1997 წელი იყო, პირველი სამსახური რომ დავიწყე. იმ დროისთვის, ფიზიკოსი ვიყავი, ჯერ კიდევ არ ვფლობდი დღევანდელ პროფესიას, როცა მსოფლიო ბანკის პროექტში მოვხვდი. ეს იყო მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ბანკის იაფი სესხით ვეხმარებოდით ბენეფიციარებს. პროექტის შესახებ, გაზეთში ამოიკითხა ნათლიაჩემმა და მირჩია, მივსულიყავი ადგილზე. ამოვბეჭდე მაშინდელი ნახევარგვერდიანი CV, ურცხვად მივადექი და ვუთხარი, გთხოვთ, თუკი იქნება ვაკანსია, გამითვალისწინოთთქო. როგორც აღმოჩნდა, ასეც მოიქცნენ – დამირეკეს, გავიარე გასაუბრება და კონსულტანტად დავიწყე მუშაობა.
თავდაპირველად, დამხმარე ვიყავი – ვწერდი წერილებს, ფინანსთა სამინისტროს სახელზე (ბიუროკრატიული წერილები ცალკე ხელოვნებაა), ადგილობრივ ბენეფიციარებთან ურთიერთობაში, შესყიდვების პროცესში ვიღებდი მონაწილეობას. კოლექტივიც ძალიან კარგი იყო, მეგობრული – დღესაც გვაქვს ურთიერთობა.
მომწონდა, რომ მოთხოვნები ჩემ მიმართ, იზრდებოდა ჩემს პროფესიულ ზრდასთან ერთად. ჯერ მასწავლიდნენ, ვიზრდებოდი და შემდეგ მაძლევდნენ დამატებით დავალებებს. კარგი გამოცდილება იყო, ძალიან მიყვარდა ჩემი სამსახური. ამან მიბიძგა, შემეძინა პროფესია და კარიერაზე მეზრუნა. პროექტის დასრულების შემდეგ, წავედი სასწავლებლად და გავხდი ეკონომისტი.
გიორგი ბაქრაძე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი













