19
Dec
2019

“შეიძლება, გაუნძრევლად ვიჯდე, მაგრამ ემოციურად აფრიკიდან სკანდინავიამდე დავფრინავდე” – გიორგი ბეგიაშვილი #თაობა

19 Dec 2019

გიორგი ბეგიაშვილი სოფელ შილდაში დაიბადა.. ბავშვობაში კასეტებისა და რადიოს მოსმენით შეიყვარა მუსიკა.. შემდეგ უკვე თვითონ დაიწყო მუსიკის კეთება და დღეს მათ Soundcloud-ზე გვიზიარებს. ამბობს, რომ ინსპირაციის პოვნა ყველაფერში შეიძლება და რომ მუსიკის არარსებობის შემთხვევაში სხვა, დედამიწაზე არსებული ხმები მაინც გააგრძელებდნენ არსებობას..

მუსიკისადმი მისი დამოკიდებულებისა და დღევანდელი საქმიანობის შესახებ გიორგის გავესაუბრეთ:

M: ვინ არის გიორგი (Butman) ბეგიაშვილი?

დავიბადე დავითობას, მაგრამ გიორგი მქვია. გავიზარდე სოფელ შილდაში, სადაც ხალხური და საგუნდო მუსიკის სიყვარული სკოლაში მასწავლებლებმა ჩამინერგეს. ჩემს ბავშვობაში CD დისკი არ არსებობდა – კასეტებისა და რადიოს მოსმენა მიწევდა. ვფიქრობ, რომ ,,ლენტის,, ხმამ LoFi და რადიოსიხშირეების ძებნამ white noise შემაყვარა ეს ორი ჟღერადობა და ისინი დღემდე ფავორიტად რჩებიან.

M: როდის შექმენი პირველი ტრეკი? და როგორ განვითარდა შენი და მუსიკის ურთიერთობა დროთა განმავლობაში? 

სტუდენტობის პერიოდში ვმღეროდი გეპეის კაპელაში და, ვფიქრობ, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი განვითარებისთვის. ასევე, ვმღეროდი ანსამბლ “გულანში”. სტუდენტობის დროს მეგობართან აღმოვაჩინე FL studio და Adobe audition. თითქმის ყოველდღე ვწერდით სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს, hip-hop-ს, ხალხური სემპლებით და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმდროინდელი შემართება დღეს ფასდაუდებელი და ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

კომპიუტერული მუსიკის აღმოჩენის შემდეგ, პირველი ინსტრუმენტი, რომელიც შევიძინე იყო akai lpd 8 პედ კონტროლერი და სისტემატურად მიწევდა აუდიო მასალების “ჭრა-კერვა”.

M: როგორია დღესდღეობით შენი მუსიკალური საქმიანობა? 

ბოლო პერიოდში, სახლში პატარა სივრცე მაქვს მოწყობილი, რომელიც ერთგვარად ემოციების სამჭედლოა.. თუ, ერთი შეხედვით, სახლში მისვლა და ,,ჩაჯდომა” რუტინულად ჟღერს, სხვადასხვა მუსიკალური ჟანრი მოწყენის საშუალებას არ მაძლევს. მაქვს ვინილის ფირფიტები, საიდანაც საოცარი სემპლების ამოღება შეიძლება, ასევე კასეტები, Korg volca სერიის დრამ მანქანა და სინთეზატორი.. ამიტომ შეიძლება, გაუნძრევლად ვიჯდე ოთახში, მაგრამ ემოციურად დავფრინავდე აფრიკიდან სკანდინავიამდე.

ჩემი მუსიკალური საქმიანობა ამ ეტაპზე აბლეტონის სამი ან ოთხი დაუმთავრებელი პროექტით შემოიფარგლება. ხასიათს გააჩნია, არ ვიცი, პირველი რომელი დასრულდება, მაქვს საუნდქლაუდზე ექაუნთი, სადაც ვტვირთავ მუსიკას, ასევე მოწყენის საშუალებას არ მაძლევს პროგრამები, Ableton live, reason propelerhead, FL studio.

M: როგორ ფიქრობ, რა შეიძლება, გახდეს მუსიკის შექმნის ინსპირაცია?

მეგობართან ერთად ვიმუშავე თეატრის საუნდტრეკზე და პროცესი ძალიან საინტერესო იყო.. შეიძლება, ერთი სიტყვა იყოს მთელი კომპოზიციის საძირკველი, მაგალითად: სიხარული, ბედნიერება, სევდა.. შეიძლება, ფოტოს ან გამოსახულებას ჰქონდეს ისეთი გავლენა ადამიანზე, რომ სასურველი ჟღერადობა შეხედვისთანავე ჩაესმას.

M: როგორ ფიქრობ, როგორი ნიადაგია თბილისი შენი მუსიკისთვის?

არსებობენ ადამიანები, ვისაც თამამად ვესაუბრები Wu Tang-ის, kick-ის აღმატებულებაზე ან ბიორკის Tesla coil-ზე. ყველას ამ თემაზე ვერ ესაუბრები, შეიძლება, მერე უინტერესო გახდეს.. საქართველოში, სადაც sou fest არსებობს, ნიადაგი, რა თქმა უნდა, არის.

M: ზოგადად, როგორი სამომავლო გეგმები გაქვს?

სამომავლოდ უამრავი იდეა მაქვს, რომელთა განხორციელებისთვის მზად ვარ, ეს შეიძლება იყოს EP, ან arduinos დახმარებით ახალი ინსტრუმენტის შექმნა. ჯერჯერობით სწავლა-განათლების პროცესში ვარ, არ ვიცი, რა გამოვა, თუმცა შემართება დიდია.

ამ ეტაპზე დაუმთავრებელ პროექტებზე ვმუშაობ, რომლებსაც ბენდკემპზე და საუნდქლაუდზე ავტვირთავ, ასევე, ვფიქრობ, volca მანქანებით ცოცხლად დაკვრის ხელოვნებას ფრთები შევასხა.

M: მუსიკა შენი მთავარი საქმიანობაა, თუ სხვა ჰობი ან კარიერაც გაქვს?

არშემდგარი ქიმიკოსი გახლავართ, ტელეოპერატორობა ვამჯობინე, თუმცა, ეს პროფესიაც “ისვენებს”.. ამჟამად ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციით ვარ დაკავებული, რა თქმა უნდა, მუსიკა აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

კაცს კარგი ღვინო არ გამოუვა, თუ ყურძნის დაბინავება მრავალჟამიერის გარეშე მოხდება..

M: რომ არა მუსიკა..

რომ არა მუსიკა, დედამიწაზე იქნებოდა წვიმის ხმა, ზღვის ტალღების ხმაური, და ტყეში ჩიტების ჭიკჭიკი, რაც არანაკლებ სასიამოვნოა..

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა