4
Nov
2017

„ბოდიში“ და „შეტევა“ გვაქვს გიორგი ავალიანთან!

4 Nov 2017

ყველაფერი შესავლით კი არა, „ყველაფერი ყველით იწყება“, „არ შეიგინო!“ და „ხინკალიკაიარი“ – „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორის, გიორგი ავალიანის 10 ცნებიდან, საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯერჯერობით, მხოლოდ სამი ზემოჩამოთვლილი. ღონისძიების „შობა შუბებით“, ჭაჭა „ბოდიშის“, „შეტევისა“ და ხინკლის დაბადების დღის ინიციატორი და ავტორი ძალიან ხშირად იყენებს სიტყვას „ლამაზი“ და ისეთ წინადადებებს აკეთილშობილებს, როგორიცაა, მაგალითად, „ბოდიში, ნასვამი ვაარ“, ძალიან ლამაზი ადამიანია ეგ კაცი, ეგ რომ მოიფიქრა“, „მეორადებში სიარული, სასაცილო ტანსაცმელების ყიდვა და მისი მორგება არის ძალიან ლამაზი რაღაც, რაც ამ ბოლო დროს მიხარია“ და სხვ. მისთვის ქართული ენა არის მართლა ყველაზე დიდი განძი, რაც გვაქვს. სიტყვა „ჩელეზე“ ახსენდება განუყრელი მეგობარი გიორგი გოგრიჭიანი, თანამედროვე ქართული კულტურის დაუფასებელი გმირი. ფიქრობს, რომ ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი, ძალიან ბევრი გადასააზრებელი, შესასწორებელი ოდნავ და ეგ ყველაფერი ჩვენ თუ არ ვქენით, აბა, სხვა ვინ იზამს?!

-გიორგი, მოგვიყევი შენს ბავშვობაზე, სად იზრდებოდი?
-დიახ, მგლების ხროვაში გავიზარდე 5 წლამდე და კენტავრებმა გამზარდეს სვანეთში.
მოდი ეგ აზრი მუსირებდეს საზოგადოებაში, რომ ბებიამ და ბაბუამ კი არა, მხეცებმა გამზარდეს!

გიორგი ავალიანი 26 წლის კრეატიული დირექტორია, ვისშიც დიდებული დედ-მამის გარდა, ფიზიოლოგ გორგასლან მირზიაშვილის, რომელიც ძაღლებზე ატარებდა ექსპერიმენტებს, ენციკლოპედისტისა და ფეხბურთის ქომაგი რეზო ავალიანის, მცენარეთა დაცვის სპეციალისტისა და კვების ტექნოლოგი, მანანა ბაკურაძისა და ინჟინერ-სინოპტიკოს ლატავრა ჩიქოვანის სისხლი ჩქეფს. აგრეთვე, ჰყავს ძალიან კეთილშობილი და – თეონა. მთელი შეგნებული ბავშვობა, დელისის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში – დღემდე ბოლომდე შეუცნობელ ციხესიმაგრეში, არაფრის კეთებაში გალია, რადგან „როგორც ალბათ, თქვენ ყველას, არაფერი ღირებული არ შემიქმნია ბავშვობის განმავლობაში“.

კარგად სწავლობდა სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბიჭების პანსიონად გადაიქცა იმის გამო, რომ კლასში გოგო აღარ ჰყავდათ. პარალელურად, როგორც ყველა ბავშვი, კარატეზეც დადიოდა, ლათინურზე, გიტარასა და „პიანინოზე“, პიანინოზე რა, ზევიდან კი არა, დაკვრას მასწავლიდნენ“. „ყოველთვის იყო სწორება იქითკენ, რომ ოჯახი უნდა ასახელო. ხალხი: „აი, რამე გააკეთე, გიორგი, აბა, პატარა ბავშვი ხარ!“ „ახლა საკმაოდ ვწუხვარ, კარატეს სენსეის რომ გავუცრუვე იმედები და ნარკოტერორისტების წინააღმდეგ სიმართლის სახელით ბრძოლას არ ვუდგავარ სათავეში“ .

