in

გიგა ვაშაკიძე – #პირველისამსახური

თბილისში სამშენებლო ბუმი იდგა. ESM-ის მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, ხოლო ჩემი პირველი შეხება კვლევების სამყაროსთან მისტიური მყიდველის როლი იყო. პირველი სამსახური მეგობრებთან ერთად დავიწყე, ჯგუფელებმა გადავწყვიტეთ სწავლის პარალელურად გამოცდილება შეგვეძინა და ცოტაოდენი ფულიც გვეშოვა. ერთ-ერთი კომპანია მსხვილ კვლევით ორგანიზაციას საველე კადრებს სთავაზობდა, სწორედ ასე აღმოვჩნდით მისტიური მყიდველები.

ჩვენი ანაზღაურებადი თავგადასავალი სახალისოდ დაიწყო. მისტიური მყიდველის როლში, სამშენებლო კომპანიებს ვსტუმრობდით და მათი მომსახურების ხარისხს ვაფასებდით. სცენარის მიხედვით, მე და ჩემი მეგობარი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ვიყავით, რომლებიც საცხოვრებლად ცალკე გადასვლას გეგმავენ და პატარა ბინას ეძებენ. მეტი დამაჯერებლობისთვის, ოფისებში შესვლამდე, რიგ-რიგობით ვირგებდით მორჩილი მეუღლის როლს. მორჩილი ქმრის განსახიერებისას ხმას თითქმის არ ვიღებდი და მხოლოდ თვალებში შევციცინებდი ცოლს, რომელიც სამშენებლო კომპანიის გაყიდვების აგენტთან ათას წვრილმანს აზუსტებდა. მეორე სცენარში, მორჩილი ცოლი ჩემგან ოდნავ უკან ჯდებოდა, ბლოკნოტში ყველაფერს რუდუნებით იწერდა და ყველაფერზე მეთანხმებოდა. კვირის დასასრულს, სამუშაო დღის ბოლოს, ყველა „ყალბი წყვილი“ ბარში შევიკრიბეთ, იმ კვირის გამომუშავებულ ხელფასს ვხარჯავდით, როდესაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დაღლილი გაყიდვების აგენტები შემოვიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ. მთელი საღამო ბარის ტერიტორიაზე „ტეტრისის“ ფიგურები ვიყავით, რომლებიც იმის მიხედვით ვტრიალდებოდით ზურგით, საითაც კომპანიის წარმომადგენლები გაიხედებოდნენ.

სამუშაო იყო დინამიკური, მრავალფეროვანი და სახალისო, ამასთან, ჩვენ არ ვიყავით მხოლოდ ინფორმაციის შემგროვებლები, მონაცემების საბაზისო ანალიზსაც ვწერდით, რაც ძალიან საჭირო გამოცდილება გახდა ჩემი შემდგომი კარიერისთვის. ახალი სავაჭრო ცენტრის პოტენციალის შეფასებისას, მცირე მაღაზიების მეპატრონეებთან საათობით ვსაუბრობდით. ჩვენი მიზანი იყო თბილისში სხვადასხვა პროდუქტების კატეგორიის მოცულობის შეფასება და ახალი სავაჭრო ცენტრის პოტენციური მეიჯარეების რაოდენობის და იჯარის ფასის დადგენა. მაშინ მაღაზიის ერთ-ერთმა მეპატრონემ მითხრა: „ჩვენ არ გვყავს კონკურენტები, თავად ვუწევთ მათ კონკურენციას“. ალბათ ის ახლა ერთ-ერთია, ვინც თბილისის მოლებში, ოჯახის წევრებთან ერთად, საყიდლებზე ან გასართობად დადის.

ისე აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა სამსახურის შემდეგ, ისევ დავუბრუნდი კვლევისა და საკონსულტაციო კომპანიას. ამჯერად, ეისითის მენეჯმენტ კონსალტინგის პროექტების მმართველად… და აქ, პირველი სამსახურის გამოცდილება ლოგიკურად შეერწყა ჩემს პროფესიულ ფილოსოფიას – ბიზნესში წარმატებას მომხმარებელი ქმნის. მხოლოდ მასზე დაკვირვებამ და მის კმაყოფილებაზე ორიენტაციამ შეიძლება აქციოს პატარა მაღაზიების დრო, დიდი სავაჭრო ცენტრების ეპოქად, სადაც ალბათ, ახლაც დადიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ხალისობენ და თავიანთ პირველ ხელფასებს გამოიმუშავებენ.

გიგა ვაშაკიძე – ეისითის მენეჯმენტ კონსალტინგის პორტფოლიო ლიდი

თანამშრომელი კომპანიის სარკეაო – ანუ ტოქსიკური კორპორაციული კულტურა და მისი სიმპტომები

მსოფლიო პრესის 2021 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