სააგენტო +VAT-მა, „ჯინო ფერედაისისთვის“ ბრენდის ახალი იდენტობა შექმნა. მასშტაბური აკვაპარკი, რომელიც უკვე 10 წელია ემსახურება ვიზიტორებს, ახალი სტრატეგიით, საკომუნიკაციო სტილით, ვიზუალური ბრენდინგითა და სახელდებით წარდგა მომხმარებლის წინაშე. რებრენდინგზე +VAT-ის გუნდში იმუშავა სტრატეგიულმა ტანდემმა, გიორგი ტაბატაძისა და ვასკა ჩუბინიძის შემადგენლობით, არტ-დირექტორი გიორგი ქვლივიძე გახლავთ, დიზაინერი კი ვანო საგინაშვილი. განახლებულ „ჯინო ფერედაისს“ ახლა უკვე „ჯინო აკვაპარკი“ ჰქვია. პროექტის შესახებ ბრენდის სტრატეგი გიორგი ტაბატაძე გვესაუბრა.
M: რა იყო შემოქმედებითი ჯგუფის დავალება?
„ჯინო ფერედაისი“ 2014 წელს გაიხსნა და საქართველოს უდიდესი აკვაპარკია. ამ დრომდე, მან უამრავ ადამიანს აჩუქა დაუვიწყარი მოგონებები. ათწლიან პერიოდში პარკის განვითარება კვლავაც გრძელდებოდა. ახლა კი, დადგა მომდევნო ეტაპი, როცა კიდევ ერთხელ უნდა გადაგვეაზრებინა ამ ბრენდის არსი და მის განახლებაზე გვეფიქრა.
M: რა შეიქმნა რებრენდინგის ფარგლებში?
რებრენდიგის ფარგლებში, პირველ რიგში, ბრენდის პოზიციონირება გადავიზარეთ. თუკი ადრე ის ძირითადად ბავშვების გასართობ ადგილად იყო აღქმული, ახლა გვინდა ადამიანებს დავანახოთ, რომ ეს პარკი ოჯახის ყველა წევრის გართობასა და გამხიარულებაზე ზრუნავს. აქ ბავშვებს (და არა მარტო მათ) შეუძლიათ ფანტასტიკური დრო ატარონ წყლის ატრაქციებზე, მშობლებს კი შეუძლიათ სპა სერვისებით სარგებლობა, განმუხტვა და გაჯანსაღება.
განახლებული პოზიციონირების შესაბამისად, დაკორექტირდა სახელდება. ახლა, ჩვენს ბრენდს „ჯინო აკვაპარკი“ ჰქვია. სრულიად შეიცვალა ვიზუალური იდენტობა. შეიქმნა ახალი სიმბოლო, რომელიც პარკის მთავარ ატრაქცია “Topogun”-ს გამოხატავს. სტრატეგიულად განისაზღვრა განვითარების უახლოესი ნაბიჯები.
M: როგორია ჯინო ფერედაისის ბრენდის კონცეფცია, განახლების შემდეგ?
„ჯინო პერედაისის“ განახლება, კიდევ უფრო დიდი პროექტის ნაწილია. აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც თბილისის ზღვის პირას ცხოვრების გამოცდილებას შექმნის და მაცხოვრებელებისთვისა და სტუმრებისთვის ჯანსაღი გართობის ეპიცენტრი იქნება. „ჯინო აკვაპარკი“ ამ გამოცდილების ლოკომოტივი იქნება, თუმცა მას ზურგს კიდევ უამრავი ატრაქცია გაუმაგრებს, ხმელეთზეც და ზღვის პირასაც.
M: როგორი სიმბოლური დატვირთვა აქვს ვიზუალურ ნაწილს?
გიორგი ქვლივიძე: განახლებულმა ბრენდ პლატფორმამ მკაფიოდ გვიკარნახა მე და ვანოს საით უნდა წავსულიყავით და ამიტომაც მხატვრული პროცესი „წყალივით“ წავიდა. მთავარი მიზანი ჩვენთვის იყო, ახალ სტილში, ჯინოს მრავალწლიანი მემკვიდრეობა არ დაგვეკარგა. მთავარ სიმბოლოში „ტობოგანის“ გამოსახულება ასე გამოჩნდა და ამასთან ერთად, ახალი ლოგოტიპის ქვეშ, ძველი ლოგოდან სახასიათო ტალღა შევინარჩუნეთ. „ტობოგანის“ სასრიალო მარშრუტები კი, გახდა ვიზუალური სტილის საერთო შემკვრელი, რომელთა თანაკვეთით შექმნილი მკვეთრი ორნამენტები, ჯინოს ბრენდის ხასიათის მატარებელია ლოგოს გამოუყენებლადაც. ფერთა პალიტრა გამდიდრდა და ბრენდი ბევრად ჭრელი გახდა, რითაც აკვაპარკისთვის აუცილებელი სილაღე და მხიარულება გამოვხატეთ.