ქართული სტარტაპი „ტენე“ Amazon-ზეა – ახლა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათი Android USB კაბელები იყიდება. მართალია, ინვესტიციის მოზიდვა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში, ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიკავონ. რა სირთულეებია და როგორ შეიძლება, თუნდაც თქვენი პროდუქცია, ამ პლატფორმაზე მოხვდეს? რა უნდა გააკეთოთ ადაპტაციისთვის ან თავად როგორ ახერხებს ამ ყველაფერს „ტენე“? – მისი დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი გვიამბობს:

„Amazon-ზე დარეგისტრირება, პრინციპში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუმცა, ამისთვის გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო. პირველ რიგში, კომპანიამ უნდა გახსნას ანგარიში ამერიკაში ან ბრიტანეთში. შემდეგ უკვე იწყება მუშაობა პროდუქციის წარდგენაზე – სურათებზე, შიდა ინფორმაციაზე, პროდუქტის დადებით თვისებებზე და შესაბამის სარეკლამო კამპანიაზე, რომელიც თავად „ამაზონს“ გააჩნია. დასაწყისისთვის, საჭიროა გარკვეული თანხა, რეკლამისთვის, გაყიდვების და შესაბამისად, დადებითი შეფასებების მისაღებად. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეული პერიოდულობით, პირობითად, თვეში ერთხელ, პროდუქციას ვაგზავნით Amazon-ის საწყობში. სწორედ აქედან ხდება გამოწერისას, მისამართზე გაგზავნა. ამ მომსახურებით სარგებლობის „ბენეფიტი“ ის არის, რომ ვართ „ამაზონის“ პრაიმში, ანუ ვინც ჩვენს კაბელს შეიძენს, მიტანის სერვისის ღირებულებას არ იხდის“.
რა არის საჭირო Amazon-ზე ადაპტაციისთვის და თქვენ როგორ ახერხებთ ამას?
სანდრო ლილუაშვილი: სანამ მომხმარებელი გაგიცნობს, რეკლამაში მეტი თანხა უნდა გადაიხადო. როცა ნელ-ნელა გაყიდვები იწყება და შენს პროდუქციას დადებით შეფასებებს უწერენ, პლატფორმაც ხვდება, რომ კარგ პროდუქტს ყიდი, სანდო კომპანია და მიმწოდებელი ხარ და რეიტინგს გიმატებს – მათი მიზანიც ხომ, რეალურად, ესაა: რაც უფრო კარგ პროდუქტს გაყიდიან, მით უფრო სანდო სახელი და მეტი გაყიდვები ექნებათ. ჩვენ ეს ეტაპი, რაღაც დონეზე, გავიარეთ, უკვე მივიღეთ დადებითი შეფასებები. ასეთ დროს შესაძლებელია, უფასოდაც შესთავაზოს „ამაზონმა“ პროდუქტი მათ, ვისაც USB კაბელის შეძენა უნდა. ახლა იმედი გვაქვს, უფრო მეტად გაიზრდება გაყიდვები და ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ჩვენი პროდუქტის გაყიდვა „ამაზონზე“. ეს არის ურთულესი პროცესი. წარმოიდგინეთ, ამერიკის ძალიან დიდ და კონკურენტულ ბაზარზე შენი წილი უნდა მოიპოვო. ეს ხომ არ არის თავისუფალი ნიშა, რომელსაც დაიკავებ?რეალურად, საკუთარი პროდუქტით სხვა უნდა ჩააჩოჩო.
ალბათ, ეს ძალიან რთული პროცესია . . .
შეფასება ხდება ქულებით. მაქსიმალური შეფასება არის 5. მაგალითად, ჩვენ ახლა გვაქვს 4.5 და ეს ნამდვილად დადებითი შეფასებაა. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველმა მომხმარებელმა, რომელიც შემოვა, იყიდოს ჩვენი პროდუქცია, რომ რეიტინგი შევინარჩუნოთ.
ასეთ დროს რა სირთულეებია მოსალოდნელი და რა უნდა გააკეთოს კომპანიამ? თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით?
ასეთ კონკურენტულ გარემოში, მომხმარებელმა არჩევანი შენს პროდუქციაზე რომ შეაჩეროს, დეტალურად უნდა აღწერო მისი უპირატესობები. მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ვიზუალურადაც ძალიან დახვეწილი იყოს. პირველ რიგში, უნდა გქონდეს ძალიან კარგი ხარისხის ფოტოები. ჩვენმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ყველაზე უკეთესი შეფასებები და შესაბამისად USB კაბელების გაყიდვები იმ კომპანიებს აქვთ, რომლებიც მაღალი ხარისხის ფოტოებს ათავსებენ. როგორც აღმოჩნდა, ეს არა ფოტოაპარატით გადაღებული, ჩვეულებრივი ფოტოები, არამედ კომპიუტერული გრაფიკით გაკეთებული ვიზუალებია. ასე გაცილებით უკეთ შეიძლება პროდუქტის უპირატესობების ხაზგასმა, უფრო დეტალურად და ზუსტად მათი წარმოჩენა. წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი, კონკურენტი პროდუქციის სურათებია და შენ ისე უნდა მოხიბლო მომხმარებელი, რომ ყველა ალტერნატივიდან შენი პროდუქცია აირჩიოს. ვიზუალების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია დეტალური აღწერა – შენი პროდუქტის უპირატესობები. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში: რამდენად გამძლეა კაბელის თავები, რამდენად სწრაფად ტენის, აზიანებს თუ არა ელემეტნს და შეიძლება თუ არა მისი ღამე დატოვება, ასევე მნიშვნელოვანია შესთავაზო გარანტია, რომ დაზღვეულად იგრძნოს მომხმარებელმა თავი და უფრო მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება.