რაღაც პერიოდი ფიქრობდა, რომ მშობლებივით ექიმი გახდებოდა, თუმცა სკოლის მერე სწავლა გააგრძელა კავკასიის ბიზნეს სკოლაში იმიტომ, რომ ყველა სიტყვა ამ სახელწოდებიდან, ძალიან კარგად ჟღერდა: „კავკასია ძალიან საინტერესო რაღაც არის, ბიზნესიც და სკოლაც“.ფინანსების ფაკულტეტზე მოეწყო და გატაცებით ისწავლა ყველაფერი, რაც პირდაპირ გადაითარგმნა ამერიკაში, Georgia State University-ში ერთ სემესტრიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობად. საბოლოოდ, უნივერსიტეტი უმაღლესი ქულებით დაამთავრა და მისი GPA 4-ს გაუტოლდა. „ის ხედვა სამყაროსი, რაც შევიძინე კავკასიის უნივერსიტეტში, აშკარად, ბევრ რაღაცაში მადგება დღესაც“.

ეროვნულ ბანკში მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილებასა და იქამდე, ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური აქტივების მართვის დეპარტამენტში ყოფნის შემდეგ მიხვდა, რომ უნდოდა, ბევრი ფილმი ენახა და მეტი არაფერი ეკეთებინა ცხოვრებაში. „6 თვე მივუძღვენი ამას. ფილმებს ვუყურებდი და ვსწავლობდი სამყაროზე მეტს. ძირითადად, გრანდიოზულ სისულელეებს“.

შემდეგი ეტაპი იყო ილიას უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, პოლიტიკის მეცნიერების ქვეპროგრამაზე, პოლიტიკის ანთროპოლოგიაზე სწავლა. „და აღმოვაჩინე, რომ რაღაცები კიდევ არსებობს, რაც კავკასიის უნივერსიტეტში არ ისწავლება. ვისწავლე უფრო მეტი ფიქრი“. ანთროპოლოგიაზე სწავლა დაასრულა სამეგრელოში, მემორიალურ კულტურაზე, საფლავის ქვებზე კვლევით. „მეგრული კულტურა ძალიან კარგი არის, მანდ ძგერს დიდი შემოქმედების ძალიან კარგი მუხტი, ზუსტად იმ ყოველდღიურ ნივთებში, რასაც ვქმნით“.მაგისტრატურაზე სწავლისა და ლივინგსტონში მუშაობის დაწყების პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. 2012 წლის თებერვალში გადაწყვიტა, რომ ცოტა ხანს, ორი თვით გაერთობოდა სარეკლამო სააგენტოში, თუმცა 5 წლის შემდეგაც ვეღარ ელევა ამ საქმეს. „სწორედ აქ მივხვდი, რომ ძალიან იოლად შეგიძლია საქართველოში, ზუსტად აქ, ყაზბეგის გამზირზე გამოჭედო რაღაცა, რაც მთელს მსოფლიოს გააოცებს“.

ლივინგსტონში, წლების განმავლობაში შეიცვალა როლები, პასუხისმგებლობები და „უბრალოდ, მშვენიერი ადამიანიდან“ დღეს უკვე კრეატიული დირექტორია. „ერთ მშვენიერ დღეს მიხვდებით, რომ კრეატიული დირექტორები ხართ. ბუნებრივად ხდება ამ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება და ჩემს შემთხვევაშიც ეგრე მოხდა, ვახ! 22 აპრილს გავიღვიძე და მივხვდი, რომ კრეატიული დირექტორი ვარ. გამარჯობა, ლეფსვერ! ხელფასი მომიმატე 1000-ჯერ, თუ შეიძლება“.

