გიგი სარჯველაძის სახელი ბევრისთვის ნაცნობი გახდა პოპულარული ბენდის, 4D Monster Lobsters-ის გამოჩენის შემდეგ. თუმცა, მეორე მხრივ, მას კარგად ვიცნობთ კრეატიული ინდუსტრიიდანაც. როგორც თავად გვიყვება, ორ სხვადასხვა სფეროში ბალანსის დაცვა საერთოდ არ უჭირს. მუსიკა მისთვის არა სამსახური, არამედ ცხოვრების ნაწილია, რომლის გარეშეც ვერაფერი წარმოუდგენია. ამჟამად ახალ და საინტერესო მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც ჯერ არ ყოფილა, თუმცა გიგიმ Marketer-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაუზიარა, რომელსაც ინტერვიუს ნაწილში წაიკითხავთ.
სცენაზე ყოველთვის ლაღი და ძალიან ბუნებრივია. მისგან ის ენერგეტიკა მოდის, რომელიც ცოცხალი კონცერტების დროს ყველა მსმენელს ძალიან სჭირდება. ბოლო დროს ის რამდენიმე სხვა არტისტთან კოლაბორაციაშიც ვიხილეთ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაზეც ვესაუბრეთ.
ისე, ამდენი წინაპირობა რა საჭიროა, პირდაპირ გადავიდეთ მთავარ ნაწილზე და უფრო ახლოდან გავიცნოთ კიდევ ერთი მუსიკოსი – გიგი სარჯველაძე:
მე ისეთი ისტორია არ მაქვს, მთელი ოჯახი მუსიკოსი რომაა და მერე ბავშვობიდან, გინდა თუ არა, შენც რომ ამ სფეროს მიჰყვები. თინეიჯერობის ასაკში აღმოვაჩინე ცოტა მძიმე ჟანრები, როგორიცაა მეტალი, ჰარდ-კორ-პანკი და ჩემი საყვარელი ბენდი იყო Bullet For My Valentine, რომელსაც იმ პერიოდში სულ ვუსმენდი. ძირითადად, მათზე და, ზოგადად, ბრიტანულ-ამერიკულ სცენაზე დაკვირვებამ გამიჩინა სურვილი და სტიმულიც, რომ მეც დამეჭირა გიტარა ხელში და დამეკრა.
თავიდან ჩემი მოტივაცია არ სცდებოდა საყვარელი სიმღერების დაკვრას, თუმცა მოგვიანებით, უკვე უნივერსიტეტში სწავლისას, როცა გავიგე, რას ნიშნავს, დაუკრა მსმენელის წინაშე და განიცადო, ასევე, გაცვალო ეს ემოცია, მივხვდი, რომ ბევრად მეტის გაკეთება მინდოდა. პირველი ჯგუფი კურსელებთან ერთად გავაკეთე, შემდეგი იყო ბენდი Trash Box, Metallica-ს Tribute ჯგუფი.
ასე შევდგი ფეხი ამ სფეროში და მომიცვა არა მხოლოდ დაკვრამ, არამედ მუსიკის კულტურამ მთლიანად. იქნება ეს ჩაცმულობა, ურთიერთობები, მენტალური ყოფა თუ მსოფლმხედველობაზე გავლენა.
M: გიგი, როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი, როგორ შეგიძლიათ, დაგვიხასიათოთ ის?
გამომდინარე იქიდან, რომ არაერთი ჯგუფი გამოვიცვალე, ჩემი შემოქმედებითი პროცესიც მრავალმხრივი გამოვიდა. მუსიკოსის ცხოვრებაში არის ისეთი სიტუაცია, როცა თავად უშუალოდ არ არის სიმღერების ავტორი და უბრალოდ შემსრულებელი შეიძლება იყოს, ან თანამონაწილე, და არის ის მომენტი, როცა თავად ქმნი მუსიკას და, რა თქმა უნდა, ამ ორ სიტუაციაში შემოქმედებითობაც განსხვავდება.
დღეს, როცა თავიდან ბოლომდე თვითონ ვწერ მუსიკას, უკვე შემიძლია, ვთქვა, რომ მაქვს ჩემი, როგორც მუსიკოსის ხელწერა. ინსპირაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ვუყურებდე ფილმს ან ანიმაციას და რომელიმე პერსონაჟმა ან მისმა ნათქვამმა ფრაზამ მოიტანოს შთაგონება, რომელზეც მოვიფიქრებ მუსიკას, ხასიათს და შემდეგ მთლიან სამყაროს ავაგებ.
ამ პროცესს არ აქვს სტრუქტურიზებული ფორმა ჩემთვის, საკმაოდ სპონტანურია, არსაიდან შეიძლება მოგივიდეს ახალი თემის იდეა, ჟღერადობა, რომელსაც ყოველთვის ახსნა ვერ ექნება.
M: ვისაუბროთ ერთ-ერთ პოპულარულ ჯგუფზეც, სადაც უკრავდით – 4D Monster Lobsters-ზე, როგორი იყო აქ თქვენი გამოცდილება?
ჩემი აზრით, ამ ბენდის წარმატება იმან განაპირობა, რომ ჩვენ თვითონ ძალიან ვერთობოდით იმით, რასაც ვაკეთებდით, იმხელა სიამოვნება იყო, თუნდაც, ლაივზე დაკვრა, რომ ეს ენერგია გადადიოდა მსმენელზეც. მთელი კონცეფცია, რაც ამ ბენდს ქმნიდა ჩემთვის, იყო გაცვლადი ემოცია და ურთიერთობა, რომელიც იქმნებოდა მუსიკოსებსა და მსმენელს შორის.
M: გარკვეული პერიოდი ასევე ძალიან პოპულარულ ბენდში, Skazz-შიც უკრავდით, ასევე, გქონდათ მრავალფეროვანი კოლაბორაციები – ვისაუბროთ ამაზეც…
Skazz-თან ჩემი თანამშრომლობა იმით დაიწყო, რომ გერმანიის ორ ქალაქში დასაკრავად ემზადებოდნენ და ამ პერიოდში შევუერთდი რამდენიმე სიმღერაზე.
ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ ბევრი მუსიკალური შესაძლებლობა გამომიჩნდა, როგორებიც იყო კოლაბორაციები სხვადასხვა ქართველ მუსიკოსთან. ესენი არიან: ანუკა ყიფშიძე, Mamaflex, რომელთან ერთადაც ორკესტრული პროექტი გავაკეთეთ, სადაც გაერთიანდა: ვიოლინო, გიტარა, კლავიში, დრამი, ბასი და სამი ბექვოკალი. მამაფლექსის სტილის თარგმნამ მთელ ამ მოდელში, სრულიად ახალი და საინტერესო გამოცდილება შექმნა. ამის შემდეგ უკვე ნინი ნუცუბიძესთან ვითანამშრომლე.
ჩემთვის, როგორც სოლოარტისტისთვის ეს ყველაფერი ახალი და საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ბევრ სხვადასხვა მუსიკოსთან გიწევს თანამშრომლობა, მისი მენტალობის გათვალისწინება და ა.შ., რასაც თავისებური ინსპირაციებიც მოაქვს. მივხვდი, რომ თუკი აქამდე შთაგონებას ძირითადად უცხოელ არტისტებში ვხედავდი, ახლა უკვე ქართველი მუსიკოსებისგან უფრო მეტ მუხტს ვიღებ.
M: ამჟამად რაზე მუშაობთ და ვისთან ერთად?
ამჟამად დავაკომპლექტეთ ახალი ბენდი, რომლის წევრებიც ჩემთან ერთად არიან სანდრო ფაილოძე, „ლობსტერების” ყოფილი ბასისტი და სანდრო მენაბდე, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც კრეატორს. ამ პროექტის გამოჩენა თავისი სიმღერითა და ვიდეორგოლით, იგეგმება 10 აპრილს.
მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ჯგუფსაც ექნება საინტერესო კოლაბორაციები, მაგალითად, არტისტთან Nikita, რომელიც პროექტის დისტანციური წევრია; ასევე, სხვა ქართველ მუსიკოსებთან, რომელთაგანაც ზოგიერთი ჯერ არ არის ფართო მასებისთვის ცნობილი.
მთელი ამ პროექტის გზავნილი იქნება მოძრაობა, Movement, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ მუსიკას, არამედ მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა მსახიობები, ფოტოგრაფები და სხვა არტისტები თავიანთი ნამუშევრებით. დღეს ჩვენ მუსიკას არ ვუყურებთ მხოლოდ როგორც რაღაც ჟღერადობას, არამედ ესაა დიდი მოძრაობა თარგმნილი სიმღერების სახით.
M: ვისაუბროთ იმაზეც, როგორ უთავსებთ ერთმანეთს მუსიკოსობასა და კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობას?
გარდა იმისა, რომ ორი სრულიად სხვადასხვა სფეროა, ემოციურ დონეზეც განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. ბალანსის დაცვა არ მიჭირს, რადგან ორივეგან ჩემს საქმეს ვაკეთებ, თუმცა მუსიკა ჩემთვის არის უფრო შინაგანი გატაცება. ხშირად, როდესაც დაკვრაში ანაზღაურება ამიღია, ბოლომდე ვერც ვაცნობიერებ, რომ ესეც სამსახურია, რადგან დღესდღეობით მუსიკა ერთადერთი რამ არის, რისთვისაც არ მენანება დრო, ენერგია და ემოცია.
M: გიგი, საუბრის ბოლოსკენ წავიდეთ და გკითხავთ – რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?
დავუტოვებ ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს, ჩემი, ნინი ნუცუბიძისა და ნიკალა ზუბიაშვილის სიმღერას, რადგან იმის გარდა, რომ საერთო მუსიკა გავაკეთეთ, ეს იყო ჩვენი დამეგობრების დასაწყისი, ამიტომ კარგი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი