12
May
2018

„წელს, დიდი კანის ჟიურიში იჯდება 1 ქართველი – მე, ჩოხით“ – გიორგი ავალიანი

12 May 2018

პირველად, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის ისტორიაში, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი, გიორგი ავალიანი იქნება ჟიურის წევრი კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო სფეროში მოღვაწე ადამიანების ნამუშევრებს შეაფასებს ქვეკატეგორიაში – Brand Experience & Activation. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რა მუხტი და რა როლი შეიძლება ჰქონდეთ ახალგაზრდა შემოქმედებს კანის ფესტივალის დიდ სტრუქტურაში, მსოფლიოს შემოქმედებით ინდუსტრიაში. მარკეტერი გთავაზობთ გიორგი ავალიანის კომენტარს:

გიორგი ავალიანი: „ძალიან დიდი სიამოვნებაა და პასუხისმგებლობაც, კანის, მართლაც, დიდი ფესტივალის ჟიურობა რომ მანდეს. კანი არის შემოქმედებითობის ტატამი და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მოზრდილი პასუხისმგებლობა გვანდეს საქართველოს და შემდეგ, ბუნებრივია, პირადად მე, იმ ადამიანს, ვისაც ძალიან გაუმართლა, რომ აღმოჩნდა ამ პოზიციაში. Ad Black Sea იყო ჩემი ჟიურობის პირველი თავგადასავალი, შარშან გავისვარე ხელი ამ საქმეში, რასაც ჟიურობა ჰქვია.რაც შეეხება ჩემს ქვეკატეგორიას, შეფასების სისტემა იქნება შემდეგნაირი: რამდენად ახერხებენ ბრენდები, ყოვლისმომცვლელი თავგადასავლები შეუქმნან თავიანთ აუდიტორიას, რამდენად კარგად შლიან თავიანთ მესიჯებს, რამდენად აზრიანად ახერხებენ, ყველა შეხების წერტილი იყოს ისეთივე მყარი, როგორიც საჭიროა და ა.შ. ჩემთვის ათმაგად უფრო საინტერესო იქნება ჟიურის ამპლუიდან ამ ნამუშევრებთან ურთიერთობა, გაცნობა, ჩაძიება და შემდეგ აზრიანი ვერდიქტის გამოტანა.

იმისთვის, რომ მოხვდეთ კანის ჟიურიში, აუცილებელი წინაპირობაა, რომ ცხოვრობდეთ ისეთ ულამაზეს ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც გვყავს ძალიან აქტიური და მჩქეფარე შემოქმედებითი საზოგადოება, რომლებმაც გაჭრეს ძალიან ფართო არხი შემოქმედებითობის მსოფლიო საბადოზე, ჩვენი წარმომადგენლობის, ლევან ლეფსვერიძისა და აკო ახალაიას თამადობით, რომლებიც ცდილობენ, ის მუხტი, რაც იქ ტრიალებს, გადმოიტანონ საქართველოში. და ზუსტად ეგ გვიხარია, რომ ჩვენც აქტიურად ჩავერთეთ შემოქმედებითობის მსოფლიო მარულაში და ზუსტად, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი არის ის, რომ წელს, კანის ჟიურიში იჯდება 1 ქართველი – მე, ჩოხით.

პატარა მადლობა „ბოდიშსაც“ ეკუთვნის იმიტომ, რომ ძალიან მშვენიერი სოციალური ლუბრიკანტი აღმოჩნდა ეს ჯადოსნური სასმელი – ჭაჭა, რომელმაც ძალიან გააადვილა ურთიერთობა და აჩვენა, რომ ჩვენც მშვენიერი ხალხი ვართ. წელსაც, ვპირდები კანის ფესტივალს, რომ ამ ულამაზეს რაღაცას არ მოვაკლებთ.

განხილვა

1 Response

  1. 17/05/2018

    […] Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი, გიორგი ავალიანი ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის ისტორიაში პირველია, ვინც ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო სფეროში მოღვაწე ადამიანების ნამუშევრებს შეაფასებს ქვეკატეგორიაში – Brand Experience & Activation, რაც ბრენდებსა და აუდიტორიას შორის კავშირების დამყარებას გულისხმობს. იდეისა და სტრატეგიის გარდა, ყურადღება ექცევა აღსრულების ხარისხსა და კონკრეტულ კომერციულ შედეგებს. გიორგი კანის ჟიურიში ორიგინალური ფორმით წარსდგება და ვარდისფერ ჩოხას ჩაიცვამს. წყარო: https://www.marketer.ge/ […]