„ჩვენი, კრეატიული დირექტორების, როლი, მემგონი, ზუსტად ეს არის – იმ შემოქმედებითი პროცესებისთვის გეზის მიცემა, მიმართულების შესწორება და მონიტორინგი, რაც კოპირაიტერისა და არტდირექტორის გონებაში მიდის. აურაცხელი სისულელე უნდა გადახარშო ადამიანმა, რომ ხედვა შეიძინო და შემდეგ ეს ხედვა აქციო შენს უნიკალურ სათქმელად. მგონია, რომ საამაყოდ მართლა მთა უნდა გადავდგათ. მართლა ძალიან, უაღრესად საინტერესო და მნიშნელოვანი რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ სიამაყის კურცხალი დაგებადოს. იქამდე, უბრალოდ, სასიამოვნოდ მეღიმება ხოლმე, როცა ვიხსენებ, როგორ ვაკეთებდით რაღაცებს.
გიორგი ავალიანის
შეტევა არის არჩევანი – ან უნდა შეუტიო, ან შეგეტევიან!
შეტევა არის რაღაც არხი, რაშიც შეგიძლია ყველაფერი გაატარო გარშემო და ოდნავ შეამსუბუქო, ოდნავ ასატანი გახადო ის გაურკვევლობა, რაც ყველას გვაქვს. რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, ის ვიცით, რატომ ვარსებობთ ადამიანები? არაფერი არ ვიცით, წარმოდგენა არ გაქვს, რა ფუნქციები გვაქვს, რატომ უნდა ვაკეთებდეთ იმას, რასაც ვაკეთებთ.

„ბოდიში“ არის ჭაჭა, რომელიც ემსახურება ერთადერთ რაღაცას დედამიწაზე. ჭაჭის რენესანსს, რაც გარდაუვალია, აუცილებლად მოხდება და ჩვენ, გოგა ჩინჩალაძესა და ნიკოლოზ კუმბართან ერთად, გვინდა, რომ თავები შევწიროთ ამ წმინდა საქმეს. გვინდა, გვქონდეს ჩვენი რაღაც, რაც ათრობს და აბრმავებს, ადამიანებს უშლის გულს. ჩვენი ჭაჭა არის საშინელება, არ დალიოთ არასოდეს, მაგრამ იყიდეთ, სახლში დადეთ! მტრებს აჩუქეთ, მაგრამ არ დალიოთ!

ხინკალიკაიარი, რომელიც „ბასიანის“ შავბნელ წიაღში სრულიად შემთხვევით დაიბადა, არის სანუკვარი ფრაზა, მიუხედავად ჩვენი უთანხმოებებისა, შუღლისა, რასობრივი განსხვავებებისა, რელიგიური მრწამსის აღრევისა, ყველაფრის მიუხედავად, ეგ გვაქვს ადამიანებს ერთი ცალი საერთო რაღაც, რაზეც შეიძლება, რომ დავაშენოთ ყველაფერი, რაზეც გვინდა, რომ ვთანხმდებოდეთ, რომ მაგალითად, ქუჩაში ნაგავი არ დავყაროთ. ხინკალიკაიარის რომ ეუბნები ადამიანს, მერე გაცილებით მარტივად ეტყვი, რომ ცოლს აღარ უნდა სცემოს. ხინკალიკაიარი არის რაღაც, რითაც შეიძლება მართლა საუბრის დაწყება გაცილებით უფრო პოზიტიურად, გაცილებით უფრო შთამაგონებლად და მერე უკვე სხვა რაღაცებზე გადასვლა.

მე მგონია, რომ ძალიან კარგი ხანაა იმისთვის, რომ რაღაცები დაწერო, რაღაცები გააკეთო, რაღაც გადაიღო, რაღაც იმღერო, რამე ქნა, ჭაჭა ჩამოასხა, ხინკალი მოახვიო. იმიტომ, რომ მართლა შეიძლება რაღაცები დარჩეს იმაზე უფრო ხმამაღლა  და იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე რაღაცები, რაც 100 წლის წინ იქმნებოდა.

განხილვა