5
Dec
2018

თვითკრიტიკიდან (თვით)აღიარებამდე – გიორგი გაგოშიძის ხელოვნება

5 Dec 2018

ვნებისგან დაცლილს, რა სჭირდება მხატვარს ყველაზე მეტად? სამი ნაბიჯით უკან დახევა, ღრმად ჩასუნთქვა და ტილოსთვის თვალის გასწორება… „ნუთუ, ეს მე ვარ?“

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

თბილისის ერთ-ერთი კორპუსის ბოლო სართულზე, იქ, სადაც ცა ჭერთან მიბჯენილი შუშიდან მოსჩანს, გიორგი გაგოშიძის სახელოსნოა.

ჩარლი ჩაპლინის პოსტერი, საქართველოს დროშა, მუსიკალური ფირფიტების სტელაჟი, ორი მოლბერტი, დღეს რომ უკვე აღარ იშოვება, ისეთი… მედლები, სარწეველა სკამი, ორი სავარძელი, ბუხარი, პატარა ტელევიზორი და ბევრი ნახატი… „ვეღარ ვეტევით“, – ამბობს გიორგი გაგოშიძე, რომელიც სახელოსნოს მამასთან, მხატვარ დავით გაგოშიძესთან იყოფს და ხან ჩარჩოებში გადაჭიმული დიდებული ტილოს სახეს იღებს, ხანაც კუთხეში მიკუნჭული ფურცლებისა და საღებავების სუნი ასდის, ყველაზე უფრო ხშირად კი, ზურგს გვაქცევს, კედლისკენ პირით: „ნამუშევრებს არ ვკიდებ ხოლმე. ძალიან შემაწუხებელია. გულწრფელად რომ ვთქვა, ხატვის დროს ხელს მიშლის“.მისი ძირითადი სამუშაო დარგი ფერწერა და გრაფიკაა. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. მხატვართან ერთად, რესტავრატორიცაა და ფრესკების კონსერვაციაზე ბევრი უმუშავია, თუმცა, ბოლო დროს, უსათაურო აბსტრაქციებისა და პეიზაჟების გარდა, სხვა ყველაფრისთვის, დრო ენანება.

ხელოვნება სხვა პროფესიებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ იძულებით ვერაფერს გახდები. ხატვა ჩემი შინაგანი მოთხოვნილება, თვითგამოხატვის საშუალებაა… მე ვერ წარმომიდგენია დღე მხატვრობის გარეშე. შეიძლება, ყოველდღე არ დავხატო, მაგრამ სახელოსნოში სულ რაღაცას ვაკეთებ. მაგალითად, ჩარჩოებზე ტილოს გადავჭიმავ, სხვა რომ არაფერი… ჩემი ყოველდღიურობა ესაა…

M: გიორგი, რისთვის იღწვის ხელოვანი ადამიანი? 
ხელოვანის ცხოვრება სულ გამოფენისთვის მზადებაა. ხატავ და გინდა, რომ სხვებსაც აჩვენო. და ალბათ, ვინც რაღაცას აკეთებს, ყველას სურვილი აღიარებაა…

2012-2015 წლები

M: და როგორია გზა გამოფენამდე… გვიამბეთ, რა ფიზიკური თუ ემოციური რესურსის გაღება გიწევთ სასურველ შედეგამდე მისასვლელად?
შემთხვევები არის ხოლმე, როცა ნამუშევარს აკეთებ და ყველაფერი ისე მიდის, როგორც გინდა. მაგრამ ხშირად, ეს პროცესი ძალიან ბევრ წვალებად გვიჯდება. უცებ, რაღაც არ მოგეწონება და შესაძლოა, თვეები მოუნდე, რომ შედეგით კმაყოფილი იყო. გვერდიდან შეიძლება ისე ჩანს, რომ სახელოსნოში მიხვალ, დახატავ და ყველაფერი პირველივე ცდაზე გამოგივა. ეს ასე არაა. რაღაცას რომ ადვილად აკეთებ, ამის უკან ძალიან დიდი შრომა, გაღიზიანება, იმედგაცრუება, უკმაყოფილება დგას. თუმცა, სწორედ ამგვარად აღწევ ყველაზე დიდ სიამოვნებას… როცა ხვდები, რომ ნახატი დაასრულე… ესაა სიამოვნების რამდენიმე, დაახლოებით, 10-15 წუთი. რომელიც ძალიან ცოტა ხანს გყოფნის… ამიტომ, მალევე, ახლიდან იწყებ ძიების პროცესს. იმიტომ, რომ რაღაცის ცდა რომ არ მოგინდეს, გაგიჟდები. ერთ ადგილას ხომ ვერ გაჩერდები?!გამოფენას რაც შეეხება, ყოველთვის ხვდები, როდის გაქვს ამისთვის მზაობა.

M: ხელოვნების კომერციალიზაციაზე რას ფიქრობთ?… და რამდენად მნიშვნელოვანია ის თავად შემოქმედისთვის?
ბოლოს და ბოლოს, რისთვის ხატავ?! რაღაც შედეგი, უკუკავშირი ხომ უნდა გქონდეს აუდიტორიისგან… ისედაც სულ კრიტიკულად უყურებ ნამუშევარს და შენს შექმნილს თუ არავინ აფასებს, არავის მოსწონს, არ იყიდება… პრობლემაა ხომ?! ძალიან დიდი მოტივაციაა, როცა შენი ნამუშევრები იყიდება. ასე, ასკეტურად იცხოვრო, მხოლოდ შენი შინაგანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ვერ გამოვა. თვითკრიტიკიდან (თვით)აღიარებამდე ეჭვების, თავში დაურწმუნებლობის გადალახვა გვიწევს…

M: და რა ხდება მაშინ, როცა ვეღარ ქმნით… უბრალოდ, ემოციურად დაცლილი ხართ… ვგულისხმობ, როგორ უმკლავდებით შემოქმედებით კრიზისს? თუ რა თქმა უნდა, განიცდით ხოლმე ამას…
შემოქმედებითი კრიზისი ძალიან ჩვეულებრივი და აუცილებელი ამბავია. ცვლილებები სწორედ ამ დროს იწყება. მქონია განცდა, რომ ჩემს ნამუშევრებში ვმეორდებოდი. რაღაც რომ არ მოგწონს და ნელ-ნელა კრიზისი გეწყება, სწორედ ეს არის რაღაც ახლის, უჩვეულოს შექმნის საწყისი. ტანჯვის – შემოქმედებითი კრიზისის პრიზმაში უნდა გაიაროთუ გინდა, რომ განვითარდე. სხვა შემთხვევაში კომპრომისზე მიდიხარ და ერთსა და იმავეს ტკეპნი. თუ შიგნით რაღაც არ გაწუხებს, არ გრძნობ უკმაყოფილებას და არაფრის შეცვლა არ გინდა, მხატვარი ვერ იქნები.M: თუ შემოქმედებითი კრიზისი, ერთგვარი საშუალებაა რაღაც ახლის შექმნისთვის, რისი შეიძლება, ხელოვანს ეშინოდეს?
სიმართლე გითხრა, ამაზე ბევრი არ მიფიქრია. ალბათ, ერთ დღეს იმის გააცნობიერების, რომ შენი ნამუშევრები არაფრად ვარგა და ვერაფერი საინტერესო ვერ შეგიქმნია.

M: სფეროში არსებულ გამოწვევებზეც ვისაუბროთ. როგორც მხატვარი, საქართველოში რა პრობლემას აწყდებით?
კრიტიკა არ არსებობს ჩვენთან, არანაირი ფორმით. არც ჟურნალი გვაქვს, არც გადაცემა… რატომღაც, გადავწყვიტეთ, რომ კულტურა არც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გამოფენები ეწყობა, მივდივართ, ვნახულობთ და აქ მთავრდება… გარდა ამისა, ძალიან ძნელია ამ ქალაქში საგამოფენო სივრცეების პოვნა, მით უფრო, თუ დიდი ნამუშევრები გაქვს.

M: გარდა მხატვრობისა, რით ხართ გატაცებული?
მუსიკა ძალიან მიყვარს… ჯაზი. თუმცა, ბოლო დროს, იშვიათად ვუსმენ ხოლმე იმიტომ, რომ ესეც, ნახატებისა არ იყოს, ხელს მიშლის. ყველა მუსიკას ხომ თავისი ამბავი აქვს და გითრევს თავისკენ. ამიტომ, გავლენებს თავს ვარიდებ. მინდა, ჩემი, ის დამოუკიდებლად არსებული შინაგანი სამყარო და შინაგანი მდგომარეობა გადმოვცე, რომელიც ხატვის პროცესში მაქვს.

გიორგის პირველი სოლო გამოფენა 2007 წელს, გალერეა „ვერნისაჟში“ შედგა და დღემდე, კიდევ 6 პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა თბილისმა თუ ლიეტუვამ. „აბასთუმანი“, „სახელოსნოს ვერანდიდან“ და ნამუშევრების სხვა სერიები, ასევე, საქართველოს ფარგლებს გასცდა და ჩინეთში, თეირანში, სტამბულსა და სხვა ქალაქებშიც გამოიფინა.

სულ მალე კი, 18 დეკემბერს, ავტორი, მორიგ სოლოგამოფენაზე „ბაია გალერეაში“, კიდევ ერთხელ, საკუთარი წარმოსახვის კონტრასტული, ფერადოვანი ლაქებისა და აბსტრაქციებისგან შექმნილ ნამუშევრებს წარადგენს. მთავარი, ამ შემთხვევაშიც, ვიზუალი იქნება… გზავნილები და ემოციები კი, დამკვირვებელზეა. ის გადაწყვეტს, რას აღმოაჩენს გიორგი გაგოშიძის ნამუშევრებში.

განხილვა