2
აგვ
2018

საქართველო იწყება აქ, ინტერნეტში – გიორგი ბერეჩიკიძის #აზრები

2 აგვ 2018



რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ოფისს მიღმა ადამიანი უფრო სასარგებლოა. მიხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ. თუ ვერა და მაშ, მომყევით და მოგიყვებით.

ვისხედით სამსახურში მარკეტინგისა და მოგზაურობის მოყვარული ახალგაზრდები, 2016 წლის დასაწყისი იყო. რაღაც ისე მიეწყო ბოლო დღეები, რომ ბევრი საქმე არ გვქონდა და თავისუფალ დროს აქეთურ-იქეთურ საუბარში გამოიკვეთა, რომ ტურისტებს არასრული წარმოდგენა აქვთ საქართველოზე, განსაკუთრებით, განვითარებული ქვეყნებიდან.

გიორგი ბერეჩიკიძე – Georgiastartshere.com-ის თანადამფუძნებელი

აღმოვაჩინეთ, რომ უმეტესობა ჩვენი უცხოელი მეგობრებისა ჩვენ გვეკითხებოდა დამატებით ინფორმაციას საქართველოზე 2 მიზეზით: ერთი ის, რომ ჩვენი მეგობრები არიან და მეორე ის, რომ ვერ „დაგუგლეს“. ან „დაგუგლეს“ ინგლისურად და მიღებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდა მათთვის. უფრო მეტი „ორიგინალი“, ქართველების მიერ გადმოცემული საქართველო დააკლდათ.

გადავშალეთ ლეპტოპები (გავიხსენოთ, რომ ოფისში ვართ ჯერ კიდევ), მცირე მოკვლევა გავაკეთეთ და მივხვდით, რომ არ არის ხარისხიანი ინგლისურენოვანი ბლოგი საქართველოზე, სადაც ქართველები მოუყვებიან საკუთარ ქვეყანაზე, ხალხზე, ბუნებაზე, ზღვაზე მთაზე, ტაქსებსა და კიდევ ათას რამეზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ტურისტს ვირტუალურად უმასპინძლებენ ჩამოსვლამდე, ინტერნეტში.

რამდენიმე საინტერესო მიგნებას გაგიზიარებთ, თუ რა სახის ინფორმაციას ეძებენ/გვეკითხებიან:

  • საქართველოში მხოლოდ მონასტრებია?
  • რა შეიძლება ვნახო საქართველოში მონასტრების გარდა?
  • საქართველო შორია?
  • საქართველო საშიშია?
  • საქართველო მუსლიმური ქვეყანაა?!
  • საქართველო სადაა?
  • ქართველი ხალხი როგორია?
  • რა ცხოვრების სტილი აქვთ ქართველებს?
  • სად მოვუსმინო ქართულ ხალხურ სიმღერას?
  • სად ვნახო ქართული ცეკვა?
  • კარგი ღვინო სად ისმება?
  • ქართული მოდა, srsly?
  • აქვთ, თუ არა ქართველებს ვეგანური კერძები? და ა.შ.

თუ კარგად დააკვირდებით, საკმაოდ სპეციფიკური კითხვებიც გამოერია, რაზე პასუხიც ვიკიპედიას ან თუნდაც, დიდ ტურისტულ (ქართულ და არაქართულ) პორტალებს არ ჰქონდათ.

ასე და ამგვარად, რამდენიმე თვეში: ვისწავლეთ ვორდპრესი და საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია, ვისწავლეთ, როგორ ვწეროთ ტურისტებისთვის საინტერესო თემებზე გამორჩეული მანერით, როგორი იყოს ჩვენი სტატიების სტილი, რა ვიზუალი, ფოტო და ვიდეომასალა მოუხდება საქართველოზე თხრობას და საერთოდაც, რა ლოგო გვქონდეს.

ასე გაჩნდა Georgiastartshere.com – „საქართველო იწყება აქ“. ჩვენ შევქმენით სტატიები განსხვავებულ სტილში, მარტივად და ხალისიანად საკითხავი, ტურისტისთვის საჭირო ინფორმაციებით. „ტოპ 10“ სტილში სიები ჩვენი საფირმო ხელწერაა.

შედეგი 2 წლის თავზე:

  1. ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი 195 ქვეყნიდან;
  2. ვებგვერდზე გატარებული 14 ათასი საათი;
  3. საშუალოდ, 40 ათასი ვიზიტორი თვეში;
  4. აქედან 30 ათასი საძიებო სისტემებიდან;
  5. 16 ათასი გამომწერი Facebook-ზე.

გამოცდილებისეული დასკვნები:

კარგი კონტენტი გაზიარებადია – 6.2%-იანი პოსტებში ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი post engagement rate (Total engagement/Total Reach*100)

ჩვენი რამდენიმე წარმატებული პოსტი:

კარგი კონტენტი აღმოჩენადია – თვით გუგლმაც დაგვდო პატივი და ჩვენი დაწერილი 110-დან 60 სტატია Google-ის საძიებო სისტემის პირველ გვერდზე ჩანს შესაბამის საძიებო სიტყვებზე.

კარგი კონტენტი დიდი ხნით ინახება – ციფრული სამყაროს დაჩქარებული ტემპების მიუხედავად, ჩვენი რამდენიმე სტატია, რომელიც 2 წლის წინ დავწერეთ, დღესაც აქტუალური და აქტიურია საძიებო სისტემებში.

გვიხარია თითოეული გაზიარება, თითოეული მოწონება და გული ჩვენს პოსტებზე, თითოეული წერილი რედაქციაში (მეილზე) თუ ჩატში.

გვიხარია თითოეული ტურისტი მოხმარებლის მიერ გამოგზავნილი ვიდეო/ფოტო მასალა – გვეკითხებიან, ხომ ლამაზიაო საქართველო? ჩვენ გადავიღეთ და გააზიარეთო.

ვითვალისწინებთ ჩვენი მკითხველის აზრს, ხშირად ვასწორებთ სტატიას, თუკი მკითხველი სწორ შენიშვნას მოგვცემს და ამით თითქოს ვაერთიანებთ ყველა ამ ადამიანს.

ჩვენ ყველა ერთად ვქმნით კონტენტს ტურისტებისთვის – გიორგი, თათუკა, ნესტანი, ჩვენი ავტორები, რეკლამის დამკვეთები, გამომწერები და მკითხველები.

საქართველო იწყება აქ, ინტერნეტში, და ვიწყებთ ჩვენ – ქართველები.

განხილვა