in

“პიანისტი და არა – დამკვრელი” – გიორგი გიგაშვილი

ჯერ მხოლოდ 20 წლის არის, თუმცა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასაკზე მეტი გამოცდილება აქვს. ბავშვობიდან მუსიკითაა მოცული, უამრავ სცენაზე უამრავი ნაწარმოები გაუჟღერებია და ეს საქმიანობა იმხელა ბედნიერებას ანიჭებს, რომ საკუთარი თავის სრულყოფისთვის მონდომებას არ იშურებს. თვითონაც აღნიშნავს, რომ შრომისმოყვარეა და ალბათ ეს სწორედ ის უნარია, რომელიც ყველა შემოქმედს სჭირდება.

საუბარი გიორგი გიგაშვილზე გვაქვს, პიანისტზე და არა – დამკვრელზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მართა არგერიხის სტიპენდიატი გახდა.

გიორგი გიგაშვილი

გიორგი გიგაშვილი არის ექსტროვერტი პიროვნება, რომელიც ყველა სიტუაციაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი – წყალში. უსაყვარლესი მეგობრებითა და მზრუნველი, უსაყვარლესი ოჯახით. გიორგი არის იუმორით სავსე, (ეს როგორც მე მგონია, შეიძლება არავის არ ეცინება ჩემს ხუმრობებზე, მაგრამ მე მომწონს!) არის პიანისტი და არა – დამკვრელი და ხანდახან ზომაზე მეტად გართობაც უყვარს. არის (ჯერ!) 20 წლის და ყოველდღე ფიქრობს საკუთარ მომავალზე.

ბავშვობა

ჩემი ბავშვობა იყო თავიდანვე ძალიან დატვირთული და ამან მომამზადა შემდეგი გამოწვევებისთვის. 3 წლის ასაკიდან ვმღეროდი ანსამბლ ,,საგალობელში“ მაია მიქაბერიძესთან, რომელიც ახლა ჩემი დიდი მეგობარი და უსაყვარლესი მასწავლებელია. აქედანვე დაიწყო ჩემი მეგობრობა ჩემს პირველ მეგობრებთან და ხალხურმა სიმღერამვე მომამზადა შემდეგ ბახისა და პოლიფონიური მუსიკის შესრულებაში. ძალიან ბევრს ვთამაშობდი ეზოში მეგობრებთან, უბანში. შემიყვარდა ფეხბურთი, კალათბურთი, დახუჭობანა და დაჭერობანა. ალბათ ბოლო თაობა ვარ, რომელიც ტელეფონის გარეშე გაიზარდა. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მალევე დავიწყე ქართული ცეკვის ანსამბლ ,,მერანში“ ცეკვა. ცხოვრების ერთ-ერთი განსაკუთრებული პერიოდი სწორედ ცეკვის გასტროლები უკავშირდება. 6 წლიდან უკვე დეიდამ და დედამ შემიყვანეს პროფესიული მუსიკის სასწავლებლად მე-18 სამუსიკო სკოლაში თავიანთ პედაგოგთან (დედასაც ასწავლიდა და დეიდასაც), ბელა ფრანგიშვილთან, რომელმაც ბევრი უნარი შემძინა: პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, გამარჯვებით ტკბობა, დამარცხების აღიარება და ჩემს თავზე მუშაობის გაგრძელება.

განათლება

დავდიოდი 151-ე საჯარო სკოლაში, სადაც ჩემი ცხოვრების მეგობრები შევიძინე და მათთან მეგობრობა უკვე 12 წელზე მეტია, რაც მაკავშირებს. სკოლის ყველა მასწავლებელი მიყვარდა და, როგორც მახსოვს და ვიცი, ყველა მასწავლებელსაც ვუყვარდი. არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა ხელოვანი ბიჭების მიმართ ყოველთვის იყო მასწავლებლების მხრიდან სხვანაირი შემწყნარებლური დამოკიდებულება, თუმცა, მეც ვბეჯითობდი და ოქროს მედალზეც დავამთავრე სკოლა.

