ჩემი პირველი სამსახური ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია იყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო არაკლასიკური სამსახური, სივრცე სადაც ერთი იდეით გაერთიანებული სტუდენტები და თანამოაზრეები შევიკრიბეთ. 16-17 წლისანი ვიყავით და დღეს ასოციაციის დამფუძნებელთა უმრავლესობა წარმატებული მეწარმეები, ბანკირები, საჯარო და კერძო მოხელეები არიან. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებდა სხვადასხვა კვლევებსა და შეფასებს. ამზადებდა ანალიტიკურ პუბლიკაციებს, საგაზეთი სვეტებს. ყველაფერი ჩვენით შევქმენით და თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სიარულის პარალელურად, მახსოვს, ხშირად ვიკრიბებოდით ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობაშიც.
ანაზღაურებადი სამახური პირველად 18-19 წლის ასაკში მქონდა. მანამდე, კერძო ბიზნესშიც რამდენჯერმე ვცადეთ ბედი მეგობრებმა.იყო ერთჯერადი წარმატებებიც და წარუმატებლობაც.ასოციაციაში მუშაობის პარალელურად,მივიღე შეთავაზება და გავხდი ახალდაფუძნებული გაზეთის ,,ბანკები და ფინასები” მთავარი რედაქტორი.სწორედ ეს იყო ჩემი პირველი აკადემიური სამსახური.
ანაზღაურება არ იყო მაღალი, თუმცა, ეს იყო მოტივაცია რომელიც ნებისმიერ სფეროში და პროფესიაში აუცილებელია. ეს ყველაფერი ქმნიდა სხვა გარემოს სადაც იყო მეტი თავისუფლება, სილაღე,ერთგვარ რომანტიზმის პერიოდი და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო პროცესი. დამწყები ეკონომისტები ვცდილობდით გავრკვეულიყავით ჟურნალისტიკის საწყისებში და გვქონოდა სურვილი გაგვეკეთებინა პირველი ეკონომიკური, საბანკო გაზეთი. ამას მოჰყვა ტელეგადაცემა და სხვა მედია პროდუქტებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკის პროფესიული ან აკადემიური განათლება არ მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ჩემმა პირველმა სამსახურმა სამომავლოდ ბევრი რამ განსაზღვრა. მაშინდელი გამოცდილება ყოველთვის ბუმერანგივით მიბრუნდებოდა და მიუხედავად სხვადასხვა სამსახურებისა საჯარო თუ კერძო სექტორში, ჩემი ცხოვრება და ყოველდღიურობა ყოველთვის უკავშირდებოდა მედიას. ამ სფეროში ისეთი უნარები და თვისები მივიღე, რომელსაც ვერსად ისწავლი. ეს არის ურთიერთობების კულტურა, კრიტიკული აზროვნება, წერა, კონტაქტები, ახალი ინფორმაციების ანალიზი, მართვის უნარები, ადამიანური რესურსების სწორად მართვა (საკმაოდ ამბიციურ ადამიანებში) და მრავალი სხვა. განსაკუთრებით იმ დროსა და პერიოდში, როდესაც ჩვენ ახალი საქმის კეთებას ვიწყებდით, ეს ენთუზიაზმი და კიდევ სხვა სახის მოტივაციები აუცილებელი, გადამწყვეტი და ალბათ, ფასდაუდებელი იყო. ამ გადმოსახედიდან მაშინელი ხელფასი ჩემთვის დღეს როგორც კონკრეტული ციფრი არ აღიქმება . ეს იყო პირველი ხელფასი და მას, სრულიად სხვა და განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ისევე როგორც ხელფასამდე, მოვასწარი ერთადერთხელ ბოლო სტიპენდიის მიღებაც.
გიორგი ისაკაძე – Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, “საქმიანი დილას” ავტორი და წამყვანი.











