27
Apr
2017

გიორგი გვენეტაძე – #პირველისამსახური

27 Apr 2017

სტუდენტობისას მეგობრებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და მშობლების მიერ გამოგზავნილი თანხა საოცარი სისწრაფით ქრებოდა რამდენიმე დღეში.. შემდეგ მიწევდა სხვადასხვა გზებით მშობლებისგან თანხის დამატების გზების მოძებნა.. ხან „ექსკურსიაზე“ მივდიოდით და ფული მჭირდებოდა, ხან ტელეფონი გამიფუჭდა, ხან „ფონდის ფული“ იყო დასადები, ხან რა და ხან რა.. საბოლოოდ მეორე კურსზე მივხვდი, რომ ამდენი ვითომ-ექსკურსიითა და ტელეფონის საეჭვოდ გაფუჭებით ფონს ვერ გავიდოდი და სამსახურის ძიებას შევუდექი.. დასაქმების საიტზე საგულდაგულოდ ავარჩიე ისეთი ვაკანსიები, რომლებიც 1274 წლიან გამოცდილებასა და 14 დიპლომს არ მთხოვდნენ და მოკრძალებული CV გავგზავნე, რომელიც მხოლოდ უნივერსიტეტის სახელითა და საკონტაქტო ინფორმაციით შემოიფარგლებოდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ერთი, რომელიც უცხოელი კლიენტებისთვის  მომსახურებას ახორციელებდა თბილისიდან. ღამის ცვლის ქოლ-ცენტრი ოპერატორი უნდა ვყოფილიყავი, უცხოელი მომხმარებლებისთვის ჩემი ინგლისურის ქუთაისური აქცენტი ბერძნულ აქცენტად გამესაღებინა და მათი შეკვეთების სტატუსი მომეხსენებინა.

ყველაზე კარგი მაინც გარდასახვის მომენტი იყო, სამსახურში შესვლისას გარეთ ტოვებდი იმ დღით 2 ლექცია დასწრებულ, ღამენათევ და ოდნავმშიერ მეორეკურსელ სტუდენტს და შენს სამუშაო ადგილს მონდომებულ, ყველა დეტალზე ორიენტირებულ ახალგაზრდად მიუჯდებოდი, რომელიც რეალურ დახმარებას უწევდა მრავალი კილომეტრის მოშორებით მყოფ მომხმარებელს და თავისებური ენერგიით ივსებოდი.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სტუდენტური სამსახურებიდან კარიერულ სამსახურზე გადასვლის პერიოდი იყო. უნივერსიტეტის დასასრულს ისე მოხდა, რომ შემეძლო ჩემი CV უკვე საკმაოდ შემევსო სხვადასხვა ნაკლებად პრესტიჟული სერვისების სფეროში დაგროვილი გამოცდილებებით. დავდექი დილემის წინაშე, გადამესვა ხაზი წარსულისთვის და მხოლოდ მარკეტინგზე ორიენტირებული გამოცდილებით მომეწონებინა თავი პოტენციური დამსაქმებლებისთვის, თუ ბოლომდე გავხსნილიყავი. საბოლოოდ, ვარჩიე CV-ში რეალურად არსებული ყველა პრაქტიკა უცვლელად შემეტანა და თან თითოეულ მათგანში მიღებული უნარები მიმეწერა. მაგ. Customer service rep – communication skills; Waiter – diplomacy & good memory; Sales Agent – Negotiation skills და ა.შ.  დღევანდელი გადასახედიდან სწორი არჩევანი გამიკეთებია, რადგან იუსტიციის სამინისტრომ თავისი მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მანდო, მოგვიანებით ევროპაბეთმა – ბიზნეს განვითარების დეპარტამენტი ჩამაბარა და უკვე რამდენიმე თვეა აჭარაბეთის მიერ გამოცხადებული ნდობის გამართლებას ვცდილობ მარკეტინგული პროექტების განვითარების კუთხით.

განხილვა