ვინაიდან დრო არ ითმენს, პირდაპირ მთავარი სიახლით დავიწყოთ – გიორგი დათუკიშვილი, Excel-ის ქართველი სპეციალისტი, Global Excel Awards-ის ხუთ ფინალისტს შორის მოხვდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო ხმის მიცემა, სადაც მისი გამარჯვებისთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, ამიტომ აქტიურობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს. კი ვიცით, რომ ხუთეულში მოხვედრა უკვე წარმატებაა, მაგრამ საბოლოო გამარჯვება კიდევ უკეთესია, ამიტომ, თუ გსურთ, რომ ქართველმა პროფესიონალმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს, 30 აპრილის ჩათვლით, მხარი ამ ბმულზე დაუჭირეთ. ხმის მისაცემად საჭიროა მიუთითოთ სახელი, გვარი და ელფოსტა. მოცემულია 4 ნომინაციიდან აირჩიეთ “Rising Star in the Excel Industry”.
რატომ, რისთვის და როგორ – ამ ყველაფერს ქვემოთ დავწერთ.
Global Excel Awards წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო დაჯილდოებას Excel-ის სფეროში. იგი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებს, ინოვატორებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს. აღნიშნული ჯილდო აღიარებს იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასა და ცოდნის გავრცელებაში, რაც მას პროფესიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აქცევს.
გიორგის გარდა, ფინალში წარმოდგენილნი არიან იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები.

გთავაზობთ გიორგი დათუკიშვილთან ინტერვიუს, სადაც ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, Excel-ის განვითარების ხედვასა და მოლოდინს აღნიშნული ღონისძიების შესახებ.
M: დავიწყოთ იმით, როგორ მოხვდით Global Excel Awards-ის ფინალისტთა შორის, რა გზა გაიარეთ მანამდე?
ზოგადად, Excel-ის საერთაშორისო სიახლეებსა და ღონისძიებებს მუდმივად ვადევნებ თვალს. ასე გავიგე Global Excel Summit-ის შესახებ, რომელსაც პირველად სამი წლის წინ ონლაინ დავესწარი. მოგვიანებით მივიღე ინფორმაცია Global Excel Awards-ის შესახებ და მეგობრისა და ყოფილი სტუდენტის მხარდაჭერით გადავწყვიტე მონაწილეობა. შევარჩიე ნომინაცია „Rising Star in the Excel Industry“, რომელიც მოიცავს ცოდნის გაზიარებასა და ინოვაციურ მიდგომებს. რთული შესარჩევი ეტაპის შემდეგ მსოფლიოს 5 ფინალისტს შორის მოვხვდი. ეს ჩემთვის უდიდესი საერთაშორისო აღიარებაა.
M: ახლა, როცა უკვე ფინალში ხართ, რა არის შემდეგი, როგორ ხდება ხმის მიცემა?
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო ხმის მიცემა, რომელიც 30 აპრილამდე გაგრძელდება, გამარჯვებული კი 20 მაისს გამოვლინდება. ახლა ყველაფერი საზოგადოების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. კონკურენტები წარმოადგენენ დიდ ქვეყნებს, ამიტომ ქართველი აუდიტორიის აქტიურობა გადამწყვეტია.
M: თქვენი აზრით, რა იყო მთავარი ფაქტორები, რომლებმაც ამ საერთაშორისო აღიარებამდე მიგიყვანათ?
ჩემი წარმატება განაპირობა მასშტაბურმა საგანმანათლებლო საქმიანობამ: 6 უნივერსიტეტში მუშაობამ, საკუთარმა ტრენინგცენტრმა და წლიურად 850-საათიანმა სატრენინგო პრაქტიკამ. ამას ემატება ჩემი ციფრული კონტენტი – პირველი ქართული საგანმანათლებლო იუთუბარხი 6.6 მილიონი ნახვით და ორი პროფესიული წიგნი. ვფიქრობ, საერთაშორისო აღიარება სწორედ ცოდნის გაზიარების ამ მასშტაბმა და ინოვაციურმა მიდგომებმა მოიტანა.
M: როგორ ხედავთ Excel-ის და ზოგადად, მონაცემთა ანალიტიკის როლს საქართველოში – იზრდება თუ არა ამ სფეროს მნიშვნელობა?
საქართველოში მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით ნამდვილი ტრანსფორმაცია შეიმჩნევა. თუ წლების წინ Excel მხოლოდ ციფრების შესაყვან უბრალო ცხრილად აღიქმებოდა, დღეს ის ბიზნესის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების მთავარ ინსტრუმენტად იქცა.
აქ არის რამდენიმე ძირითადი ტენდენცია, რასაც ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაში ვხედავ:
- მოთხოვნა სიზუსტეზე: ქართული კომპანიები მიხვდნენ, რომ ინტუიციით მართვის ეპოქა დასრულდა. ახლა გადაწყვეტილებები ეყრდნობა მონაცემებს, რაც პირდაპირ ზრდის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნის საჭიროებას;
- ავტომატიზაცია, როგორც სტანდარტი: თანამედროვე ქართველი პროფესიონალი აღარ კმაყოფილდება რუტინული, მექანიკური სამუშაოთი. მზარდია ინტერესი ისეთი ხელსაწყოების მიმართ, როგორიცაა Power Query და Power BI, რაც საშუალებას გვაძლევს, საათობით გაწერილი სამუშაო წამებში შევასრულოთ;
- კონკურენტული უპირატესობა: შრომის ბაზარზე Excel-ის ფლობა უკვე აღარ არის „დამატებითი უნარი“ – ესაა საბაზისო ცოდნა;
ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის: დავამკვიდროთ საქართველოში მონაცემთა დამუშავების მაღალი კულტურა. ჩვენი ქვეყნისთვის ამ სფეროს მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, რადგან ციფრული ეკონომიკის პირობებში მონაცემები არის „ახალი ნავთობი“, ხოლო მათი სწორი ანალიზი – წარმატების მთავარი ფორმულა.
M: დღეს რა ტრენდებია Excel-ის გამოყენებაში და როგორ მოქმედებს AI?
Excel დღეს სწრაფად ვითარდება – AI ასისტენტებისა (Copilot) და Python-ის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესებს. მთავარი ტრენდი არის ავტომატიზაცია და ინტერაქციული დეშბორდები. AI არ ანაცვლებს სპეციალისტს, ის უბრალოდ ტექნიკურ სამუშაოს ამარტივებს და აქცენტი აზროვნებაზე გადააქვს.
დღეს მთავარია არა ფორმულების ზეპირად ცოდნა, არამედ ლოგიკური აზროვნება. AI დაგვიწერს ფორმულას, თუ ჩვენ გვეცოდინება, რა ვკითხოთ.
M: თუ Global Excel Awards-ში გამარჯვებას შეძლებთ, რას შეცვლის ეს თქვენს მომავალ გეგმებში და რა გზავნილს გაუგზავნით როგორც თქვენს აუდიტორიას, ისე პროფესიულ საზოგადოებას?
ეს გამარჯვება საქართველოს პირველ საერთაშორისო აღიარებას მოუტანს ექსელის სფეროში. ჩემთვის ეს საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოების სტიმულია. მადლობა ჩემს ერთგულ აუდიტორიას მხარდაჭერისთვის. ჩემი მთავარი გზავნილია: თუ საქმეს სიყვარულით აკეთებ, ქვეყნის მასშტაბის მიუხედავად, გლობალური აღიარების მიღწევა მაინც შესაძლებელია.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













