7
დეკ
2017

გიორგი დანელია – #პირველისამსახური

7 დეკ 2017

17 წლის ვიყავი, როცა რეგიონიდან ახალ ჩამოსული დედაჩემს გავყევი ერთ-ერთ ბიზნესმენთან ინტერვიუზე. ინტერვიუს მსვლელობისას ამ ადამიანს კომპიუტერთან პრობლემა შეექმნა და შაბათი დღის გამო, ვერავინ უშველა. ამ დროს გამოვჩნდი მეც, დავეხმარე და ისე მოვეწონე, რომ დამიბარა, ხვალვე მოდი ჩემთანო. ასე აღმოვჩნდი სტაჟიორად შპს ახალი ქსელების ავლაბრის სადგურში. ჩემი მოვალეობა ინტერნეტ მოდემების დადგმა იყო მისამართებზე, მათთვის ინტერნეტის გამართვა და დაზიანებების აღმოფხვრა. ასე გავიდა 3 წელი სიცხეში, წვიმასა და თოვლში, ზამთარ-ზაფხულ, ზურგზე უშველებელჩანთამოკიდებული დავდიოდი ისანი-ავლაბრის უბანში ფეხით და ვრთავდი ინტერნეტს. პარალელურად, ვსწავლობდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სემინარიაში და ინფორმატიკაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში. იმ პერიოდში ჩემთვის ყველაფერი ბევრად რთული იყო, ვიდრე დღევანდელი გადმოსახედიდან. სამეგრელოდან ჩამოსულს არც მეგობრები მყავდა თბილისში, არც ქალაქს ვიცნობდი და ძალიან უცხოდ ვგრძნობდი თავს. პლუს, სამსახური, საქმიანი ურთიერთობები საერთოდ ახალი ხილი იყო…

BOG PLUS

 

შემდეგ იყო თიბისი ბანკი, სადაც CV-ს გაგზავნით მოვხვდი, რომელიც არც კი მახსოვდა. განვადების განყოფილებაში მოვხვდი, იქაც რამდენიმეთვიანი სტაჟირებისა და ორი ზაფხულის გადაბმულად მუშაობის შემდეგ, გადავედი ჯერ IT, შემდეგ კი მარკეტინგის განყოფილებაში, სადაც გავიარე ჩემი გამოცდილების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი.

დღეს კი ჩემს პარტნიორთან (მეუღლესთან) ერთად, ვმუშაობ საკუთარ კომპანია Copter-ში, რომელიც ორ საქმიანობას მოიცავს: ფოტო-ვიდეო ფროდაქშენსა და DJI-ს დრონების ოფიციალურ დილერობას, რომელიც ამარაგებს დიდ ელექტრონულ მაღაზიებს და ასევე, თვითონაც ახდენს გაყიდვებსა და სერტიფიცირებულ სერვისს საქართველოში.

გიორგი დანელია – Copter-ის დამფუძნებელი.

განხილვა