2
Aug
2019

წვეროსანო მამაკაცებო, ყველაფერი თქვენი ბრალია! – Gillette საპარსს ვეღარ ყიდის

2 Aug 2019

წვეროსანო მამაკაცებო, Gillette ფინანსურ ზარალში გადანაშაულებთ. ბოლო წლებში, განსაკუთრებით პოპულარული გახდა წვერის მოვლის კულტურა. ამან კი, ნეგატიურად იმოქმედა Gillette-ის საპარსი საშუალებების გაყიდვებზე. 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, Procter & Gamble-მა $5 მლრდ იზარალა. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, Gillette-ის ბრენდის გაყიდვები 12-დან 11 თვის მანძილზე განიცდიდა ვარდნას. P&G-ის ფინანსური დირექტორის, ჯონ მელერის თქმით, საპარსი საშუალებების რეალიზაციის შემცირება დაბალმა მოხმარებამ განაპირობა. Euromonitor-ის ინფორმაციით, ბოლო ხუთ წელიწადში, ეს ბაზარი აშშ-ში 11%-ზე მეტით შემცირდა.

მიზეზს მილენიალებში ხედავენ, რომლებმაც, მოდის გამო, წვერის გაპარსვა უფრო იშვიათად დაიწყეს. წვერიანი მამაკაცი სოციუმში უფრო მოწიფულად და საიმედოდ ითვლება, წერენ ჟურნალში Behavioral Ecology. მეცნიერი ჩარლზ დარვინი კი თვლიდა, რომ ადამიანის ევოლუციის მანძილზე, წვერს არ დაუკარგავს მნიშვნელობა და წვეროსანი მამაკაცი ყოველთვის უპირატესობით სარგებლობდა პარტნიორის შერჩევისას.

თუმცა, სხვა მიზეზიც არსებობს. კერძოდ ის, რომ ცვლადი საპარსი არც ისე იაფია და ყოველწლიურ ხარჯს, დაახლოებით, $200-ით ზრდის. ამდენად, ზოგიერთი ამერიკელის თქმით, ურჩევნია ამ თანხით კარგად ივახშმოს, ვიდრე წვერი გაიპარსოს.

განხილვა