in

„ცუდად ვარ თუ კარგად, მუსიკა ჩემთვის გამოხატვის საშუალებაა” – გიორგი ამაშუკელი

მათ, ვინც ანდერგრაუდმუსიკას უსმენენ და თვალს ადევნებენ ამ მიმდინარეობაში მოღვაწე არტისტებს, ჯგუფი “SEEME” კარგად იციან. ის დაახლოებით ოთხი წელიწადია, რაც არსებობს და ხშირად ნახავთ სხვადასხვა ფესტივალსა თუ ისეთ აქცია-პერფორმანსებზე, სადაც თამამი და გახსნილი მუსიკით, რეალობისთვის თვალის ჩახედვა ხდება საჭირო. 

ჯგუფის ვოკალისტი და, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელი გიორგი ამაშუკელია, ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მუსიკით, არამედ, ზოგადად, სფეროს აქტიური მხარდაჭერითაა გამორჩეული. თუ თავისუფლების მოედნის ქუჩებში გისეირნია, პატარა ბარი „მაკულატურაც” გექნება ნანახი, რადგან ის თითქმის უხსოვარი დროიდან არსებობს და ყველა მუსიკოსმა თუ მელომანმა იცის. ამ სივრცით გიორგი კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო და ყველამ იცის, რომ აქ უცვლელად ნამდვილი როკსული ტრიალებს და არსად მიდის.

გიორგისთვის “SEEME” პირველი ბენდი არ არის. უკვე წლებია, ის მუსიკას აკეთებს, წერს ტექსტებს და თავად უკეთ მოგვიყვება, სად და როდიდან, როგორ მოვიდა აქამდე. მასთან საუბარი იმითაცაა საინტერესო, რომ არ ცდილობს, თავი მოგაწონოს, როგორც რესპონდენტმა, ის შეულამაზებლად, გულახდილად გიყვება როგორც დადებით, ისე ბნელ მხარეებზე და არც თავისი პირადი ტკივილების გაზიარებისგან იკავებს თავს, რაც ყველაზე მეტად უხდება ხელოვნებას და, ალბათ, სტატიაც სწორედ ამ მიზეზით გამოვა საინტერესო.

გიორგი ამაშუკელი:

ბავშვობაში უფრო მეტად სპორტით ვიყავი დაკავებული, თუმცა ჩემს სახლში კლასიკური მუსიკა სულ ჟღერდა, რადგან დედა კომპოზიტორია, ხოლო მამაჩემი ძალიან გემოვნებიან მუსიკას მასმენინებდა. 

დაახლოებით 15-16 წლის ასაკში როცა ვიყავი, მე და მამა მანქანაში S.O.A.D-ს ვუსმენდით და ბასზე ვიკითხე, ეს რა ინსტრუმენტია-მეთქი. მანაც ამიხსნა, რა იყო და რა განსხვავებაა კლასიკურ გიტარასა და ბასს შორის. ამან ისე დამაინტერესა, მაშინვე ვთქვი, ბასისტი გამოვალ-მეთქი. ეს სურვილი კიდევ უფრო მას მერე გამიმძაფრდა, რაც გიტარის სასწავლად კაკო ვაშალომიძესთან მიმიყვანეს და მან მითხრა, რომ ჩემგან ბასისტი უფრო გამოვიდოდა. კაკომ გამიშვა ალეკო ბერძენიშვილთან, სადაც უკვე სერიოზულად დავიწყე ბასგიტარის შესწავლა. 

M: როგორ მოხვდით პირველად ბენდში და მოგვიყევით სხვადასხვა მუსიკალური პროექტის შესახებ…

17 წლის ვიყავი, როცა მიხო გვასალიასთან ერთად შევკარით ბენდი და დავარქვით The Georgians. თავიდან სხვა ვოკალისტს ვეძებდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ რამდენიმე სიმღერა მე ვიმღერე და დავრჩი კიდეც ბას-ვოკალისტად. 

საკმაოდ დიდხანს, 16 წელიწადს გაგრძელდა ეს მოგზაურობა, თუმცა, როცა დავინახეთ, რომ პასიურ მდგომარეობაში გადავიდა, სათანადო დროს ვეღარ ვუთმობდით, ბენდმა არსებობა შეწყვიტა.

The Georgians-ის პარალელურად, დამიძახეს ბენდში „ფინქ პანტერა”. თავიდან მხოლოდ ბასისტი სჭირდებოდათ, თუმცა ისე მოხდა, რომ ვოკალისტი წავიდა და აქაც მე დავიწყე სიმღერა. The Georgians-ისგან განსხვავებით, სადაც ალტერნატიულ მუსიკას ვაკეთებდით, ეს ბენდი უფრო პოპროკ ჟანრში იყო, დაახლოებით Green Day-ს სტილში.

დღესდღეობით კი, როგორც უკვე იცით, ვარ SEEME-ში, რომელიც შედარებით მძიმეა. ამ სტილს ჰქვია „სთოუნერი” და შედარებით ახალი მიმართულებაა – გრანჟისა და პროგრესივის ერთობლიობაა.

M: გიორგი, თქვენთვის, როგორც არტისტისთვის, როგორია შემოქმედებითი პროცესი?

ყოველთვის განსხვავებულია – ხან რაზეა დამოკიდებული, ხან რაზე. მთლიანობაში რომ შევაჯამო, სხვადასხვა ასაკში შემოქმედებასაც სხვანაირად უდგები. გაქვს ასაკი და პერიოდები, როცა მუსიკის კეთების დროს შეიძლება დალიო, მერე სრულიად სიფხიზლის ეტაპი დგება და ა.შ.

ჩემს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე უფრო love store-ები იყო ხოლმე, რის გამოც, ტექსტები ცოტა ბანალური იყო. SEEME-ს უფრო მძიმე და სევდიანი ამბავი უძღვის წინ, მე და ჩემს მეუღლეს პირველი ბავშვი დაგვეღუპა, ამ დროს შემოქმედებითი პაუზა მქონდა და მივხვდი, მუსიკაში თუ არ დავბრუნდებოდი, შეიძლება ძალიან ღრმა დეპრესიას ჩავეთრიე. მუსიკამ და ბენდის შექმნამ მდგომარეობიდან გამომიყვანა.

ზოგადად, მუსიკა ჩემთვის ძალიან ცხოვრებისეულია – როცა რაღაც ცუდი ხდება, მაშინაც გამოხატვის საშუალებაა და როცა პოზიტიურ ტალღაზე ვარ, მაშინაც. სულ ვამბობ, რომ შეიძლებოდეს, სტუდიაში ვიცხოვრებდი, რადგან მანქანასავით ვარ, სულ ვწერ, რაღაცას არასოდეს ველოდები, ჩემს თავში ახალი ტრეკის იდეები მუდმივად ტრიალებს. რა თქმა უნდა, შეიძლება 20 სიმღერა დავწერო და იქიდან მერე მხოლოდ 5 ამოვარჩიო გამოსაქვეყნებლად, მაგრამ თვითონ ეს პროცესი სულ მიმდინარეობს.

M: რა არის თქვენი შემოქმედებითი გზავნილი, რისი მიტანაც გსურთ მსმენელამდე?

რაღაც ჩანაფიქრი ყოველთვის მაქვს, თუ რას ეძღვნება სიმღერა. როგორც აღვნიშნე, თავიდან უფრო სასიყვარულო თემატიკაზე ვწერდი, მერე იყო უფრო როკ ენ როლი და ნარკოტიკების წინააღმდეგ გამოსვლა, რასაც მთელი ალბომი მიეძღვნა და ბოლო ალბომი გავაკეთე უფრო პოლიტიკური, მე ვიტყოდი, ანტიპუტინისტური, რომელიც მოიცავდა ომის თემატიკას, იმ ბუნებრივ ნეგატივს, რაც რუსეთისა და მისი პოლიტიკის მიმართ არა მარტო ჩემში, არამედ ყველა ნორმალურ ადამიანში არსებობს. ვფიქრობ, რომ როკმუსიკოსს, რომელსაც არ აქვს პროტესტის განცდა, ის ბოლომდე როკმუსიკოსი არ არის.

M: თქვენი აზრით, რა სჭირდება დღეს მუსიკალურ ინდუსტრიას საქართველოში მეტი განვითარებისთვის?

პირველი დიდი პრობლემა ისაა, რომ მსმენელის მწირი არჩევანია, ლაივებზე ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დადის. მეორე ისაა, რომ ელექტრონიკამ „შეჭამა” ცოცხალი მუსიკა, გააადვილა მუსიკის შექმნის პროცესი და ბევრმა ეს მარტივი გზა აირჩია. ეს ძალიან ინდივიდუალურია და არავის თავს არ ვახვევ ჩემს აზრს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ცუდია, რადგან პროცესი ბევრად ნაყოფიერია, როცა მასზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს, კამათობს, წინააღმდეგობებს ძლევს, სწორ ჟღერადობას პოულობს – ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რომ ხუთ ინსტრუმენტს ერთად აწყობ ლეპტოპში.

ამას გარდა, ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა, რომელიც იმდენად რეალურს ემსგავსება, რომ უკვე არსებობს ტრეკები, რომლებსაც ვერ განასხვავებ რეალურისაგან.

ეს უფრო გლობალური პრობლემებია, ხოლო ისევ საქართველოზე რომ ვთქვა, ჩვენთან კონკრენცია უფრო მეტია, ვიდრე მეგობრობა. კონკურენცია ჯანსაღია, როცა ყველა მუსიკოსს თავისი პროდიუსერი და მენეჯერი ჰყავს, ბევრი სივრცეა, ბევრი მსმენელია. ამ ბაზარზე კი, რაც ახლა არსებობს, ვფიქრობ, მეგობრული დამოკიდებულებით უფრო შევქმნით რამეს. როცა კონცერტზე რამდენიმე ბენდი მონაწილეობს და ის, ვინც პირველი უკრავს, თავისი გამოსვლის მერე ტოვებს დარბაზს და თავის კოლეგებს აღარ უსმენს, სწორად არ მიმაჩნია.

M: ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია სამომავლო გეგმები?

ახლა ვემზადებით კონცერტისთვის, რომელიც ერთგვარი გამომშვიდობებაა ჩვენს ბასისტთან, რადგან ის ტოვებს ჩვენს ჯგუფს. ბენდების ისტორიაში ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ხვდები, რომ ცვლილებებია საჭირო, რადგან ყველა წევრისთვის თანაბრად აქტუალური აღარ არის ამ ბენდში მუშაობა. ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია იმისთვის, რომ მუდმივად პროგრესირებდე.

აქამდე გამოშვებული გვაქვს ორი და ვფიქრობ მესამე ალბომზე მუშაობის დაწყებას. ეს უკვე მოხდება ახალ ბასისტთან ერთად. 

გვაქვს ჩაწერილი ვიდეოკლიპი ასევე, რომელიც მონტაჟდება და მალე იხილავს ჩვენი მსმენელი. გარდა ამისა, კიდევ სამი სიმღერა გავაკეთეთ, რომლებსაც ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ.

M: დაბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?

დავუტოვებ ჩვენი ბენდის სიმღერას, მოუსმინეთ და შეგვაფასეთ.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როცა კამპანია ისეთივე ნამდვილია, როგორიც ბავშვების რეაქცია — Burger King

რატომ უნდა მივიღოთ ორგანული პროდუქტები