31
Jul
2017

გიორგი ავალიანი – #პირველისამსახური

31 Jul 2017

ძალიან გამიმართლა და კავკასიის ბიზნესის სკოლაში მესამე კურსზე სწავლისას ინტერგალაქტიკური საბჭოს მეთაურად დავინიშნე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გასამრჯელო ვარსკვლავურ მტვერში გადამიხადეს, სრულ განაკვეთზე დათითოკაცებული პლანეტების გაერთიანებაზე ზრუნვა და სამყაროს უდრტვინველი უაზრობისთვის თვალის გასწორება ბეჯითი მესამეკურსელისთვის საკმაოდ მსუყე გამოწვევა აღმოჩნდა. სამი დაუვიწყარი თვის განმავლობაში ვმოგზაურობდი გალაქტიკიდან გალაქტიკაში, ვახშობდი აჯანყებებს, ვაწარმოებდი სავაჭრო მოლაპარაკებებს და რამდენიმე კოსმიურ ქელეხსაც ვუთამადე. სიმართლე რომ გითხრათ, უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა თავიდან საგრძნობლად გამიჭირდა – უცხო მე ვიყავი, თორემ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ (იცინის). მალე აღმოვაჩინე, რომ კოსმოსში “საუკუნის ნოსტალგია” ძალიან უყვართ და მამუკა ონაშვილის ომახიან ხმას ღიად აღმერთებენ. ამგვარად საჭირო დროს, საჭირო ადგილას “კრრ, ჯა-ჯა! კრრ, ბუმ-ბა!” წაღიღინებამ საოცრად გამიადვილა ინტერგალაქტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია, თუმცა მაინც მგონია, თავის დროზე არასწორი ფირფიტა გავგზავნეთ.

ინტერგალაქტიკურ საბჭოში გატარებულმა დრომ დამარწმუნა, რომ გახელილი თვალებით დაცემინების გარდა, შეუძლებელი ნამდვილად არაფერია. მთავარია, დაისახო დიდი მიზნები და მათი მიღწევის არ მოგერიდოს! ამ ნათელმა პერიოდმა ძალიან ბევრი კარგი მეგობარი, ექსელის ფენომენალური ცოდნა და არაერთი სასიამოვნო მოგონება მაჩუქა. სამი თვის ბოლოს უბრალოდ მივხვდი, რომ მთელი სამყაროს მბრძანებლობა ძალიან ბევრ დროს მართმევდა და გადავწყვიტე ბაზისბანკის გაყიდვების დეპარტამენტში სტაჟიორად გამეგრძელებინა კარიერა.

გიორგი ავალიანი – საკომუნიკაციო სააგენტო Leavingstone-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

განხილვა