15 წლიდან გადავედი ჩემს მეორე სახლში, ყველაზე თბილ და ტკბილ ადგილას, სადაც მუსიკის სხვანაირი სურნელი იდგა და სხვანაირად ვსუნთქავდით ბავშვები.  უსაყვარლესი ადამიანი, ესმა ქირია გვყავდა გვერდით, რომელიც დღესაც ძალას არ იშურებს გააკეთოს ყველაფერი ჩვენთვის, ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. ბევრი მჩაგვრელი ჰყავდა ,,ათწლედს“ უფრო მაღალი მუსიკალური წრიდან, რომელთაც შურდათ და კბენდნენ ამ ოქროს ფონდსა და სკოლას, რომელმაც ყველა დღეისათვის ცნობილი მუსიკოსი აღზარდა, ესმას კი ყოველთვის კბილებით ეჭირა და ყოველთვის ბოლო წუთამდე იცავდა ბავშვებსა და თვითონ, სკოლას.

ოცნებები

ბავშვობაში არ ვვოცნებობდი, როგორც მახსოვს. ყოველთვის ის დღე მიხაროდა, რომელიც იყო. დღე, როცა შემეძლო მეთამაშა ეზოში, მემღერა, დამეხატა, მეცეკვა, მერბინა.

თუმცა, მახსოვს, ორსართულიანი სახლი მინდოდა 6-7 წლის ასაკში, აი ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ახლა მახსენდება.

პიანინოს აღმოჩენა

როგორც აღვნიშნე, პიანინო დეიდამ აღმომაჩენინა და როცა უკრავდა ხოლმე, სულ მომწონდა. 6 წლიდან უკვე სწსავლა დავიწყე, ასე რომ, დიდად არ მახსოვს, როდის აღმოვაჩინე და როდის გამინათდა გონება, რომ ეს იყო ის!

პირველი შემოსავალი

ჩემი პირველი სამუშაო იყო ,,თბილისის მერიის კონკურსში“ გამარჯვების შემდეგ (9-10 წლის ვიყავი) დანიშნული სტიპენდია – 40 ლარი, რომელიც ყველაზე დიდი ფული მეგონა მაშინ. ალბათ დიდი სტიმული მომცა მაშინ ამ ფაქტმა.

ადამიანები, რომელსაც ვუმადლი

უდიდესი ჯაჭვია: ფორტეპიანოს მასწავლებელმა – ბელა ფრანგიშვილმა გამაგზავნა სიმღერის მასწავლებელ – მაია მიქაბერიძესთან, რომელმაც გამაგზავნა ცეკვის მასწავლებელ – თამაზ კობახიძესთან და ნინო ლაზიშვილთან. ბელა ფრანგიშვილმა ასევე გამაგზავნა ჩემს მომდევნო მუსიკის მასწავლებელთან ,,ათწლედში“ – ლალი რჩეულიშვილთან, რომელმაც მიმიყვანა ჩემს უდიდეს მასწავლებელთან და უდიდეს გამოცდილებასთან ჩემს ცხოვრებაში – რევაზ თავაძესთან. მან გამიკვლია გზა და მიმიყვანა მართა არგერიხთან. ეს ჯაჭვი იმდენად ოქროსია, თითოეული გვარი არის უმნიშვნელოვანესი ჩემთვის, თუმცა გამოვყოფდი ბატონ რევაზ თავაძეს, რეზო მასწს, რეზო ბაბუს, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში დაგვტოვა და დამტოვა, მაგრამ წარუშლელი, ამოუძირკვავი კვალი დატოვა ჩემზე და ჩემში. მისი დამსახურებაა ასე რომ ვუკრავ, ასევე რომ ვიცი მუსიკაზე, მუსიკოსებზე, თეატრზე, მსახიობებზე, მხატვრობასა და მხატვრებზე, ფილოსოფოსებსა და მეცნიერებზე, ადამიანობასა და ადამიანებზე, ფეხბურთსა და ჭადრაკზე, ფილმებსა და წიგნებზე.

ახალი მუსიკის გათავისება

ჩემთვის მუსიკის სწავლა იწყება მასზე ფიქრის დაწყებიდან, როცა იდგამს ფესვებს ჩემს ტვინსა და სხეულში. ნოტების სწავლა არის ის ჩონჩხი, რაც ყველაზე მეტად მანიჭებს სიამოვნებას, თუმცა, ძალიან სწრაფად ვსწავლობ, ესეც ადრეული ასაკიდან მუსიკის მოსმენისა და ცოდნის ბრალი მგონია. შემდეგ ჩემით მუშაობა დეტალებზე, მასწავლებელთან ამ დეტალებზე კონსულტაცია, და ბოლო ეტაპია კონცერტზე შესრულება. ამ ჯაჭვში ერთი დეტალის ამოღებაც კი ნიშნავს, რომ არ ვართ მზად შევასრულოთ სცენაზე.

კომპოზიტორები და გავლენა

10-15 წლის ასაკში ჩემი საარსებო წყარო იყო მოცარტი და ბახი, როგორც ალბათ ყველასთვის, 15-19 წლამდე მქონდა თანამედროვე და ულტრათანამედროვე მუსიკით გატაცება. უჩვეულო იყო რეზო მასწავლებლისთვისაც და ძალიან უხაროდა ის ფაქტი, რომ იცოდა, ზეპირად შემეძლო დამეკრა 15 წლის ასაკში შტოკჰაუზენის მეათე კლავიერშტუკი. 19 წლის ასაკიდან კი, როდესაც ახალგაზრდა სულმა შეიგრძნო რომანტიკული სულის არსებობა სხეულში, გამიტაცა რომანტიკულმა მუსიკამ. შუმანმა, შოპენმა, ბრამსმა, სკრიაბინმა, ვაგნერმა, შუბერტმა და რახმანინოვმა. ვნახოთ რა იქნება მომავალში. თუმცა, ვფიქრობ რომ ბეთჰოვენმა და პროკოფიევმა ჩამომიყალიბეს ჩვევები და უნარები, და ბევრი კითხვის დასმა დავიწყე საკუთარ თავთან: რა მინდა რომ გავაკეთო? როგორ მინდა რომ მივიდე იქამდე? რატომ ვაკეთებ ამას?

მიღწევა, რომელიც მიხარია

2019 წელს გავაგზავნე ერთ-ერთ კონკურსზე აპლიკაცია, ესპანეთის ქალაქ ვიგოში ტარდებოდა. უარი მითხრეს და ,,მოსაცდელ სიაში“ მოვხვდი, თუ ვინმე ამოვარდებოდა და ვეღარ წავიდოდა, მე წავიდოდი. მართლაც ვერ წავიდა ერთ-ერთი კონკურსანტი და 2 კვირით ადრე კონკურსამდე, ,,ვენდისში“ ყოფნის დროს მომივიდა პასუხი. მთავარი კი ის არის, რომ ჟიურის თავმჯდომარე ლეგენდარული პიანისტი, ჩვენი დროის ნომერ პირველი – მართა არგერიხი იყო, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს. 2 კვირაში სამი ტური მოვამზადე და ფინალში დაკვრის შემდეგ, გადმომცეს პირველი პრემია და ხელიდან ხელში გადმომცა დიპლომი მართამ. ჩემი წარმატებების დასაწყისი სწორედ ეს იყო. ,,ვენდისის“ ჩიზბურგერის მენიუ კი პირველად და უკანასკნელად ცხოვრებაში ვერ ვჭამე სიხარულისგან მაშინ.

ჟანრობრივი ადგილი

ჩემს ადგილს კლასიკურ მუსიკაში ვხედავ, რა თქმა უნდა. უბრალოდ მე თვითონ მუსიკას არ ვწერ და ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩემი ჰობი უკვე შექმნილი მუსიკის გაარანჟირებაა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მგონი წარმატებითაც გამომდის.

პიანისტი და სირთულეები

დამწყები პიანისტის ყველაზე დიდი მტერი მატერიალური მხარის სიმცირეა, რაც უამრავ პრობლემას წამოჭრის ხოლმე, არ გვაქვს კონკურსზე ელემენტარულად გასამგზავრებელი ხარჯი, კარგი ინსტურმენტის ყიდვის საშუალება, თუმცა პრობლემა მეცადინეობის დროსაც იქმნება, რაც ძალიან ინდივიდუალურია და ამაზე ყველა პიანისტი სხვადასხვა პასუხს გასცემს. ჩემთვის ყველაზე რთული და პარადოქსულად ყველაზე სასიამოვნოც ამა თუ იმ ნაწარმოების გარემოში ადაპტაციაა, ეპოქის შეგრძნებაა, რომელიც მეცადინეობითა და ფიქრით გარკვეულ დროის გასვლის მერე გვარდება.

პიანისტი, რომ იყო..

პიანისტისთვის აუცილებელია შრომის ფასის გაგება, ნერვების სწორ ადგილას, სწორად გამოყენება, ალბათ ნიჭი და იღბალი.

მართა არგერიხის სტიპენდიატობა

ალბათ იმ უიშვიათეს ადამიანებს შორის ვარ, ვისაც ეს პატივი და იღბალი შეხვდა. მართა არგერიხის სტიპენდია ცხადყოფსმის მიერ ჩემზე ზრუნვას და ელემენტარულ ფიქრსაც კი. მისი ფონდის სტიპენდიატი გავხდი, რაც ძალიან დამეხმარება სწავლის შვეიცარიაში გაგრძელებაში.

ჰობი

უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს არანჟირებების კეთება, სიმღერა და მზიან ამინდში სიარული.

რომ არა ეს პროფესია..

ამაზე არასდროს მიფიქრია, უბრალოდ სიამოვნებით ვიქნებოდი ჩელისტი ან მევიოლინე.

რომ არა მუსიკა..

მუსიკა რომ არა, არც გვეცოდინებოდა რომ მუსიკა არსებობს. ასე რომ, რაღაც ახლაც რომ არ არსებობს და არ ვიცით, რომ უკეთესს გახდიდა სამყაროს, ვერ ვილაპარაკებთ მასზე, რადგან ,,ამ რაღაცის“ გარეშეც მშვენივრად ვგრძნობთ თავს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ კაცობრიობა და არა – ადამიანი დაკარგავდა სუნთქვის შესაძლებლობას, რაშიც მუსიკა გვეხმარება.

პანდემია

პანდემიამ ცოტა ხნით მომაშორა ჩემს პროფესიას, რადგან კონცერტები შეჩერდა, და არანჟირებასა და სიმღერაზე გადავედი, რამაც კარგიც და ცუდიც გააკეთა. ცუდი ის, რომ ცოტა მოვაკელი მუშაობას ჩემს პროფესიაში ხელი და კარგი ის, რომ ჩემი ფიქრები დაიწმინდა, გაიფილტრა, და თითქოს ძალები ხელახლა აღვიდგინე.

გეგმები

ახლა ვმონაწილეობ არტურ რუბინშტეინის სახელობის კონკურსში, რომლის პასუხიც მალე მეცოდინება, ასევე ველოდები მეორე კონკურსის პასუხს, ვემზადები კონცერტებისთვის და ვსწავლობ ფრანგულს, შვეიცარიაში წასასვლელად.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

კონკურსი ხელოვანთა მობილობის მხარდასაჭერად

ნახეთ: Lilium-მა მფრინავი ტაქსის დიზაინი წარადგინა!