in

“მთავარია, არ ვავნოთ გარემოს და საზოგადოებას” – ამბავი “გილიგანის” ჩანთებზე

Startauperi
Startauperi

ბიზნესის წამოწყება ახალგაზრდა დიზაინერმა თათუკა მაჭავარიანმა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ერთ დღესაც სრულიად უჩვეულო მატერიის შესახებ გაიგო. მეორადი ნედლეულისგან დამზადებული თევზის ტყავი მისთვის ჩანთების შექმნის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. საქმიანობაში პროფესიამაც შეუწყო ხელი და ბაზარს მეორადი ტყავის პირველი ჩანთა, რამდენიმე თვის წინ, “გილიგანის” სახელით წარუდგინა. სამუშაო ნედლეულს საზღვარგარეთ უკვეთავს და აღნიშნავს: “ეს კონკრეტული მასალა რომელსაც მე ვიწერ ამ ქარხნიდან, გამოყენებული აქვთ თავიანთ კოლექციებში ცნობილ დიზაინერებს, როგორებიც არიან: Ferragamo, Dior, Prada, Nike, Puma და ა.შ.” ბრენდის დაარსებიდან რამდენიმე თვის თავზე, თათუკა მაჭავარიანმა “გილიგანის” შესახებ ჩვენს კითხვებს უპასუხა.

M: “გილიგანის” ბრენდის კონცეფციაზე გვიამბეთ…

ბრენდი “Gilligan” ქართულ ბაზარზე ხუთი თვეა დაარსდა და აწარმოებს თევზის ტყავისგან დამზადებულ ოთხი სახეობის ჩანთას. ბრენდის მთავარი კონცეფციაა, შექმნას ნატურალური მასალისგან პროდუქტი, რომელიც არ ავნებს გარემოს და საზოგადოებას. 

ბევრს ალბათ დააინტერესებს თუ რა განსხვავებებია ცხოველის და თევზის ტყავების წარმოებაში. თევზის ტყავი 100% ნატურალური და ცხრაჯერ უფრო გამძლეა ვიდრე ცხოველის ტყავი, რადგან თევზის კანის ფსკერებში ბოჭკოვანი ჯვარია და ეს ხდის ბევრად უფრო გამძლე ტყავის პროდუქტს.

M: ალბათ, ეკოისტებს დააინტერესებთ, როგორ მოიპოვება ნედლეული იმ ტყავისთვის, რომელსაც წარმოებაში იყენებთ…

დღესდღეობით, ბევრს აღიზიანებს ცხოველის გატყავების ფაქტი იმისთვის, რომ შექმნას ჩანთა, ფეხსაცმელი და ა.შ. ამ შემთხვევაში, თევზის ტყავის მთავარი დადებითი მხარე ის არის, რომ თევზებს გამიზნულად ტყავების შესაქმნელად არ კლავენ. ტყავი, რომელიც ჩანთის შესაქმნელად გამოიყენება, არის მეორადი გადამუშავების. ეს გულისხმობს იმას, რომ ტყავების მოპოვება სხვადასხვა ინდუსტრიიდან და საკვები ობიექტებიდან ხდება.

M: ეს საქმე როგორ წამოიწყეთ და კონკრეტულად, ჩანთების წარმოება რატომ გადაწყვიტეთ?

ჩანთების წარმოება ამ ულამაზესი ტყავის ხათრით გადავწყვიტე. როდესაც აღმოვაჩინე თევზის ტყავი და გავეცანი მასალას, მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ეს პროდუქტი უცხო, ჯანმრთელი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ერთი წლის წინ, თბილისში შევხვდი ამერიკელ მეცნიერს, რომელმაც მაჩვენა ქარხანა, სადაც აწარმოებენ თევზის ტყავებს. ზუსტად აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება ნატურალური მასალების მიმართ. ტყავები ქარხნიდან პატარ-პატარა ზომებით ჩამოდის. ამის გამო, ჩანთის შექმნა გადავწყვიტე, რომ მომხმარებლისთვის ფინანსურად მისაღები ყოფილიყო შესაძენად. ტყავის ერთი ნაჭერი საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ ჯერჯერობით, პატარა ზომის ჩანთებს ვქმნი. თითო ჩანთაზე ორი ან სამი ნაჭერი იხარჯება. ტყავებს გამზადებულსა და დამუშავებულს ვიწერ ქარხნიდან, რომელიც ეგზოტიკურ ადგილას მდებარეობს და შემდეგ, საქართველოში იქმნება ჩანთები. 

M: პროფესიით ვინ ხართ და “გილიგანამდე” რას საქმიანობდით?

პროფესიით დიზაინერი ვარ. დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მოდის ფაკულტეტი. ჩემს პირველ სადიპლომო კოლექციას ერქვა “ემოცია”. სადიპლომო კოლექციით თბილისის მოდის კვირეუზე ერთ-ერთ კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა . კონკურსზე დამაჯილდოვა ონლაინ ჟურნალმა “Now Fashion” და ჩემი ინტერვიუც ჩაწერეს.

M: თავად, სახელი “გილიგანი” რატომ ჰქვია?

როდესაც ბრენდს ვქმნიდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა სახელი ერქმეოდა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ “Gilligan” დამერქვა. ეს სახელი ამერიკაში ერთ-ერთ მაღალი დონის სათევზაო ტურს ჰქვია. თემატურად მინდოდა, რომ ბრენდის სახელი მიახლოვებული ყოფილიყო თევზის ტყავთან. ამის გარდა, სახელი “Gilligan”-ი ძალიან მოვუხდინე ჩემს ბრენდს.

M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ამ საქმის კეთება თქვენთვის?

დამუშავების პროცესი ძალიან რთულია, რადგან თევზის კანი უფრო თხელია. ასევე დიდი შრომა ჭირდება იმას, რომ სუნი არ ჰქონდეს პროდუქტს. მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა დადებითი ფუნქციები აქვს თევზის ტყავს. 

ამ ბიზნესის კეთება ჩემთვის ბევრ სირთულეს წარმოადგენს, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბრენდი მაღალ სეგმენტზეა გათვლილი და შესაბამისად, ყველაფერი, რეკლამა, მარკეტინგი, მასალა და სხვა, მაღალხარისხიანი უნდა იყოს, რაც ფინანსურად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

M: როგორ სეგმენტზეა გათვლილი და სად იყიდება “გილიგანის” ჩანთები?

ბრენდი საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი, ჩანთის ღირებულებიდან გამომდინარე. ამ დროისთვის, ჩანთები თამარ ჭოველიძის 8-ნომერში,- “Georgian Designers Room”-ში დევს გასაყიდად. ონლაინ მომსახურებაც გვაქვს. 

M: ამ ბიზნესს რომ არ უძღვებოდეთ, რით დაკავდებოდით?

ამ ბიზნესს რომ არ ვუძღვებოდე, ალბათ ტანსაცმის ხაზს გავყვებოდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა სურვილი, რამე განსხვავებული შემექმნა. ეს სურვილი ამისრულდა, რადგან საქართველოში ჯერჯერობით ამ მასალას მხოლოდ ბრენდი “Gilligan” იყენებს.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

სამომავლოდ, ვაპირებ სხვადასხვა მაღაზიაშიც შევიტანო პროდუქტი და ექსპორტზეც გავიტანო. ასევე, ვაპირებ ფეხსაცმლის წარმოებას და ვეგანური ტყავების გამოყენებას როგორებიცაა: კაკტუსის ტყავი, სოკოს ტყავი და ა.შ. 

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

3 რჩევა, გუნდთან უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლად

Photoshop 30 წლისაა – ნახეთ ვიდეო, სადაც პროგრამის პირველ ვერსიას გვიჩვენებენ