, თითქმის, 3-საათიანი საუბარი ორ ნაწილად იყოფა – გიგა ხატიაშვილის მონოლოგი და დიალოგი გიგა ხატიაშვილთან. 

თავი I – მონოლოგი 

გიგა ხატიაშვილი: „1976 თუ 1977 წელია, მემართება „ჩუტყვავილა“. ამ დროს 3-4 წლის ვარ. ბაბუაჩემმა [ბორის ტროიანოვსკი], რომელიც სამხედრო ექიმი – რადიოლოგ-ტოქსიკოლოგი იყო, საკუთარ თავზე აიღო ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, უბნის პედიატრის დახმარებით. ავად რომ ვიყავი და არ მომეწყინა, ლოგინთან ახლოს განთავსებულ ბაბუას ცნობარებსა და სახელმძღვანელოებს ვეცნობოდი. ასე ჩამივარდა ხელში 1939 წელს გამოცემული ჩვილ ბავშვთა დაავადებების სახელმძღვანელო. მისი ილუსტრაციებით ძალიან მოვიხიბლე. ჩემი გამონაყარის შემდეგ, მუზაც მომივიდა და კედელზე ჩუტყვავილიანი ბავშვის პორტრეტი დავხატე. შემდეგ – ქუნთრუშა და დიფტერიის სახასიათო ხახები, თავისი აღწერებით – სად არის ჩირქოვანი ჯიბეები, სანათურების შევიწროება და ა.შ. გაოცებულმა ბაბუაჩემმა, გაბრაზების ნაცვლად, მეორე დღესვე მომიტანა პოლონური ფლომასტერები, ქაღალდების დასტა და დავიწყე ხატვა. გვარად ხატიაშვილი ვარ და ჩვენს გვარში ყველა ხატავს, მინიმუმ, ხაზავს მაინც. ჩემი დიდ პაპა იოანა ხატიაშვილი, მე20 საუკუნის დასაწყისისათვის, ძალიან წარმატებული რკინიგზელი ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო.

საბავშვო ბაღში რომ წავედი, ყველა ჯგუფელ ბიჭს მანქანების ხატვით ვხიბლავდი. უცბად აღმოვაჩინე, რომ ავტომობილებს ისეთი ფანჯრები არ აქვთ, როგორც სახლებს, არა და, მანამდე ერთნაირ, ჯვარედინა-ტიხრიან ფანჯრებს ვუხატავდით. იმ დროს ძალიან მიყვარდა ცეცხლი, რომ ვხედავდი, ბედნიერი ვიყავი. ძალიან მომწონდა სახანძრო მანქანები. ალბათ, იმიტომ რომ წითელია, ხმაურიანია. როდესაც მეკითხებოდნენ, ვინ გინდა, გახდეო, ვპასუხობდი, მეხანძრე-მეთქი. სკოლაში წასვლამდე, რამდენიმე თვით ადრე, ბებიამ წერილების ამოსატანად გამიშვა. საფოსტო ყუთს რომ კარგად მივწვდომოდი, იქვე ბაზალტის ფილაზე დავდექი, მერე ჩამოვხტი და ეს 110 კილოგრამიანი ფილა ტერფზე დამეცა. ისევ ბაბუაჩემმა მიპატრონა. მაშინ გავიცანი ჩემი ტერფის რენტგენოგრამა. რომ ვიწექი, რა თქმა უნდა, სულ ვხატავდი – დღეში, ალბათ, 50 თაბახის ფურცელს – სამხედრო ტექნიკას, თვითმფრინავებს, სამოქალაქო და სამხედრო მანქანებს და ექიმებს. მოკლედ ყველაფერს, რაც მიყვარდა და ვისთანაც ყველაზე ხშირი შეხება მქონდა.“

გიგა ხატიაშვილის ფოტო

ასე გახდა ხატვა მისი მოწოდება. თუმცა, დიზაინერობამდე ბევრი რამ იყო. ძირითადი ადგილი მაინც მედიცინას ეკავა.

„თავიდან, 1-ლ ექსპერიმენტულ სკოლაში შევედი. ყველაზე მეტად გერმანული, ბუნება და ხატვა მიყვარდა. იქვე, სკოლასთან ახლოს, ე. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში დავიწყე სიარული. მე-4 კლასამდე ძალით მატარეს მუსიკაზე, შემდეგ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, სახვითი ხელოვნების კლასში გადამიყვანეს. სკოლაშიც და ხელოვნების სკოლაშიც ხატვას არაჩვეულებრივი პედაგოგი უშანგი ლონდარიძე მასწავლიდა. სულ ვხატავდი. ამავე პერიოდში, სამოყვარულო დონეზე, ჩამითრია მედიცინამ. ზღვაც ძალიან მიტაცებდა, ბავშვობიდან ვცურავდი, მერე წყალბურთსაც ვთამაშობდი. ამას ემატებოდა ავიაციისადმი ჩემი დიდი სიყვარული და ინტერესი. ამიტომ გამოვიგონე ასეთი რამ: მე ვიქნები ექიმი ავიამზიდზე. ანუ მინდოდა, ვყოფილიყავი ექიმი იმ გემზე, სადაც განთავსებულია ესკადრელია, ავიაცია.

ამ პროფესიაში გაერთიანებული იქნებოდა ჩემი ყველა საყვარელი საქმიანობა. 12 წლის ასაკში ჩამოვყალიბდი, ავირჩიე მედიცინა – მამაჩემმა მკითხა, რა პროფესიაზე ვფიქრობდი. მაშინ ექიმობა ან მხატვრობა მინდოდა. მამამ თავისი აზრი მითხრა მხატვრობაზე [სხვათა შორის, მისი ბიძაშვილი იყო დამსახურებული მხატვარი-გრაფიკოსი ემირ ბურჯანაძე] და საბოლოოდ, ქირურგია ავირჩიე. 14 წლიდან გადავედი მე-6 გერმანულ სკოლაში, რადგან უფრო მეტად ლიბერალური მიდგომები და გაცდენაზე ნაკლები პრობლემები იყო. ასე დავიწყე მზადება ექიმობისთვის. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრში, სისხლძარღვთა ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილებაში ჯერ სანიტარი ვიყავი, შემდეგ – ლაბორანტი. სულ ნულიდან დავიწყე – ძაღლების წინასაოპერაციო მომზადებით, დაბანით, გაპარსვით. ჩემი კლასელებიც მომყავდა, ვისაც მედიცინა ან ვეტერინარია აინტერესებდა. რაღაც დროის შემდეგ, დავიწყე წინასაოპერაციო პრე-მედიკაციაზე მუშაობა. უძლიერესი ქირურგი იყო დათო მაისურაძე, მან გამაკეთებინა პირველი გაკვეთა, ცენტრალური მედიალური ხაზით, მასწავლა სკალპელის სწორად დაჭერა, სისხლდენის გაჩერება/კუაგულაცია, სისხლძარღვების კერვა და სხვა ბევრი რამ. მაშინ, როცა ჩემმა თანატოლებმა არც იცოდნენ, რა პროფესია აერჩიათ, მე თავიდან ბოლომდე ქირურგიით ვიყავი შეპყრობილი. ბევრს ვკითხულობდი, სახლში ვვარჯიშობდი ბალიშებზე, ღრუბლებზე. ბაბუაჩემი მასწავლიდა საოპერაციო ინსტრუმენტარიუმის სახელწოდებას, დანიშნულებას, საოპერაციო ჰიგიენის წესებს სხვადასხვა ნაკერების ტექნიკას, ვმუშაობდი სისწრაფეზე. მორგში ვიპარებოდი, მაინტერესებდა ადამიანების გაკვეთაც. კლინიკაშიც არაერთხელ დავსწრებივარ დიდი ქართველი ქირურგების ოპერაციებს, ჩემი „პირველი“ კლინიკური ოპერაციის ოპერატორი იყო გ. იოსელიანი (კუჭის რეზექცია ბილროტი-2), მე2 ოპერაციის ვ. ფუფინი (გულის კომისურატომია). ეს ყველა ოპერაცია ვიცოდი ზეპირად, განყოფილების ექიმები გამოცდებს მიწყობდნენ, რას ნიშნავდა ესა თუ ის პათოლოგია, რითი იყო გამოწვეული და რა შედეგს მოიტანდა ქირურგიული ჩარევა. ამ ყველაფერს ვყვებოდი და პარალელურად, რა თქმა უნდა, ვხატავდი. ხატვა არ მიმიტოვებია, მთელი მერხები მოხატული მქონდა, თემა არა მარტო ანატომია იყო, ვხატავდი მანქანებსაც“.

მედიცინის სწავლა საზღვარგარეთ ჰქონდა გადაწყვეტილი, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა კიდეც, მაგრამ მალე უკან, საქართველოში დაბრუნდა. აქედან შემოდის მის ცხოვრებაში დიზაინი. და დიზაინთან ერთად – ათლეტიზმი, ძალოსნური სამჭიდი და საოპერო ხელოვნება.

„მართალია, ქვეყნისა და ხალხის წინაშე ბოლომდე ვალს ვერასოდეს მოიხდი, მაგრამ სამოქალაქო ომის დროს ვეცადე, ჩემი ვალი მომეხადა და ვყოფილიყავი ნებისმიერ ასისტენტად აქ საველე ქირურგიის პირველ პირებთან რეზო ჯიჯეიშვილთან და რეანიმოტოლოგ გოგი ჭირაქაძესთან ერთად. ამ ყველაფერს შეეწირა ჩემი ექიმის კარიერა. ისე მოხდა, რომ ექიმი ვერ გამოვედი, სასწავლებლად აღარ დავბრუნებულვარ. თბილისში, სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მერე გადავედი დიზაინის აკადემიაში, სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე, რომელიც დიზაინისა და ერგონომიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის ბაზაზე ჩემი მასწავლებლისა და შემდეგ მეგობრის ბატონ გაბრიელ ნადარეიშვილის ინიციატივით იყო შექმნილი. ეს 1991-1992 წლებია. არც ელექტროენერგია, არც გაზი და არც წყალმომარაგება, შეშის ღუმელით ვთბებოდით და ზამთარში თითებგადაჭრილი ხელთათმანებით ვხატავდით. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მართლა ძალიან სერიოზული სასწავლო პროცესი იყო. აკადემიაში მაინტერესებდა სამრეწველო დიზაინიც და გრაფიკაც, კარგად გავართვი თავი ერგონომიკას. ანატომია, ანთროპომეტრია და ფიზიოლოგია ხომ ძალიან ახლოს იყო ჩემთან. და რაც მთავარია, მიყვარდა კითხვა. მაგრამ ყველაფრის არა, გაგიკვირდებათ, ისეთი წიგნები არ მაქვს წაკითხული. მგონია, რომ თუ კითხულობ და დროს უთმობ, ისეთი რამ უნდა წაიკითხო, რაც ბოლომდე შენია.

ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიღება, მე უნდა ვიცხოვრო, როგორც პერსონაჟმა, საკუთარ თავზე გამოვცადო ყველაფერი. ჩემი საყვარელი მწერალი ერიხ მარია რემარკია. რუსულად და გერმანულად ვკითხულობდი და მის გმირებთან ერთად, მეც გავიარე I და II მსოფლიო ომები, ის საშინელი სცენები, რაც მაშინ ევროპაში ხდებოდა. ძალიან მიყვარდა შექსპირი, მაგრამ ისეთი პიესები მერჩივნა, რაც ნაკლებად პოპულარული იყო, მაგალითად, „კორიოლანუსი“. ამ პერიოდში სერიოზულად ვიყავი გატაცებული სპორტით, ვვარჯიშობდი ძალოსნურ სამჭიდსა და ათლეტიზმს.

მამაჩემი მელომანი ადამიანია და სახლში ჯაზისა და საოპერო ხელოვნების ძალიან დიდი ფონოთეკა გვქონდა. მეც სულ შეყვარებული ვიყავი და ხშირად საშხაპეში ვასრულებდი არიებს. ერთ დღეს მამაჩემმა ვოკალის პედაგოგთან მარლენ ადამაძესთან მიმიყვანა, აღმოჩნდა, რომ დრამატული ბარიტონი მქონდა. და დავიწყე მეცადინეობა. ძალიან მომწონდა, რასაც ვმღეროდი – გაეტანო დონიცეტი, რუბინშტაინი, როსსინი, მოცარტი და ა.შ. აქ ყველაფერი იყო – მუსიკა, ტექნიკური ესთეტიკა, მეცნიერება.

გიგა ხატიაშვილის ფოტო

აკადემიაში სავალდებულო იყო შრიფტის ხელოვნების დისციპლინა. ამ საგანს ლადო გრიგოლიას [მოქანდაკე, მხატვარი. ძველი ქართული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების დეკორის საფუძველზე მან შექმნა წიგნის მორთულობის ახალი კომპოზიციები, ქართული შრიფტის ახალი ვარიანტები] მეუღლე ინა დივნოგორცევა-გრიგოლია გვასწავლიდა. შემდეგ, პალეოგრაფიას გვიკითხავდა აკადემიკოსი, რამაზ პატარიძე. გრაფიკულ ანაბანას კი ბიძასთან ემირ ბურჯანაძესთან ვეუფლებოდი. სწორედ ამ სამმა ადამიანმა შემაყვარა, მიმაღებინა ქართული დამწერლობისა და ქართული შრიფტის სინატიფე. მაშინვე დავიწყე იმპროვიზაცია, შრიფტზე მუშაობა. სწავლა 1997 წელს დავამთავრე, ჩემი სადიპლომო თემა იყო „უნაგირა ავტოგამწევის დიზაინი“, რომელშიც არაერთი რაციონალური შეთავაზება და მიდგომა მქონდა წარმოდგენილი“.

ამ პერიოდში, საქართველოში, არ არსებობს სამრეწველო დიზაინის ინდუსტრია. ამიტომ, საზღვარგარეთ მიდის, მაგრამ მალე უკან ბრუნდება, ერთი შეთავაზების გამო, სარეკლამო სფეროდან.

„ჩემი პროფესორი, ინნა დივნოგორცევა-გრიგოლიას რეკომენდაციით, „არტ დიზაინ ტექნოლოგიაში“ დიზაინერის პოზიცია შემომთავაზეს. იმ დროისათვის, ეს იყო ყველაზე ინოვაციური, პროგრესული, წარმატებული სარეკლამო საწარმო. პირველი ციფრული CNC დაზგა მათ ჰქონდათ და საქართველოში ნეონის განათების დარგის აღდგენა დაიწყეს. მაშინ შევქმენით არაერთი საინტერესო იმ დროისთვის და თვალშისაცემი ნამუშევარი, მაგალითად, კაფე „მალიბუ“ 26 მაისი ბაღში, მაშინდელი, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ ქართული ვერსია.

შემდეგ იყო კომპანია „მაგისტილი“, ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება. არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად მომიწია მუშაობა – გოგი გეგეშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, გია ახუაშვილი, ქეთი ჩიქოვანი, ნიკოლაი ჟიჟკო. 1999 წლის ბოლოს კი მიმიწვიეს „ჯეოსელში“. მაშინ გავაკეთე Geocell-ის მეორე სიმ-ბარათი, არატრადიციული ფერებით გაწყობილი:  მუქი ლურჯი, ყვითელი, წითელი. შემდეგ იყო „ლაილაი“, სახელწოდებაზე „ჯეოსელის“ მენეჯმენტთან ერთად ვიმუშავეთ. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. Geocell-ში შევკრიბე ჩემი პირველი გუნდი: დავუძახე კოტე ყუბანეიშვილს, დათო მაჭავარიანს (კაკადუ), სერგი გვარჯალაძეს, ნიკა ახვლედიანს. დავუმეგობრდი ზაქრო ზალიკაშვილს. მან მოიყვანა არჩილ ახვლედიანი, გივი სიხარულიძე და გადავიღეთ პირველი საინტერესო რგოლი. იქვე შევქმენით „ასტრა“ ბარათი. სახელი და დიზაინი ჩემი იყო. აქედან დავიწყე ქართული შრიფტის პოპულარიზაცია, ჩემი მთავარი მოთხოვნა საკუთარ თავთან იყო, აქცენტი ქართულ შრიფტზე გაგვეკეთებინა და შემდეგ ყოფილიყო ლათინური. ამ გუნდთან და „ისთერნ პომოუშენთან“ ერთად გავაკეთე „ჯეოსელის“ ჯაზ ფესტივალი. ცალკე ვიმუშავე „კანარგო სტანდარტ ოილის“  [„ვისოლის წინამორბედი] ბრენდინგზე.

2003 წელს გადავედი ტელეკომპანია „მზეზე“, სადაც შევქმენი სრულფასოვანი კორპორატიული შრიფტი და არხის ვიზუალური აიდენტიკა, ზაზა გუბელაძესთან ერთად. შემდეგ იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოგვიანებით ტელეკომპანია „ალანია“. 2005 წელს, კიევში, საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოში [EURO RSCG / HAVAS ] მიმიწვიეს. იქ ვიყავი დიზაინერი, მერე – არტ დირექტორი. ძალიან ბევრი, საინტერესო პროექტი გავაკეთეთ. შემდეგ ყაზახეთში გადამიბირეს [Mobilera Eurasia/Shift International] – ხან ალმატიში  მიწევდა ყოფნა, ხან – სტამბოლში. იქ, სხვადასხვა დროს, კრეატიული დირექტორიც ვიყავი, არტ დირექტორიც, კოპირაიტერიც, რაღაც პერიოდი – HR-იც. ინტერიერის დიზაინზეც მომიწია მუშაობა.

2005 წელს, ჩემი და ჩემი ძმაკაცის ბესო გედევანიშვილის პროექტით, თბილისში, მოეწყო პირველი სრულფასოვანი ღამის კლუბი Night Office, თუმცა, ეს ნამუშევარი 1999 წელს შეიქმნა. ასე გადიოდა დრო, ვმუშაობდი კერძო დაკვეთებსა და საერთაშორისო სააგენტოებში. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი 2008 წლის ივლისში.

აგვისტოს ომიდან ერთ თვეში, 24 სექტემბერს, მეუღლესთან, ნინა ხატიაშვილთან ერთად, სააგენტო დააფუძნა და “919” დაარქვა, რომელიც, დაახლოებით, ისე იწერება როგორც მისი სახელი ლათინურად “gig”. სხვადასხვა წლებში იმუშავეს „სოფლის ნობათის” „მარგოს“,  „სანტეს“ ყველის „სანებოს, აგრონორიოს „ბიო-ბიოს“ სასაქონლო ხაზებისა და შეფუთვის შექმნაზე. მათი შექმნილია „სილქნეტის“ ქვებრენდი Silk, აიდენტიკა და ვიზუალური სახელმძღვანელო ამ ბრენდისთვის.

„სააგენტო, 2016 წლიდან, ეკონომიკური სტაგნაციის გამო, ანაბიოზის სტადიაშია. “919” ძალინ მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ მაქვს იმის უნარი, ვუხელმძღვანელო საკუთარ ბიზნესს, ნულიდან შევქმნა პროდუქტი და რაღაც სტაბილური განვითარების დონემდე მივიყვანო“.

ხომ გგონიათ, რომ ამით დასრულდა? არა, გიგა ხატიაშვილს საავტომობილო ინდუსტრიაშიც შეხვდებით. როგორც თვითონ ამბობს, უკვალოდ არაფერი ხდება და ყველა მისი ამბავი თუ პროექტი სადღაც ვითარდება, გრძელდება.

„როცა ჩემმა კლასელმა და მეგობარმა დიტო აბდუშელიშვილმა საავტომობილო ინდუსტრიის აღდგენა და ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის გახსნა გადაწყვიტა, დიზაინერის თანამდებობა შემომთავაზა, შენი ფუტურისტული ხედვა არასოდეს დამავიწყდება, სკოლაში, მერხზე რომ ხატავდი, ისეთ ავტომობილებს ახალ ვხედავთ ქუჩებშიო. ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი და დიზაინერის პოზიციაზე ზვიად ციკოლია დათანხმდა მე კი ბრენდინგის, ბრენდის ვიზუალიზაციის მიმართულება ავირჩიე. ქართული ელექტრომობილის სახელიც მოფიქრებულია – „ორვო“, ლოგოტიპის ნიშანიც შექმნილი მაქვს. ეს არის ძალიან საჭირო, ძალიან ქართული ბრენდი. სახელწოდებას, ბუნებრივია, ემოციურთან ერთად, რაციონალური მუხტიც მივაბით. სამწუხაროდ ახლა, პანდემიის გამო, საწარმო გაჩერებულია. იმედია, ვითარება მალე შეიცვლება“.

გიგა ხატიაშვილის კიდევ ერთი პროექტი ვისკის კლუბია, რომელიც 2013 წელს „ჯი დი ალკომ“ დააარსა და მას კრეატიული დირექტორობა შესთავაზეს. თავიდან, კლუბის წევრები თვეში ერთხელ იკრიბებოდნენ და ვისკის წარმოშობის, დამზადების, საწარმოების და სხვა ამბებს ყვებოდნენ. შემდეგ კი, ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი რომ არ ყოფილიყო, სარეკლამო კომპონენტიც დაამატა. კლუბის წევრების აუდიტორია, 30-მდე თვითკმარი ახალგაზრდა და გადამხდელუნარიანი პირით არის წარმოდგენილი. ამიტომ, პრემიალურ ბრენდებს შესთავაზა, ეს პლატფორმა გამოეყენებინათ და ყოველგვარი სარეკლამო ფრაზეოლოგიის გარეშე, მოეყოლათ ყველაფერი, საკუთარი ბრენდის შესახებ.

„ახლა, პანდემიის გამო, კლუბიც გაჩერებულია. თუმცა, პლატფორმა არსებობს და დიდი გეგმებიც გვაქვს: იქმნება ახალი ქართული „ლეიბლი,„ რომელიც მიენიჭება ქართულ მაღალი კლასის სასმელს – ღვინოს, პორტვეინს, კრაფტ ლუდს, შუშხუნა ღვინოს, ბრენდის და იქნება დამატებითი ლეიბლი, რომელიც აღნიშნავს ამ სასმელის შეხამებას კუბურ სიგარასთან. ეს ვისკის კლუბისა და „ჰავანა კლუბის“ ერთობლივი პროექტია, ავტორი კი მე გახლავართ – მოეწყობა სერიოზული ღონისძიება, სადაც ბრმა დეგუსტაციის მეთოდით, მოხდება სიგარის შეხამება ქართულ ალკოჰოლთან და ლეიბლი სწორედ ამის მიხედვით მიენიჭებათ კონკრეტულ სასმელებს. ეს ძალიან სასარგებლო იქნება ამ პრემიალური პროდუქტისთვის, როგორც საექსპორტო სივრცეში, ისე შიდა ბაზარზე. უკვე გვაქვს ლეიბლის დიზაინიც“.

ვისკის კლუბიდან მის ცხოვრებაში გაჩნდა „მიდამო“. ეს ქართული თაფლის დისტილატია. თავდაპირველად ბრენდინგზე მუშაობა შესთავაზეს. როცა პროდუქტი გასინჯა, ისე მოეწონა, რომ მეორე წინადადებას, პარტნიორობას დასთანხმდა. გიგა ხატიაშვილი მეწარმე გახდა.

„ამ ბრენდს 2017 წლიდან ვაშენებთ. წლიდან წლამდე ერთ „ვითომ ქართულ ტრადიციას“ ვარღვევთ და კი არ ვაფუჭებთ, პირიქით, ვაუმჯობესებთ ხარისხს. ჩემი პარტნიორი და მეგობარი ზაზა ბააზოვი ახლა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობას ასრულებს და თუ პროდუქტის დისტილაცია, ასე ვთქვათ, სამოყვარულო დონეზე დავიწყეთ, მალე, ამ ყველაფერს სამეცნიერო ხარისხით გავამაგრებთ. „მიდამოს“ სახელზე მუშაობისას ჩემი პარადიგმა გამოვიყენე – აქცენტი ქართულ დამწერლობაზე გავაკეთე, თუმცა, ვეცადე, მაქსიმალურად შეხამებული ყოფილიყო ლათინურთან“.

ამ ყველაფერთან ერთად, გიგა ხატიაშვილი აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა.2009-2010 წლებში „საქართველოს უნივერსიტეტში“ (UG) ასწავლიდა, 2010-2012 წლებში – GIPA-ში. 2014 წლიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის სრული პროფესორია. ამბობს, რომ სკოლაში ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, თუმცა, ამისთვის, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ძალიან ბევრი შრომა მისთვის პრობლემა არ არის.

„სადიპლომო ნაშრომების დაცვის პერიოდში ისეთი ვარსკვლავი აღმოვაჩინეთ ჩემს კოლეგასთან, ოთარ ყარალაშვილთან, ჩემი ყოფილი სტუდენტი ირინკა ყველიაშვილი. მე რომ მკითხოს ადამიანმა, ნობელის პრემიის ღირსია (გაგეცინებათ, მაგრამ…). იფიქრებთ, რომ ვაზვიადებ, მაგრამ რაც ამ გოგომ გააკეთა, არის გენიალური ნაშრომი როგორც ჰუმანური, ადამიანური, ისე ფუნქციონალური დატვირთვის თვალსაზრისით. ძალიან მიყვარს ჩემი სტუდენტები და ხშირად, მათთან მუშაობაც მიწევს.

ჩემი სტუდენტები იყვნენ: ნინო ინჯია, თამარ ჭაბუკიანი, შოთა ჩინჩალაძე, ნიკუშა ხუნდაძე, სულ პირველი მოწაფე – ირაკლი ინაშვილი, ნიკა კუმბარი.  რაღაც პერიოდი, აქტიურად ვთანამშრომლობდი ნიკასთან, მის პროფესიონალიზმს დიდ პატივს ვცემ. საერთოდ, დღეს ისინი, ყველანი მაღალი დონის პროფესიონალები არიან. როცა ვასწავლიდი, მაგრად „ვპრესავდი“. ზოგადად, ძალიან კრიტიკული ვარ სტუდენტების მიმართ. ზუსტად ისეთივე კრიტიკული, როგორიც მამაჩემი იყო ჩემს მიმართ. მამაჩემი რომ ასეთი არ ყოფილიყო, ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ გავტყდებოდი. მასზე ძალიან არავისი არ მეშინოდა, დღეს 81 წლის არის და ჩემს ხასიათში მის გავლენებს ვხედავ.

სტუდენტებთან ჩემი სიმკაცრე, შეიძლება, ჩემი ტრავმაა(!), ან რეციდივი, ჩემი აღზრდიდან გამომდინარე. მაგრამ, თუ ჩემს სტუდენტებს გადავხედავთ, ვთვლი, რომ ძალიან სწორი მიდგომაა – კრიტიკა და სიმკაცრე.

საერთოდ, ძალიან ბევრი რამ მომცა ჩემმა ოჯახმა, მამამ, დედამ, ბებიამ და განსაკუთრებით ბაბუამ. სწორად ბაბუაჩემმა მასწავლა ხატვაში ფანქრის გათლა და პერსპექტივის საფუძვლები; მედიცინაში დღეისათვის აქტუალური ჰიგიენის საფუძვლები, მიზეზისა და არა სიმპტომის მკურნალობის უზენაესობა, პერკუსია და პალპაცია, პირველადი დახმარების ანაბანა, ქირურგიული ინსტრუმენტარიუმი; ქიმიაში რადიოაქტიული დაშლის პრინციპი; ნადირობა, ცეცხლსასროლ იარაღთან ურთიერთობის კულტურა, სწორი დამიზნება; თევზაობა, ნემსკავის ყულფები და თევზის ამოცნობა დარტყმის მიხედვით; შხამიანი გველების გარჩევა და არიდება; ბუნებასთან და სოციუმთან ურთიერთობის საყოფაცხოვრებო კულტურა; ეს იყო ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა, ნათესავს, მეზობელს, კოლეგას, სტუდენტს, სუფრის წევრს, თანამებრძოლებს და ა.შ.

და არის კიდევ ერთი, ჰობი, გატაცება, საქმე, რომელიც ძალიან მოსწონს – ფოტოგრაფია. აქაც, ისევე როგორც მის ცხოვრებაში, ერთ-ერთი მთავარი ადამიანია.

გიგა ხატიაშვილი დღეს . . . 

დღეს ძალიან დიდ დროს ვუთმობ საუნივერსიტეტო საქმიანობას. წინასწარ არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ ძალიან დიდ გარდატეხას ვაპირებთ ტექნიკური უნივერსიტეტში. გვინდა, საზოგადოების დამოკიდებულება და მიდგომა ძირეულად შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის, არამედ ზოგადად, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ.

გარდა ამისა, ამ ეკონომიკური დეპრესიის პერიოდში, ვეწევი საკუთრი კვალიფიკაციის ამაღლებას და მივიწყებულ თემებს ხელმეორედ ვსწავლობ. ვუბრუნდები ჩემს პირვანდელ სპეციალიზაციას, სამრეწველო დიზაინს – ამ განახლებული ცოდნით, მინდა, ხელახლა მივცე ჩემს სტუდენტებს სწავლის ხალისი.  დღეს ჩემი დღის წესრიგი ასეთია: ჯანმრთელობის მწყობრში მოყვანა, ზედმეტ წონასთან ბრძოლა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ლექტორი იზრდება სტუდენტებთან ურთიერთობისას. მათგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობს და ვითარდება. 3-4 წელია, ჩემს თავს ვატყობ, რომ დეგრადაციას განვიცდი. ახლა რამდენიმე სტუდენტმა ისე გამოანათა, მომეცა სტიმული და მოტივაცია, რომ საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშაო, ცოდნა და გამოცდილება მათ გავუზიარო და მათგანაც მივიღო განვითარებისთვის საჭირო მუხტი. დიზაინი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების გარეშე წარმოუდგენელია. ჯდომა ძალიან მავნებელია. ამიტომ, დიზაინერი გასამრჯელოს იღებს არა მხოლოდ თავის ნამუშევარში, არამედ, იმ მსხვერპლში, რასაც საქმისთვის იღებს. ადრე ძალიან კარგად გამომდიოდა სპორტისა და საქმის შეთავსება. ახლა ვატყობ, რომ ღამეებს ვეღარ ვათენებ. მეტი უნდა ვიმოძრაო, ცხოვრების უფრო აქტიურ სტილზე უნდა გადავიდე.

და ამ ყველაფრის მიუხედავად, არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, ნამუშევრების, პროექტების ზედმეტად, ყველა სივრცეში აფიშირება. წარმოიდგინეთ, დღეს ძალიან პოპულარულ და აქტუალურ „Behance-სა და LinkedIn-ზეც კი არ არის. რატომ? – „რა საჭიროა ყველგან საკუთარი თავის პრომოცია?“.

თავი II – დიალოგი

რა არის დიზაინი? 

გიგა ხატიაშვილი: საინჟინრო და სამხატვრო სფეროების დამაკავშირებელი. დიზაინი ეს არ არის დეკორაცია, ან სუბიექტური ხელოვნების დარგი. დიზაინერი უნდა იყოს როგორც ესთეტი, ისე ინჟინერი. ჩვენ საზოგადოებას სწორედ ეს აკლია, ამის აღქმის უნარი, ბევრი დიზაინერს უყურებს, როგორც მხატვარს, რომელსაც გემოვნება აქვს. გემოვნება დიზაინერთან არანაირ კავშირში არ არის, გემოვნება არის ძალიან სუბიექტური. მხოლოდ კონსტრუქციის სიჯანსაღე და ფუნქციონალურობა არის ობიექტური. ამისი დათვლაც შეიძლება და შეფასებაც. დიზაინი არის ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური საქმიანობა.  მე-19 და მე-20 საუკუნის რუს, ბრიტანელ, ამერიკელ, ავსტრიელ პლაკატისტებს რომ შეხედოთ, დიზაინერი თავად ქმნიდა იმ ე.წ. არტ-დაირექშენს (მხატვრულ მიმართულებას), ტექსტურ უზრუნველყოფას, ანუ ე.წ. კოპირაიტს. ამას არაინტელექტუალი ადამიანი ვერ შექმნის.

თუ დიზაინს ემსახურები, შენი საზოგადოების გულისცემა უნდა გესმოდეს. უნდა იცოდე, რა სჭირდება მას, რა კულტურულ დონეზეა, რა მოხმარების უნარი გააჩნია. ყოველთვის უნდა იყო ავანგარდში. და თუ გინდა რომ იყო ავანგარდში, უნდა გქონდეს ძლიერად განვითარებული კვლევითი კომპონენტი. მე ვთვლი, რომ მედიცინასთან შეხებამ ამის სერიოზული წინაპირობა შემიქმნა – წიგნთან ურთიერთობა, ადამიანებზე დაკვირვება, მონაცემების ანალიზი და წყაროების რევიზია. მე რომ ვიყო ბოროტი ადამიანი ვიყო, ძალიან კარგი მანიპულატორი ვიქნებოდი, ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანებზე, მათ ფიზიოლოგიაზე მუშაობა, შემიძლია ყველაფერი რეფლექსების დონეზე დავიყვანო.  მაგრამ ეს არაჰუმანურია და ბუნებრივია, ასე არ ვიქცევი.

დიზაინი არის,  საგანის ფუნქციონალური უნარი და არა საგნის იერსახე. თუმცა, ბოლო სიტყვა მეწარმეზეა/დამკვეთზე. შენ შეიძლება არაჩვეულებრივი პროექტი/დიზაინი შემქნა, მაგრამ მეწარმემ ვერ აგიბას მხარი ტექნოლოგიურ ხარისხში, მასალების მოწოდებაში. ან ისე შეგაცვლევინოს, მისი აზრით ერთი პატარა დეტალი, რომ სრულიად დაარღვიოს კომპოზიცია და შესაბამისად, წონასწორობა. როდესაც საქმეში ჩაუხედავი ადამიანი კონსტრუქციაში/კომპოზიციაში რაიმე ცვლილებას ახორციელებს, იქ ფიზიკური/ოპტიკური წონასწორობაც ირღვევა.

საერთოდ, დიზაინი – იყოფა ორ ნაწილად, მას. პროდუქტი და ინდივიდუალური პროდუქტი. მასებზე, სერიულ წარმოებაზე გათვლილი პროდუქტი ეს არის ბიზნესის, ინჟინერიის, ტექნოლოგიის, მეცნიერების, თანაცხოვრების ხელოვნება. ანუ ვირტუოზობა. მოცემულობა, მკაფიო ჩარჩოები ისე უნდა მოირგო, რომ შემქნა შედევრი – საგანი, რომელიც დააკმაყოფილებს სამომხმარებლო მასებს. კარგი დიზაინი არასოდეს არ არის მყვირალა. მეტიც, მას ვერასოდეს ამჩნევ.

კარგ დიზაინის იდეალური მაგალითია ტონეტის სკამი. ეს არის ერგონომიკის, ტექნოლოგიის და ესთეტიკის ბალანსი. სადაც საგანი მიჰყვება ადამიანის ერგონომიკას, იქ ესთეტიკაც გამოდის. ესთეტიკას ვაფასებთ (იმის მიუხედავად, რომ ძალიან სუბიექტურია) ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენი სხეულის შეგრძნებებით. როდესაც საგანი არ გაწუხებს და მეტიც, როცა ვერც ამჩნევ – ე.ი. იდეალურია. კარგ დიზაინს შთანთქავ, არც გახსენდება რომ არსებობს. ჯერ კიდევ ბაუჰაუსის სკოლის წარმომადგენლები საუბრობდნენ ამაზე.

გიგა ხატიაშვილის ფოტო

გამოდის, რომ დიზაინი ძალიან რთული დარგია.

ურთულესი. დღეს ისეთი პროგრამები არსებობს, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, თუმცა მხოლოდ ტექნიკურად, რადგან ის არ არის ინტელექტი, უბრალოდ იარაღია, რომელსაც შენი იდეების განხორციელებისათვის იყენებ. ამიტომ, ჩემთვის ხელით ხატვა შეუცვლელი რჩება.

დიზაინერი, ჩემთვის უპირველეს ყოვლისა მოქალაქეა. დიზაინერი და ნაძირალა ვერ იქნები. სხვა ტიპი უნდა იყო. უნდა შეგტკიოდეს გული. ლამაზი ნივთების გაკეთება ეს სხვა რამეა. შენ უნდა იყო კომუნიკაბელური. არ უნდა გეზარებოდეს მუშაობა. ოღონდ არა მარტო მუშაობა საკუთარ თავზე, არამედ საკუთარ საზოგადოებაზეც.

 ანუ მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობაც. 

რა თქმა უნდა. დიზაინერი მართავს კომუნიკაციას, ადამიანს, ანუ მომხმარებელსა და გარემოს შორის. ეს სილამაზე ფუჭია, თუ მას დამფასებელი/მომხმარებელი არ ყავს. შენი კერძო საკუთრება, შენი მატერია არაფერს წარმოადგენს, თუ ადამიანი არ არის. და ეს მოდის ოჯახიდან. შვილებს მეტი დრო უნდა დავუთმოთ (ჩემი ცოლიც ამას მეუბნება). სულიერი საზრდო მივცეთ და ეს არ არის მხოლოდ სკოლაში და წრეებზე ტარება. შენ უნდა ჩასწვდე, შენ უნდა აუხსნა და მისცე მას ძირეული ღირებულებები.

ჩვენ არასწორი აღქმა გვაქვს პატრიოტიზმის, მერკანტილური: გვგონია, რომ სამშობლო არის მიწა-წყალი მინდორ-ველი, კარ-მიდამო. ცარიელ მიწას რა ფასი აქვს, თუ მასზე ადამიანი არ ცხოვრობს? თუ მასზე ოჯახი არ იზრდება და ვითარდება? როცა არჩევანი დადგება — „ადამიანი თუ მიწა?“  და ჩვენ ადამიანს ავირჩევთ, მაშინ ვიქნებით მართლაც წარმატებულები, მაშინ განვვითარდებით.

ქვეყანა ტალახით და წყლით კი არა, ადამიანებით ვითარდება, ადამინების ურთიერთობით, ერთმანეთის უფლებების პატივისცემით, პრინციპული სამოქალაქო პოზიცია გვჭირდება. მოსახლეობა კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოება. ყველგან ასე უნდა იყოს და ბუნებრივია, ჩვენს პროფესიაშიც.

სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან მუდმივი კავშირი გაქვთ. შარშან ახალგაზრდული „კანის ლომების“, დიზაინის კატეგორიაში, ჟიურიშიც იყავით. როგორი მომავალი აქვს ამ სფეროს საქართველოში? 

ძალიან კარგი და ნიჭიერი თაობა მოდის, არაჩვეულებრივი. მაგრამ ერთი რამ ძალიან მაღელვებს, ისინი ავთენტურობას კარგავენ. ყველამ ვიცით, რომ დიზაინში გია ბოხუამ თავისი, ორიგინალური სტილი შექმნა. შემდეგ კი მისი კოპირება დაიწყეს, ვეღარც გაარჩევ, გიას ნამუშევარია, თუ სხვისი. ინდივიდუალური სტილი იკარგება. გარდა ამისა, თითქოს, ქრება ავთენტური ქართული სტილიც. ევროპელს იმით ვერ გააკვირვებ, რაც თავის ქვეყანაში უკვე უნახავს. როგორც დევიდ კომამ და დემნა გვასალიამ გააკვირვეს მსოფლიო, ისე უნდა გავაკვირვოთ ჩვენი გრაფიკული თუ სამრეწველო დიზაინით.

პირადად მე, ძალიან მიყვარს სამედიცინო დიზაინი, ბევრმა არაფერი იცის მის შესახებ, ასევე – ორთოპედიულ დიზაინზე. არა და, სერიოზული გამოწვევებია, ადამიანს, რომლესაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს, შენ სთავაზობ პროდუქტს ადაპტაციისთვის. ასევე – დამხმარე საშუალებები ასაკოვანი ადამიანებისთვის. ამაზე კი ჩვენთან, რატომღაც არავინ ფიქრობს. დიზაინი იქმნება ადამიანებისათვის. თუ ასე არ არის, მაშინ მისი ფასი ნულია. თუ დიზაინი არ არის ფუნქციონალური, ის დეკორაციაა. დეკორაციის ადგილი თეატრშია და თეატრი არის ცალკე სუბკულტურა, ცალკე დაწესებულება. თეატრში იღებენ სულიერ საზრდოს და არა ყოველდღიურობას. ჩვენ, დიზაინერები ვქმნით კოვზებს, რომელსაც ყოველ დღე იყენებენ ადამიანები საკვების მიღების საყოფაცხოვრებო კულტურის განმტკიცებისათვის. კულტურა ეს ფენომენია, რომელიც მხოლოდ აწმყოს ჭრილში განიხილება, წარსულში კი მხოლოდ კულტურული ნეშტი/ნაშთია.

გიგა ხატიაშვილის ფოტო

ძველი და ახალი თაობა რომ შევადაროთ ერთმანეთს? 

ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც საკუთარი შრომით გაიკაფა გზა, პრაქტიკით. რა ინტერნეტსა და ტუტორიალებზეა საუბარი, ფანქარი, საშლელი და შესაბამისი ხარისხის ქაღალდი არ იშოვებოდა. წიგნებიდან ვსწავლობდით ილუსტრატორს, ფოტოშოპს, 3D-ს. სტუდენტებზე ვსაუბრობდით და იცით, რაღაც დონეზე, ვღიზიანდები, რომ ვხედავ, რამდენი შესაძლებლობა აქვთ და არ იყენებენ. არა და, ზღვა მასალასა და ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. ვისაც სურს მუშაობა, ის საშუალებასაც ეძებს. თუმცა, ჩვენსა და ახალ თაობას შორის სხვაობა ისიცაა, რომ უფრო დახვეწილები არიან, რადგან იმ შეცდომებს აღარ იმეორებენ. მაგრამ, როგორც აღვნიშნე დაკარგული აქვთ ავთენტურობა. „პინტერესტზე“ შედიხარ, ხედავ ნამუშევარს, გგონია ფრანგი, ჩეხი, ინგლისელი დიზაინერის და აღმოაჩენ, რომ ქართველის ნამუშევარია – ყველგან ლათინური შრიფტია, ქართული იდენტურობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ლოგოზე როგორ მუშაობთ?

ლოგოტიპი შეიძლება გააკეთო ერთ დღეში, მაგრამ ჯერ იდეა უნდა იშვას შენში. უნდა განავითარო, შენში ატარო ემბრიონივით და მერე, ერთ დღეს უცბად დაიბადება ის. იგივეა სახელწოდებაზეც. „მიდამოს“  სახელისა და ლოგოტიპის მოფიქრებაზე თვე-ნახევარი, თუ ორი თვე დამჭირდა.              და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, როგორც კონცეპტუალურად, ისე სისადავით. ქართულიც არის, სადღაც საერთაშორისოც. მოკლედ, ქართველი კოსმოპოლიტია.

შრიფტზე? 

პირველ რიგში, თვალში საცემი უნდა იყოს ქართული და შემდეგ ლათინური. მეამაყება, რომ ყოველთვის ვიყავი პრინციპული, ყოველთვის „ვაწვებოდი“ ქართულ შრიფტსა და ქართულ დამწერლობას. თუმცა, ბოლომდე არ ვეთანხმები ტრანსლიტერაციას. ბევრი თვლის, რომ ძალიან კარგად გამოსდის იმიტაცია.

მე კი მგონია, რომ სილამაზე განსხვავებულობაში და არა – ჰომოგენურობაში/ერთგვაროვნებაშია. თუ თავისუფალი ბაზრის წევრი ხარ, დაექვემდებარე მის წესებს. თუ ავთენტურ ქართულ ბრენდს ქმნი, ქართულად დაწერე. როცა საერთაშორისო ბრენდი ჩამოდის, მისი ტრანსლიტერაცია არ არის ცუდი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ იშვიათია, ბრენდი, ლოგოტიპი გაძლევდეს კარგი ტრანსლიტერაციის საშუალებას, აქვე არ დაგვავიწყდეს ვიზუალური ურბანული გარემოს გადატვირთვის შესახებ. თვალი შეავლეთ ქალაქს.

ესთეტიკაში მიყვარს ჰეტეროსექსუალიზმი, საშრიფტო წყვილი უნდა იყოს არაერთგვაროვანი  – ქალი და მამაკაცი, „ინი“ და „იანი“, ცივი და ცხელი. ჩემი აზრით, გრაფიკა, კულინარია, მუსიკა – დამყარებულია კონტრასტებზე – კენტი და ლუწი, + და  – , შავი და თეთრი.

ჩემი მიდგომა ასეთია – ყოველთვის ვიყენებდი ჩემს საავტორო შრიფტებს. ანუ ყოველთვის ვხატავდი, ვაგებდი, კონსტრუქციას ვაკეთებდი. ახლა რომ ვუყურებ ძველ ნამუშევრებს, თუნდაც „რუსთაველის“ კინო-თეატრის შრიფტს/ლოგოტიპს, მეცინება ჩემს შეცდომებზე. მაშინ არ იყო იმდენი ტიპოგრაფიის სპეციალისტი. წვდომა არ გვქონდა თეორიასთან და საკუთარ შეცდომებზე გვიწევდა სწავლა.

რაც შეეხება იდეებს . . . 

არასოდეს არ მეზარებოდა ფიქრი, ე.წ. შტორმი. არაჩვეულებრივი პროფესორი მყავდა თენგო კარგარეთელი, 3-4 ვარიანტს რომ ვაჩვენებდი, მეტყოდა – სხვა რა გაქვს? 10 ნამუშევარი რომ მიმეტანა, კიდევ მეტს მთხოვდა. ასეთი წრთობის შედეგი იყო, რომ ინერციით ძალიან ბევრ ვარიანტს ვაკეთებდი. ამ ადამიანმა მასწავლა ყველა სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა და ნებისმიერი მოცემულობიდან თავის დაღწევა. დღეს, სტუდენტებთან ერთად გონივრული ნახაზის (Mind Map) შედგენას რომ ვიწყებთ, ვეუბნები, Discovery-ზე უყურეთ „შეშინებულ შიშვლბს“, სადაც წყვილს, 1 ან 2 ნივთით უკაცრიელ კუნძულზე, აფრიკაში, ტიბეტში, ყაზახეთის სტეპებში აგდებენ და ეუბნებიან, რომ 21 დღე თავი უნდა გაიტანონ, საბოლოოდ კი ევაკუაციის ადგილამდე მიაღწიონ. აი, ს არის დიზაინი – მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური შედეგის მიღწევა. სიტყვა კრეატივი/შემოქმედება მოდის დიზაინიდან. დიზაინია პირველი იარაღი. მე მიყვარს საქმე ჩემში და არა ჩემი თავი საქმეში, არ მეშინია იდეების გაზიარების, უამრავი რამ მაფიქრებს და მაინტერესებს. უამრავი რამ მაწუხებს, მაწუხებს ის, რასაც ვხედავ გარემოში, ყველაფერი იწყება ჩვენი შინაგანი კულტურიდან და ეს შინაგანი კულტურა არ ისწავლება სკოლაში.

სოციალურ ქსელებში ადრე ძალიან აქტიური იყავით, ახლა პირიქითაა. რატომ? 

მომბეზრდა. სანამ სოციალური ქსელი იყო ლოიალური ადამიანების მიმართ და ნეიტრალური პოლიტიკურად, მაშინ ძალიან აქტიური ვიყავი, ახლა ძალიან ანგაჟირებული გახდა.

მაგრამ სოციალური ქსელი, დღეს, ძალიან აქტუალურია რეკლამისთვის.

კლასიკური რეკლამა კვდება, გადავდივართ ახალ რეალობაზე. მომხმარებელი ლოიალური უნდა იყოს შენ მიმართ. საუკეთესო ვარიანტში, ის კიდევ ახალ მომხმარებელს მოგიყვანს. სოციალურ ქსელში უკვე იმდენი საკუთარი თავის თუ ბრენდის პრომოცია ვნახეთ, რომ ეს უბრალოდ აღარ მუშაობს. დაიკარგა გულწრფელობა, ადამიანი გადაიქცა შეფუთვად. ბუნებრივია, უნდა შევფუთოთ ჩვენი თავები, მაგრამ მხოლოდ საჭირო დროს, საჭირო მომენტსა და სიტუაციაში. აუცილებლად გულწრფელი უნდა იყო  მომხმარებელთან. სიყალბე გამაღიზიანებელი და მიუღებელია, ყველაფერში არ შეიძლება რეკლამა. მე ახლა იმ სტადიაში ვარ, როცა კრეატიული დირექტორი „ანტირეკლამისტად“ გადაიქცევა ხოლმე. ამ დასკვნამდე გულწრფელად საკუთარმა გამოცდილებამ მიმიყვანა. ჩემს 4 წლის შვილს, ელისაბედს რომ ვუყურებ, ვატყობ, როგორ უგულებელყოფს, აიგნორებს რეკლამას. უბრალოდ, არ აინტერესებს.

ელისაბედ ხატიაშვილი

ახლა როგორი რეკლამის დროა?

შენიღბული, ამბის მომყოლი რეკლამა უფრო იმუშავებს. შეიძლება 30 წამს კი არა, ერთ საათს გაგრძელდეს, მაგრამ მოყოლილი ამბით და იმ მედია არხით, რაც ჩვენი სეგმენტისთვის მისაღებია. მთავარია, გულწრფელი ლოიალობა შენი მომხმარებლის მიმართ. ძალიან კარგად მუშაობს შეფასებები და „რევუიები“. ის ვერ იქნება ყალბი. ხალხი მხოლოდ იმას დაწერს, რასაც რეალურად ფიქრობს შენს ბრენდზე. შესაბამისად, დაგეხმარება ახალი მომხმარებლის მოზიდვაში. მთავარია სწორი კომუნიკაცია ბრენდისგან. ამისთვის სულაც არ არის საჭირო უნიკალური სავაჭრო შეთავაზება, ეს უნდა იყოს შენში, შენს კულტურაში. ქართველმა მომხმარებელმა ძალიან ბევრი რამ ისწავლა. დროა,  მივიდეთ იმ „ერთიან“ სტანდარტამდე პირობითად, კარგი ხინკალი იყიდებოდეს ყველგან,  ერთი დაკეპილი ხორცით გთავაზობდეს, სხვა კი გატარებულით. რა არჩევანს გააკეთებს მომხმარებელი, ეს უკვე გემოვნებისა და ბიუჯეტის ამბავია, მაგრამ გვქონდეს სტანდარტი, რომ პროდუქტი ყველგან კარგი იყოს.

გამორჩეული პროექტები თუ გაქვთ? ან თუ არის პროექტები, რომლებსაც ახლა აბსოლუტურად სხვანაირად გააკეთებდით, იმის მიუხედავად, რომ ის შეცდომები თქვენთვის, პრაქტიკული გამოცდილება იყო? 

გამორჩეულად მიყვარს „მიდამო“, „რამეკაი“, სასტუმრო „თუთა“, იქ სადაც სიტყვა- ნიშნის პრინციპი მაქვს გამოყენებული. და რა თქმა უნდა, ჩემი ერთწლიანი პროექტი სიტყვა – ნიშნებზე.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას. მე ის ტიპი ვარ, ვისაც პროცესი უფრო მოწონს, ვიდრე – შედეგი. ჩემ პროექტებს ვუყურებ და ვხედავ შეცდომებს. ჩემი სიძლიერე ზუსტად ესაა – ვაღიარებ მათ და არ მეშინია, რომ ვიღაცის თვალში დავეცემი.

ვისაუბრეთ თქვენს ცხოვრებაზე, რთულ პერიოდებზე შემოქმედებაში. ამ სირთულეებს როგორ უმკლავდებით? თვითინსპირაციას როგორ ახერხებთ? 

ჩემი მთავარი სტიმულატორი და მოტივატორი ადამიანები არიან. პირველ რიგში ეს ჩემი ოჯახია, ჩემი შვილი, ჩემი ცოლი. შემდეგ ჩემი მეგობრები, კოლეგები, სტუდენტები. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობ, რთული პერიოდი გადავლახო თვითგანვითარებით. სულ ვამბობ, როდესაც საქმე არ გაქვს, ისწავლე, გადადი ახალ საფეხურზე, ნუ ელოდები ვიღაცას, რაღაც. იყო პერიოდი, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყველაფერი მე ვიყავი მენეჯერიც, სპონსორიც, მძღოლიც, ექთანიც და სანიტარიც. მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ. დავიწყე კალიგრაფიული ეტიუდების კეთება – ერთი წლის მანძილზე, ყოველ დღე უნდა შემექმნა ერთი სიტყვა-ნიშანი. დავისახე ამოცანა, ერთი ხელის მოსმით, ერთი შეხებით დამეწერა, დამეხატა თითო სიტყვა-ნიშანაი. ეს ხერხი მე ჯერ კიდევ 1999 წელს გამოვიყენე „ლაილაიში“, მერე 2003 წელს იყო კომპანია „ბუ“, მათთვის გავიმეორე. მაგრამ არც მე ვიყავი პირველი და არც ბოლო ვყოფილვარ, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შეიქმნა ენერგეტიკული სასმელის ბრენდი Shark. ასევე საყვარელი ნიშანი/ბრენდი/სახელწოდება არის „რამეკაი“. ამ ნამუშევარს, ქალაქის არქიტექტურის სამსახურიდან, დიდი არაკომპეტენტური კრიტიკა მოჰყვა, არ იკითხება სახელიო. ბრენდი ქვეცნობიერში რჩება არა სიტყვით, არამედ ლაქით. ამიტომ, სულ არ არის აუცილებელი, პროდუქტზე წარწერა დედაენისეულად გარკვევით იკითხებოდეს. ამის უამრავი მაგალითია საერთაშორისო პრაქტიკაში. ეს ცალკე დისკუსიის საკითხია!

ოჯახი: ნინა ხატიაშვილი, ელისაბედ ხატიაშვილი

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

მინდა, ბოლომდე მივიყვანო ჩემი სადოქტორო ნაშრომი, მაგრამ არ ვჩქარობ. ისეთი თემა უნდა გავაკეთო, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ხარისხის დაცვისთვის დაწერილი. მინდა, თემაც და თავად ნაშრომიც პრაქტიკული იყოს. ვიღაცისთვის საინტერესო და გამოსადეგი გახდეს. ყველაფერში ასე ვარ, რასაც ვაკეთებ, მხოლოდ იმ კონკრეტული პროექტით არ მინდა რომ დამთავრდეს, პირიქით, შემდეგ მას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვეს. კიდევ, მყავს ერთი ძალიან კარგი მაგისტრანტი, რომელიც მომავალ წელს დაიცავს ხარისხს. არაჩვეულებრივი პროექტია აქვს და ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ცალკე ამბავია ჩემი კერძო პრაქტიკა და პროექტები. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა, „მიდამო“ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ. 10 მომხმარებლიდან 9 აღფრთოვანებულია, ნამდვილად საერთაშორისო ხარისხის პროდუქტს ვქმნით.

მთელი ჩვენი საუბრის მანძილზე ვფიქრობდი, როგორ ახერხებს ადაპტაციას ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებში, ერთიდან მეორე, ხშირად აბსოლუტურად განსხვავებულ საქმეზე გადართვას, ნებისმიერ დროსა და სივრცეში ალღოს აღებას, როცა ერთი ომის შემდეგ პროფესია შეიცვალა, მეორე ომის მერე კი, ფაქტობრივად, თავიდან დაიწყო კარიერა.

„ეგეთი წრთობა მაქვს. თუმცა, ადრე გაცილებით დიდი ენერგია მქონდა, ნამდვილი ატომური ელექტროსადგური ვიყავი. ნელ-ნელა ძველ ფორმას უნდა დავუბრუნდე. უბრალოდ, მიყვარს ცხოვრება, უფრო ოპტიმისტი ვარ, ვიდრე – პესიმისტი. მიზანი ყოველთვის ერთი მაქვს, ვიყო მაქსიმალურად ადაპტირებული და მინიმალურად დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე“.

დასასრული 

 

ლილე ხმალაძე 

კომპოსტირებადი პირბადე, გარემოს ზიანის შესამცირებლად

გიგანტური მორიელის ფორმის გეიმინგ სავარძელი