თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, გიგი ბუთბაია სწავლას აშშ-ში გააგრძელებს. მან University of New Hampshire-ში სრული დაფინანსება და სტიპენდია მიიღო და მაღალი ენერგიების თეორიის მიმართულებით ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე ისწავლის. უნივერსიტეტი 1886 წელს დაარსდა და ამ დროისთვის 6 კოლეჯს აერთიანებს. იგი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველთვის ერთგულად ამართლებს თავის დევიზს – Science, Arts, Industry.
აღსანიშნავია, რომ გიგიმ ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო მონაწილეობა გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც თავისი სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინა. მან კვლევის ფარგლებში ანალიზურად და რიცხობრივად შეისწავლა ელისის ჭიახვრელის (Wormhole) მეტრიკაში რადიალური ჰიდროდინამიკური დინებების თვისებები და ბგერის ასეთ გარემოში გავრცელება. გარდა ამისა, საინტერესო ფიზიკური რეჟიმები აღმოაჩინა, რომლებიც ასტროფიზიკური ჭიახვრელის იდენტიფიკაციისთვის საჭირო თვისებების დადგენის შესაძლებლობას იძლევა.