in

100%-იანი დაფინანსება Brown University-ში – ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლის ისტორია

სულ ახლახან ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ სასიხარულო ამბავი გააზიარა – მისი IB სადიპლომო პროგრამის მოსწავლე, გიორგი ბრეგვაძე Brown University-ს 100%-იანი გრანტის მფლობელი გახდა. ეს უნივერსიტეტი 1764 წელს დაარსდა და არის მეშვიდე უძველესი, აგრეთვე, ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი აშშ-ში. ის გამორჩეულია „ბრაუნის პროგრამით“, რომელიც სტუდენტს ანიჭებს უფლებას, „სწავლობდეს ყველაფერს, რაც მას სურს და არაფერს, რაც მას არ სურს“. იგი წამყვანი კვლევითი დაწესებულებაცაა, რასაც მოწმობს მასთან ასოცირებული 7 ნობელიანტი. ამასთან, Brown University Ivy League-ის წევრია, რაც უმაღლესი სასწავლებლისთვის პრესტიჟისა და სანდოობის ინდიკატორია. მასში გაერთიანებულნი არიან სხვა ისეთი უნივერსიტეტები, როგორებიცაა: Harvard University, Yale University, Princeton University და ა.შ. ასეთ პრესტიჟულ სასწავლებელში გაემგზავრება გიორგი, რომლის წარმატების ისტორიასაც ამ სტატიაში მოგიყვებით.

გიორგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-12 კლასელია, იგი IB DP პროგრამაზე სწავლობს და განსაკუთრებული აკადემიური წარმატებებით გამოირჩევა. საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამაზე მისი წინასწარ განსაზღვრული შეფასება (predicted grade) არის მაქსიმალური 45 ქულა. გიორგის მსგავსი SAT-ის გამოცდის საბოლოო შედეგი კი იმ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით გამსვლელთა მხოლოდ 1%-ს ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, მათემატიკა მისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, IB პროგრამა დაეხმარა მის სიღრმისეულ შესწავლაში და სწორედ ამ მიმართულებით ფიქრობს უმაღლესი განათლების მიღებას. ამასთან, გიორგის ორატორული უნარები გამოიკვეთა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ გაეროს ახალგაზრდულ კონფერენციაზე, სადაც 1000-ზე მეტი დელეგატიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.

IB DP სადიპლომო პროგრამა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში წლებია, წარმატებით ხორციელდება. კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ განათლებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, დიდი ნაწილი კი სრულად დაფინანსებულ სტიპენდიებს იღებს. ეს მიღწევები BGA-ს განათლების მაღალ სტანდარტებსა და სტუდენტების აკადემიურ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

სწორედ ამ პროგრამამ მოუტანა წარმატება გიორგისაც და Marketer.ge ამ სიახლესთან დაკავშირებით მისი ემოციებით დაინტერესდა:

ვიცოდი დღე, როცა უნდა მოსულიყო პასუხი და მთელი ღამე არ მეძინა. დილის 6:00 საათზე მივიღე შეტყობინება და თავიდან არ მჯეროდა, ისეთ ემოციებში ვიყავი. 

საკმაოდ რთული კონკურენცია გავიარე, მრავალი ეტაპით. გამოვყოფდი ესეს დაწერას, რომელზეც დიდი ხანი ვიმუშავე. ის ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობაზე დავწერე. ასევე, ბევრი ვიშრომე SAT გამოცდისთვის, რომელსაც Brown University-ს მსგავსი სასწავლებლები გამორჩეულად აქცევენ ყურადღებას. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემნაირი საბოლოო შედეგი ამ გამოცდაზე იმ პერიოდში გამსვლელთა მხოლოდ 1%-ს ჰქონდა. 

ცნობილია, რომ ამ უნივერსიტეტს 7 ნობელიანტი ჰყავს და მსოფლიოში უძველესი მათემატიკის ფაკულტეტი აქვს, სადაც მე ვისწავლი. ჩემი ლექტორები კი წამყვანი მეცნიერები იქნებიან. 

რა თქმა უნდა, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში, რადგან სკოლას ჰყავს ძლიერი საუნივერსიტეტო მრჩევლები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომელ უნივერსიტეტში რას აქცევენ ყურადღებას. აქვთ ძლიერი IB პროგრამა და ზოგადად, თითოეული საგნის პედაგოგი თავისი საქმის პროფესიონალია. სკოლაში არსებული კეთილგანწყობილი გარემო კი შესაძლებლობას გვაძლევს სრულად გამოვავლინოთ ჩვენი უნარ-ჩვევები.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ვერ მოვხვდებოდი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, რომ არა საგრანტო კონკურსი. მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც 80-%-იანი გრანტი მოვიპოვე და სწავლა აკადემიაში გავაგრძელე. სწორედ აქ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ შემიძლია, მათემატიკაში კი ფრთები გავშალე. მინდა, სხვა მოსწავლეებსაც ვუთხრა, რომ თუკი კარგად სწავლობთ და სურვილი გაქვთ, თქვენც მიიღოთ აკადემიაში სწავლის გამოცდილება, აუცილებლად ცადოთ და მოიპოვოთ სწავლის სრული დაფინანსებაც კი.

ჩვენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის University Guidance Counsellor-ს, თათია ობოლაძესაც გავესაუბრეთ, რათა მეტი გაგვეგო ამ სიახლის, ზოგადად პროგრამისა და მისი შესაძლებლობების შესახებ:

გიორგი ბრეგვაძეს განსაკუთრებული აკადემიური მიღწევები აქვს. იმის გარდა, რომ კარგად სწავლობს, მისი ინიციატივითა და ორგანიზებით მრავალი პროექტი განხორციელდა სკოლაში. გიორგის მრავალი გამორჩეული თვისებიდან, მხოლოდ ორზე გავამახვილებ ყურადღებას: აქვს დაბალანსების საოცარი უნარი, შეუძლია, იყოს კარგი მეგობარიც და მოსწავლეც; მეორე კი ისაა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნარატორია, შეუძლია, ჩვეულებრივ ამბავში დაინახოს არაჩვეულებრივი დეტალი და საოცარი გამომსახველობით გადმოსცეს. გიორგის მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობაზე კი თავად მისი შედეგებიც მეტყველებს. 

მართალია, გიორგიმ საკუთარი არჩევანი Brown University-ზე შეაჩერა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ შემოთავაზებები მიიღო ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა: Imperial College London, Bocconi University, Durham University, University of Glasgow და სხვა.

M: ახლა კი ვრცლად ვისაუბროთ ბრიტანულ-ქართული აკადემიის IB DP პროგრამაზე: რას მოიცავს ის და როგორ ეხმარება გიორგისნაირ მოსწავლეებს წარმატებაში?

ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი IB სადიპლომო პროგრამის საკლასო ოთახებში სწავლა-სწავლების პროცესია. ჩვენს მასწავლებლებს IB DP კურსის ყველა ნიუანსი გაცნობიერებული აქვთ: მათ ესმით IB-ის მისია და ეთოსი, რომლის მიზანიც ახალგაზრდების 21-ე საუკუნის სამყაროსთვის მომზადება და ისეთი ლიდერების ჩამოყალიბებაა, რომლებიც ჩვენს სამყაროს და მასში შემავალ კონკრეტულ საზოგადოებებს გააუმჯობესებენ. ჩვენს მასწავლებლებს კონკრეტული საგნებისა და IB სადიპლომო პროგრამის გამოცდების კრიტერიუმების ღრმა ცოდნა აქვთ. მათ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს როგორც გიორგის, ისევე ყველა სხვა მოსწავლის სწავლებასა და მხარდაჭერაში, რაც კონკრეტული საგნების მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მაღალი ნიშნების მიღების წინაპირობაა. 

M: რა როლი აქვს ბრიტანულ-ქართულ აკადემიას თავისი მოსწავლეების წარმატებაში, რა პირობებს სთავაზობთ მათ?

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამა უკვე წლებია, წარმატებით მიმდინარეობს. უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად მზადება მე-9 კლასიდან იწყება და საუნივერსიტეტო მრჩევლები მოსწავლეს ეხმარებიან, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. ჩვენი მიზანია, მოსწავლე მოხვდეს მსოფლიოს მასშტაბით წამყვან უნივერსიტეტებში, ისეთებში, როგორებიცაა, ჰარვარდის, კემბრიჯის, ოქსფორდის, კოლუმბიის უნივერსიტეტები და სხვა. მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს სხვადასხვა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელთან. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში, სკოლაში ხშირად იმართება საუნივერსიტეტო გამოფენები, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, პირდაპირ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისაგან მოისმინონ, რას აქცევს უმაღლესი დაწესებულება ყველაზე დიდ მნიშვნელობას, დაფინანსების რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის და სხვა.

საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვცდილობთ, ჩვენს თითოეულ მოსწავლეს პორტფოლიოს სრულყოფის მიზნით შევთავაზოთ კლასგარეშე აქტივობები, ამასთან, ვაორგანიზებთ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას – TEDxYouth, International Student Research Symposium, Essay Competition, Global Political Challenges conference და ა.შ. ტარდება ინდივიდუალური და ჯგუფური საინფორმაციო შეხვედრები.

უნივერსიტეტები ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებს, არამედ მოსწავლის ინტერესებს, მის ჩართულობას სამეცნირო, სპორტულ თუ შემოქმედებით პროექტებში და მრავალ სხვა ფაქტორს. ჩვენს სკოლაში არაერთი კლუბი მოქმედებს, მათ შორის, მოსწავლეების ინიციატივით დაარსებულიც — მაგალითად, STEM ოლიმპიადის და SAT გამოცდებისთვის მოსამზადებელი კლუბები, რომელთა ერთ-ერთი ორგანიზატორი და ტუტორი იყო გიორგი ბრეგვაძეც.

აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ გიორგის წარმატება არ არის ერთეული შემთხვევა, ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები სწავლობენ ევროპის აშშ-სა და საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით. ბოლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ მოპოვებული სტიპენდიის საერთო რაოდენობამ აშშ-ის სასწავლო დაწესებულებების შემთხვევაში $1 179 200 შეადგინა, ხოლო ევროპის უნივერსიტეტების შემთხვევაში — €401,863.

[R]

„მეტროპოლ ლისი“ – ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით

Midjourney-მ სურათების გენერირების ახალი მოდელი გამოუშვა