დღეს როგორი გაყიდვები გაქვთ?
ერთეული შემთხვევები იყო, რომ „ამაზონმა“ რეკლამის გარეშე ამოუგდო მოხმარებელს, ძებნისას, ჩვენი პროდუქცია. ძირითადად, სულ რეკლამით გვიწევს გაყიდვა, კიდევ რამდენიმე თვე დაგვჭირდება, სანამ ნორმალურ პოზიციებსა და ნდობას მოიპოვებს ჩვენი პროდუქცია. ნახევარი გზა გავლილი გვაქვს. ახლა საჭიროა, უფრო მეტი დადებითი შეფასება მივიღოთ, რომ უფრო სარწმუნო და სანდოები გავხდეთ.
ტექნიკური დეტალების, სწორი ვიზუალებისა და აღწერის გარდა, კიდევ რა შეიძლება ამისთვის გააკეთოთ?
ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია. მაგალითად, პროდუქტთან ერთად, წერილის დართვა. ასევე საჭიროა, შეფუთვა იყოს ლამაზი. მომხმარებელი ამანათს რომ მიიღებს, ისეთი კმაყოფილი უნდა დარჩეს, რომ სურვილი გაუჩნდეს, შემოვიდეს და დააკომენტაროს შენს პროდუქციაზე. ბუნებრივია, თავად ნივთი უნდა იყოს ხარისხიანი, რომ ამ პლატფორმაზე ჯერ შენი ადგილის მოპოვება, შემდეგ კი მისი შენარჩუნება შეძლო. ამაზე, პრინციპში, საუბარიც არ უნდა იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გონივრულად დაგეგმო ყველაფერი, შეარჩიო სწორი საძიებო სიტყვები, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს შენი პროდუქცია და მოახერხო მინიმალური დანახარჯებით მეტი გაყიდვის მიღება.
პროდუქციას რას შეეხება, მის დახვეწაზე მუშაობთ?
თავიდან ეს ბიზნესი რომ დავიწყეთ, ძალიან ბევრ ქარხანასთან ვთანამშრომლობდით. დღეს გვყავს ერთი მომწოდებელი, რომელიც საუკეთესო პროდუქციას გვთავაზობს, რაც კი USB კაბელებს შორის ბაზარზე არსებობს. შემდეგ ეტაპზე, ალბათ, თებერვლიდან გადავალთ, როცა ჩვენ თვითონ დავიწყებთ წარმოებას. ყველა საჭირო დანადგარი როგორც იქნა შევიძინეთ, რომლებიც დაახლოებით, ორ თვეში ჩამოვა საქართველოში და აქ დავიწყებთ წარმოებას. ასე კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ხარისხს, შევცვლით სათადარიგო დეტალებს, საწარმოო მასალებს. მანევრირების მეტი საშუალება გვექნება, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო უკეთესი პროდუქციის შექმნის საშუალებას მოგვცემს.
თქვენი USB კაბელები საქართველოშიც იყიდება?
კი და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ უკვე შევედით უბნის მარკეტებში და სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში. დღეს ჩვენი USB კაბელები წარმოდგენილია „ევროპროდუქტში“, „ელიტ ელექტრონიქსში“. ახლა „უნივერსამში“ და საქართველოს ფოსტის გაზეთის ჯიხურებში შევდივართ და კიდევ რამდენიმე ქსელთან გვაქვს მოლაპარაკება. ეს პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. საქართველოში, ანდროიდთან ერთად, Apple-ს USB კაბელებსაც ვთავაზობთ მომხმარებელს.
ადგილობრივ ბაზარზე როგორი კონკურენციაა?
ჩვენს კაბელს ერთწლიანი, უპირობო გარანტია აქვს და მომხმარებელმა იცის, რომ როცა „ტენეს“ ყიდულობს, მინიმუმ 1 წელი აღარ უწევს USB კაბელში თანხის გადახდა. ადგილობრივ ბაზარზე ძირითადი კონკურენცია გაქვს ჩინურ, იაფფასიან და დიდი რაოდენობით შემოტანილი პროდუქციასთან. და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არც თუ ისე მარტივია. ფაქტობრივად, აქაც გვიწევს ბრძოლა ბაზარზე ჩვენი ადგილის მოსაპოვებლად. მაგრამ უკვე ბევრი გვიცნობს და საკმაოდ დიდ ქომაგობასაც ვგრძნობთ ქართველი მომხმარებლებისგან, რადგანაც ქართული ბრენდი ვართ და ნელ-ნელა დადებითი შეფასებები, საკმაოდ კარგი სახელი და ნდობაც მოვიპოვეთ.
[R]













