გინესის რეკორდის ამბები იმ პერიოდიდან დაიწყო, როცა ირლანდიის საგრაფო ვექსფორდში ნადირობები იმართებოდა. 1951 წლის ნოემბერში Guinness Brewery-ის მმართველი ხელმძღვანელი ჰიუ ბივერი ჩაერთო კამათში, თუ რომელი იყო ყველაზე სწრაფი ფრინველი ევროპაში. ზოგიერთი ოქროსფერ მეჭვავიას ასახელებდა, რომელსაც იმ დღეს არა ერთი ტყვია ააცილეს… სახლში დაბრუნებისას კი აღმოაჩინეს, რომ არ არსებობდა წიგნი, რომელსაც ამ თეორიის დადასტურება ან უარყოფა შეეძლებოდა.
მართალია, მრავალი კამათი დაწყებულა, მათ შორის ლუდის ბარებშიც, ისეთი საკითხების ირგვლივ, რომლებიც სიტყვებით „ყველაზე დიდი…“, „ყველაზე მოკლე…“, „ყველაზე სწრაფი…“ იწყებოდა, მაგრამ აქ პასუხი მხოლოდ იმის მიხედვით მიიღებოდა, თუ რომელი წარმოადგენდა მეტად მყარ არგუმენტებს ან საერთოდაც, ამაზე ვერასდროს თანხმდებოდნენ. აქ კი ბივერმა გააანალიზა, რომ წიგნი, რომელსაც მსგავსი კამათის გადაწყვეტა შეეძლებოდა, წარმატებული გახდებოდა.
თუმცა ეს ამბავი კონკრეტულ იდეაზე მუშაობის დაწყებით ნამდვილად არ გრძელდება. ნადირობიდან 3 წლის შემდეგ, 1954 წელს ბივერის თავისი ლუდსახარშის პოპულარიზაცია დასჭირდა და კვლავ ერთი, ჩვენთვის უკვე ნაცნობი კითხვა გაახსენდა — რომელია ყველაზე სწრაფი ფრინველი ევროპაში? პოპულარიზაცია ამ ლუდსახარშზე საუბრების წამოწყებას რომ ნიშნავდა, ეს კარგად იცოდა. იმასაც დაუკავშირა, მსგავსი კითხვები კამათის საგანი რომ ხდებოდა და ასე მივედით გინესის პირველ წიგნამდე. ქვეყნის მასშტაბით არსებულ ლუდის ბარებში უფასოდ დაარიგა, როგორც გინესის სარეკლამო აქტივი და იმდენად პოპულარული გახდა, რომ თაროებიდან იპარავდნენ კიდეც…
ამხელა აჟიოტაჟმა ბივერი წიგნის კომერციალიზაციაზეც დააფიქა, რის გამოც საუკეთესო მკვლევრების დაქირავება გადაწყვიტა — ოლიმპიური მორბენალი კრის ჩატევეი, რომელიც ბივერის პაბშიც იყო დასაქმებული, მას ტყუპი ძმების ნორისისა და როს მაქუართერების შესახებ მოუყვა. ისინი ლონდონში სააგენტოს მართავდნენ, რომლის მთავარი საქმიანობაც სწორედ ფაქტების მოძიება იყო. 1954 წლის 12 სექტემბერს კი ბივერმა მათ ჩანაწერების კოლექციის გამოქვეყნება შესთავაზა და იმდენად მოხიბლულნი დარჩნენ წინადადებით, რომ იმწამსვე დათანხმდნენ.
თუმცა იმ წიგნზე მუშაობა, რომელიც ყველა კითხვას უპასუხებდა, არც ისე მარტივი იყო… ისინი ყველა სფეროს გამოჩენილ წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, დაწყებული ასტროფიზიკოსებით, დამთავრებული ზოოლოგებით — გინესის რეკორდების წიგნი 1955 წლის 3 ოქტომბერს გამოიცა.
და რომელი იყო გინესის პირველი რეკორდი? რადგანაც ოფიციალური სანდო ცნობები ამის შესახებ ნაკლებად მოიძებნება, ამ და ბივერის კითხვაზე, თუ რომელი ფრინველია ყველაზე სწრაფი ევროპაში, პასუხი ერთია: წითელმკერდიანი მერგანსერი (Mergus serrator) იხვის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც 130-კილომეტრიანი მაქსიმალური ფრენის სიჩქარით ყველაზე სწრაფი ფრინველი ოფიციალურად გახდა.
მართალია, 1951 წელს ნადირობისას დაწყებული კამათი „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის“ შექმნამ მასში ჩართული პირების სასარგებლოდ ვერ გადაწყვიტა, მაგრამ ეს კვლავ მიგვანიშნებს, რომ ობიექტური წყაროების არსებობა მნიშვნელოვანია. გინესის რეკორდების, უკვე როგორც ბრენდის ხედვაც ადამიანების წახალისებას ეხება, დასვან მეტი კითხვა და იპოვონ პასუხები, რადგან მათთვის ბედნიერება სწორედ რაღაცების აღმოჩენიდან მოდის…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი