13
Feb
2020

“ფერწერა ჩემთვის ქვეცნობიერის პოეზიის ამოუწურავი მინდორ-ველია” – გიორგი გელაძე #თაობა

13 Feb 2020

სანამ ინტერვიუს კითხვებზე პასუხის გაცემას დაიწყებდა, ვთხოვე, რომ ლაკონიური არ ყოფილიყო. როგორც აღმოჩნდა – არც აპირებდა.. თავისი შინაგანი ბუნების ძალიან ბევრი დეტალი გაგვანდო და ახსნა ის, რაც, ერთი შეხედვით, უხილავია. ამ ინტერვიუმდე მის შემოქმედებას სხვაგვარად აღვიქვამდი, ახლა – ბევრად მეტი ვიცი და მისი ნამუშევრების მნიშვნელობების ცოდნაზე მეტი პრეტენზიაც მაქვს. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გიორგი გელაძეზე გიყვებით – თანამედროვე ხელოვანზე თბილისიდან, რომლის მრავლისმომცველი შემოქმედებაც არაფერს ჰგავს და სწორედ რომ ამ ორიგინალურობით აღტაცებამ მიმიყვანა გიორგიმდე.

M: ვინ არის გიორგი გელაძე? 

გიორგი გელაძე არის ისეთივე ადამიანი, როგორიც შენ და ყველა. უფრო კონკრეტულად, გიორგი გელაძე სახელი და გვარია, რომელიც მიანიშნებს ჩემს იდენტობას, ასოცირებას იწვევს ჩემს პიროვნულ კონდიციაზე. ვთქვათ, გიორგი გელაძე არის მხატვარი.. და მორჩა? სისულელე იქნებოდა უკიდეგანობის ასეთი ვიწრო კუთხით გააზრება. გიორგი გელაძე უკიდეგანობაა – არაფრიდან წამოსული, როგორც ყველა, ჩემი აზრით, და ისევ არაფრისკენ მიილტვის. გიორგი გელაძე ერთ-ერთი კაპილარია იმ უსასრულო ფორმაციის ორგანიზმში, რომელშიც ყველაფერი მიედინება, მე სამყაროს ერთ-ერთი გულის ფეთქვა ვარ, როგორც ყველა და ყველაფერი. მე წვეთი ვარ ზღვაში და, ამავ დროს, ლოგიკურად ზღვაც.. კიდევ რა შემიძლია ვთქვა ჩემზე? მე შენ ვარ და შენ მე, ასე ვფიქრობ მე. გიორგი გელაძე არის ყველა და ყველაფერი, რადგან, ჩემი აზრით, ის სამყაროს ერთობაში ჩქეფს, როგორც ერთი პატარა ნაკადული და ყველაფერზე ზემოქმედებას ახდენს, მთებს დგამს და მიმოქცევის მთვარეა, ცეცხლს ჰგავს და ქრება-ინთება. კიდევ დავამატებდი ჩემზე, რომ გიორგი გელაძე ის ერთ-ერთი უსუსურია 7000000 ადამიანში, რომელსაც თავისი თავი მნიშვნელოვნად მიაჩნია – სხვაზე, ქვაზე ან ფანჯარაზე მნიშვნელოვანი.

M: ბავშვობიდანვე ფიქრობდი, რომ შენი ადგილი ხელოვნებაში იყო, თუ მერე, დრომ მოიტანა ეს?

ჩემდა სამწუხაროდ, ღრმა ბავშვობა არ მახსოვს და არც მაქვს გახსენების მცდელობა. ჩემი აზრით, ბავშვობაში ღრმადაა დაფლული ის მოვლენები, რომლებმაც დიდი ზეგავლენა იქონია/შეიძლება, გადამწყვეტიც ჩვენს დღევანდელ ყოფასა და პიროვნებაზე. ჩემი აზრით, ყველაფერი თვითონ მოვიდა და შემდეგ ჩემი აღქმის უნარიდან, მგრძნობელობის ხარისხიდან გამომდინარე დავახარისხე და დავგლიჯე რეალობა კონცეპტუალურ ნაგლეჯებად.

7 წლიდან 17 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი მახსოვს.. დღე და ღამე ბურთთან ვატარებდი, თუმცა, ჩემს განვითარებას ამ მხრივ ერთი რამ აბრკოლებდა – მოსაგებად არასდროს ვთამაშობდი, შესაბამისად, თამაშს არ ვიგებდი. თამაში იმიტომ არის თამაში, რომ გაიმარჯვო ან დამარცხდე. ამან დამღალა მგონი და მომბეზრდა. ამ დროს ვწერდი ლექსებს და მოთხრობებს, ხატვა 18 წლის ასაკში დავიწყე მახსოვს, ერთი თვით ადრე, ვიდრე ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში ჩავაბარებდი ფერწერის ფაკულტეტზე. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამ სკოლას.

M: როგორ გახსენდება დასაწყისში შენი და ხელოვნების კავშირი – საიდან დაიწყო ყველაფერი და როგორ გაგრძელდა? როგორ მიხვედი ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლამდე?

ერთი ადრეული ფაქტი გამახსენდა. 7 წლის ვიყავი მგონი, როცა სკოლის მერე მზიურში წავედი ბავშვებთან ერთად. იქ ბევრი ისეთი ქვა იყო, რომლის კვეთაც შეიძლებოდა, თან იქვე ელაგა რამდენიმე ასეთივე გამოქანდაკებული, ოღონდ დაუსრულებელი ქვა. რამდენიმე ნატეხი წამოვიღე სახლში და ჩაქუჩითა და წვეტიანი ხელსაწყოთი გამოვთალე წმინდა გიორგი. ყველაფერი აქედან დაიწყო-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი გამოცდილებაა, რაც მახსენდება.

ვცდილობ ‘’დღევანდელი დღით ვიცხოვრო’’ მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, ყველაფერი ხელოვნებად აქციო, რადგან სწორედ ეს დევს სამყაროში. ყველასთვის ნათელია, რომ სამყარო უდავოდ საუკეთესო ხელოვანია და მინდა, რომ შევძლო და არ გავეჯიბრო მას. ერთი მომენტი მახსოვს კიდევ ბაღიდან, სულ ფანჯარასთან ვიჯექი და გარეთ ვიხედებოდი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, მგონი, მანქანების ფერებით დიფერენციაციას ვაკეთებდი, რომელიც მდინარესავით მიედინებოდა.

განვითარებას რაც შეეხება, ყველაფერი დაიწყო ჩემი უნივერსიტეტიდან. თავიდან ვფიქრობდი, ფილოლოგია ან ფილოსოფია მესწავლა, სანამ არ გამოჩნდა ვადსი (ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა) ეროვნულ გამოცდებამდე ასე ერთი თვით ადრე და გადავწყვიტე, აქ ჩამებარებინა. კაკრაზ მაგ ‘ტაიმლაინში’ დავიწყე ინტენსიური ხატვა და ვადსი ყველანაირ საშუალებას მაძლევდა საამისოდ.

M: მოგვიყევი, რა შეცვალა ამ სკოლამ შენს ცხოვრებაში.. როგორი გამოცდილება იყო აქ სწავლა შენთვის და შენი შემოქმედების განვითარებისთვის?

ყველაფერი, რა თქმა უნდა. ორიოდე სიტყვით, ამ სკოლამ განვითარების უდიდესი საშუალება მომცა – ყველაზე მეტად კი, პიროვნულ განვითარებას გამოვარჩევდი. ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც მომიწია, იყვნენ უკეთილშობილესი და უსაყვარლესი. მე რომ მივედი, “ვადსი” ერთი წლის დაარსებული იყო და სიცარიელე იგრძნობოდა. მხოლოდ პირველი კურსი იყო ამ სივრცეში მანამდე და, ასე ვთქვათ, დიდი ბექგრაუნდი არ გვქონდა. ამ პროცესებში და ახალი კურსელების მატებაში სკოლა მრავალმხრივ გაფართოვდა და ძალიან განვითარდა. ვფიქრობ, ეს ძალიან მცირე პერიოდში მოახერხა. ერთი თვის წინ მის გამოფენაზე ვიყავი და გავოცდი. საოცარი ნამუშევრები იყო, რაც მთავარია – მრავალფეროვანი. აქ რომ ვისაუბრო ამ უკარგეს ნამუშევრებზე, ვერ მოვრჩები ვერასდროს. ზოგჯერ მენატრება ხოლმე ვადსის დერეფნებში ბოდიალი.. ძალიან მადლობელი ვარ მისი, იმდენად, რომ ვერც გამოვხატავ..

M: გაიხსენე პროექტები/გამოფენები, რომლებში მონაწილეობაც შენთვის განსაკუთრებული იყო..

ჩემი აზრით, ყველა წამი იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ასე რომ, შეძლებისდაგვარად მთლიანად ვიძირებოდი პროექტებში და ყველაც ძალიან განსაკუთრებული იყო. მოდი, ბოლო სამს გავიხსენებ. სამივე სხვადასხვა “დუხში” იყო – მრავალფეროვანი გამოცდილებით. პირველი იყო window project-ში ჯგუფური გამოფენა ირენა პოპიაშვილის კურატორობით. ფერწერებთან ერთად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყო ინსტალაციის ერთობაში, რაც ჩემთვის საინტერესო ენერგეტიკულ და ასოცირებად ინფორმაციულ ნაკადს ქმნიდა სივრცეში. სხვა არტისტების ნამუშევრებზე აღარაფერს ვიტყვი..

მეორე შემთხვევა – სისიეიში მომცეს საშუალება, გავმხდარიყავი ამ საოცარი პროცესის მონაწილე ‘’მეათე კლასი’’. ჩემმა ძვირფასმა მეგობრებმა შექმნეს სასკოლო სახელმძღვანელო მეათე კლასელთათვის, რომელიც ძალიან კარგად იყო მორგებული დღევანდელობას. ის საჭირო ინტელექტუალურ, კომერციულ, ელემენტარულ ფსიქოლოგიურ და კრეატიულ მასალას აწვდიდა ბავშვებს. ერთი სიტყვით, ბავშვს წაკითხვის სურვილი უჩნდებოდა. მე სახელმძღვანელოს ბოლო თავის გაკვეთილის ჩატარება მომიწია, რომელიც წარმოადგენდა ექსპოზიციას – “თეთრი კუბი” ერქვა. ერთი თვე ბავშვები აკეთებდნენ წიგნებს, კანფეტებს, სწავლობდნენ მთებს, ხატავდნენ, თამაშობდნენ და სუფთად ურთიერთობდნენ გარემოსთან უკეთილშობილესი მასწავლებლების დახმარებით. ბავშვებთან ერთად ავაწყე ექსპოზიცია 5 გაკვეთილის შემდეგ თეთრ კუბში, რომელიც სისიეის დარბაზს იყო მიმაგრებული. ჩვენ მას თეთრი გამოქვაბული დავარქვით და საბოლოოდ ყველამ ჩვენი აგური დავდეთ, პირდაპირი გაგებით. სიტყვები არ მეყოფა ამ ბავშვების როგორი მადლიერი ვარ. ყველასი – ვატოსი, ლექსოსი, ზურასი, ლუკასი, გალაკტიონის, მამუკასი, ედიშერის, გოჩასი, ჯუბასი, ილოსი, რუსკასი, ერთი სიტყვით, ყველასი მაპატიეთ ვინც გამომრჩა..

და ბოლოს, ჩემს შეყვარებულთან ერთად გავაკეთე გამოფენა 4710-ში ანეტას და ნინის კურატორობით. ეს ჩემი პირველი მძლავრი შეჭრა იყო საგამოფენო სივრცეში. გამოფენას ერქვა “გულიდან მოდის ღიმილი” და გულის ჩაკრის ინტუიტურობაზე იყო აწყობილი. ასევე ღიმილი არა როგორც რომანტიზირებული მოვლენა, არამედ სამყაროს ფენომენი და არსობრიობა, რასაც ასხივებს სუფთა ღიმილი. აქ ორი ოთახი იყო – პირველ ოთახი ფერწერების, მეორე კი უამრავი ენერგეტიკული ვუდუ ცენტრებით. მე და ნატალიას ნაპოვნ და უკვე გამოყენებულ ნივთებთან ურთიერთობა ძალიან გვაინტერესებს. ეს გამოფენა, ჩემი აზრით, სწორედ ამის დადასტურება იყო. ვცდილობდით, ამ ნივთების ენერგეტიკული სიხშირიდან გამომდინარე პოზიტიური ენერგიის გასაზიარებლად საუკეთესო ფორმა გვეპოვა. უნივერსალური ენის პოვნაა ჩვენი მიზანი – ყველა ადამიანთან სიახლოვე და სიყვარული. უდიდესი მადლობა ნინის და ანეტას, ძალიან ვაფასებ ამ გალერეას და მასში დიდ პოტენციალს ვხედავ იმისა, რომ ის იყოს ერთ-ერთი ექსპერიმენტალური, არანაირ კრიტერიუმზე დაფუძნებული სივრცე , სადაც ადამიანები შეძლებენ, ჩაატარონ ექსპერიმენტები და განვითარდნენ. ამ განვითარებას ხშირად ზღუდავს სამყაროს კომერციული პრინციპები და მატერიალიზმი. მიეცით გასაქანი ყველა წამს და ნუ იფიქრებთ იმაზე, რამდენ ხანში აძვრება საღებავი ნახატს, ყველაფერი მაინც წარმავალია, არ ღირს რაღაცაზე ჩაჭიდებულმა მთელი ცხოვრება გამაზო.

M: ალბათ არ იქნება უცნაური, თუ ვიტყვი, რომ შენი შემოქმედება ყველასთვის გასაგები არ არის და არცაა აუცილებელი, რომ იყოს – მაინც, რისი გამოხატვა გსურს იმ ფორმებითა და ფერებით, რომლებსაც შენს შემოქმედებაში იყენებ?

სიმართლე გითხრა, ჩემი ქმედებებიდან უმეტესობა არც მე მესმის. ასე ვთქვათ, გაუთვითცნობიერებელი ვარ. ბევრ რამეს ვერც გაიგებ, უნდა დაინახო შინაგანი მზერით და განიცადო. ჩემი მოტივიც განცდაზე დამყარებული ენერგეტიკის შექმნაა ნახატში, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის უნივერსალურ, პოზიტიურ მოცემულობად აღიქმება. მინდა, ხალხმა საკუთარი თავს აღმოაჩინოს მასში და მასთან ერთად გაისეირნოს, ცოტა ხანი დატოვებს თავის მატერიალურ კმაყოფას, საკუთარი არსების უფრო ღრმა შრეებზე ჩავა და შეახსენებს მის რეალურ ღრმა ქვეცნობიერს სპირიტუალურ არსებაზე, რომელიც ჩვენს რეალობაში ადამიანისგან დაბლოკილი და უგულებელყოფილია. ეს არ არის რა თქმა უნდა ახალი. მე უბრალოდ მომღერალი ვარ, რომელიც სამყაროს ასხამს ხოტბას, ხატვა კი მეტყველების ფორმაა. ხატვა ჩემთვის უპირველესად კომუნიკაციის, პოზიტიური ენერგიის მიმოცვლის საშუალებად გადაიქცა. ეს იმაზე მეტია ჩემთვის, ვიდრე სიტყვები და არსებული ფუძისეული ფორმები, რომლითაც ფალსიფიცირებულ რეალობას ვაყალიბებთ და ვიკეტებით მასში.

ყოველთვის ვცდილობ, ისე გავმარტივდე, რომ ჩემი სიტყვა-ფერწერა გასაგები გახდეს ყველა სეგმენტის ადამიანისთვის. ფერწერა ჩემთვის ქვეცნობიერის პოეზიის ამოუწურავი მინდორ-ველია. უხეშად რომ განვსაჯოთ, ფერწერა მეხმარება გავცე სიყვარული, ან ის განცდები, რომელიც ჩემში დუღს, მაგრამ სიტყვებს და ყოველდღიურ ქმედებებს არ ძალუძს გადმოცემა. ფერწერა ჩემთვის ტრანსცენდენტალურ და საკრალურ დატვირთვას ატარებს, როგორც განბანვა. კიდევ არსებობს ფერწერის უამრავი ნაკადი, რომელიც სხვადასხვა განცდამდე დადის და იღვრება გარეთ სხვადასხვა ფორმით. ვცდილობ, არასდროს დავხატო ერთნაირი ნახატები.

M: რატომ იბნევი ომში?

ჩემი აზრით, ომი ადამიანს სუპერეგოიზმის ნათელი მაგალითია. ჩემთვის ომი ყოვლადდაუშვებელ აქტს წარმოადგენს, მნიშვნელობა არ აქვს, ლაგატკა გიჭირავს, თუ ვიღაცას ეჯიბრები უკეთესი იყო მასზე და ის ჩამოიტოვო უკან. ომი ყველაზე ცუდ გამოსავლად მიმაჩნია და ისეთ ეგოისტურ ქმედებად, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის დაჩლუნგების პიკს. ნამუშევარი ომში ვიბნევი, არის ორაზროვანი ტექსტი, ხოლო მნახველი წყვეტს ომში-ბრძოლაში დაიბნევა, თუ უძველეს ტრანსცენდენტალურ მედიტაციურ ომში. პირადად მე ლოტუსში და ბუდაში ვწყვეტ დაბნევას და გავრცელებას. ადამიანი სამყაროს თავისი შინაგანი თვისებრიობიდან გამომდინარე აღიქვამს, ასე რომ, სამყარო ისეთი ეჩვენება, როგორიცაა თვითონ. ვიღაცა ომს ხედავს, ვიღაცა სილაღესა და მედიტაციას.

M: შენს ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით სიტყვებს/წინადადებებს, როგორ ფიქრობ, რატომ სჭირდება, რიგ შემთხვევებში, ვიზუალურ ხელოვნებას სიტყვები?

სიტყვები მრავალმნიშვნელოვანი დატვირთვითაა ჩემს ფერწერაში, ერთი – მათი ფერწერული ფორმებისა და სიმბოლოების ხატვით, მეორე – თვითონ სიტყვების არსობრივი მრავალმნიშვნელობით. ისინი აღვიძებენ ახალი აღქმის ინსტრუმენტს და ფერწერასთან ერთად საინტერესო, ასოცირებად პროექციამდე დადის მნახველისთვის განცდილი ‘’ფერწერა’’.

M: რა/ვინ ახდენს შენს შემოქმედებაზე ზეგავლენას?

ყველა და ყველაფერი ახდენს ზეგავლენას ჩემზე, უბრალოდ სხვადასხვა დოზით და გატაცებით. ესენი არიან ძირითადად ადამიანები, რომლებიც ჩემ გარშემო არიან, ერთ სახელოსნოში ვმუშაობთ და ერთსა და იმავე წიგნებს ვკითხულობთ. არამარტო ახლობლები და ხელოვანი ადამიანები, არამედ ხელოვან ადამიანებზე უფრო, უბრალო, უცხო ადამიანები მაძლევენ შთაგონებას. მხატვრები მიყვარს , მაგრამ მეტი წილი ზეგავლენა ტრანსცენდენტალურ-ფსიქოდელურმა პრაქტიკებმა და სხვადასხვა სპირიტუალურმა ლიტერატურამ იქონია. ვთქვათ, ამ ეტაპზე სუფიზმით ვარ დაინტერესებული და ჩემს გულში სუფი აღმოვაჩინე, ამასთან ერთად, ხშირად ვიხილავ კასტანედას და დიმიტრი უზნაძეს და მათგან დატოვებულ სულიერ და გონიერ საზრდოს ვიღებ.

M: ამჟამად რას საქმიანობ?

არაფერს არ ვსაქმიანობ, უბრალოდ ვხატავ და სხვა დანარჩენი ვაკეთებ, იმას რაც მინდა. არ ვიცი ამას საქმიანობა დავარქვა თუ არა, უფრო სწორი სიტყვა ცხოვრება იქნებოდა – ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ცხოვრების და მისწრაფება.

M: მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ..

გეგმები არ მაქვს. გეგმები ტრაექტორიას ნიშნავს. ე.ი შენ რაღაც კონკრეტულზე ხარ ფოკუსირებადი, რასაც შენი გეგმა წარმოადგენს და შესაძლოა, ბევრ ნატურალურ და სასარგებლო ინფორმაციას აპარებ მიზნით და გეგმით დაბრმავებული. ალბათ გეგმებსაც გააჩნია და მიზნებსაც, შესაძლოა, შენი გეგმა ყოველ წამში ხორციელდებოდეს და ნელ-ნელა მწიფდებოდეს თუნდაც ათი წლის განმავლობაში. ერთი სურვილი მაქვს და შეიძლება გეგმაც დავარქვა – ყვავილების ბაღის გაშენება მინდა, რადგან მიმაჩნია, რომ ყვავილები წმინდა მშვენიერებას ასხივებენ და ძლიერი ენერგეტიკული როლი აქვთ სამყაროს ბრუნვაში. მშვენიერების ხილვა და ჭვრეტა ადამიანს მშვენიერ განწყობას ჰგვრის და განტვირთავს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა