7
Sep
2018

მარცხი არ არის დასასრული! – გიორგი ჯანელიძის #აზრები

7 Sep 2018

M2


ქოუჩებისგან და მათთან გათანაბრებული პირებისგან ხშირად მოსმენთ ტექსტებს მარცხის რომანტიზების შესახებ. ზოგს ლამის ისე გამოჰყავს, რომ ფეხი თუ არ მოიტეხე, საფეთქელით ჟანგიან მავთულს არ წამოეხიე და 42 კილომეტრისა და 163 მეტრის გარბენის შემდეგ, ფილტვის კიბოს დადებითი ანალიზები არ დაგაწიეს, ისე მარათონის ფინიშთან ყველაზე ადრე გამოცხადებას აზრი არ აქვს.

გიორგი ჯანელიძე, სცენარისტი

ქოუჩების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მათი დიდაქტიკური ტექსტები, ისევე როგორც, ნებისმიერი ტექსტი, შეიძლება ძალიანაც გამოადგეს კონკრეტულ გზააბნეულს ან ხელჩაქნეულს, მაგრამ, როცა უსმენ, ცალ თვალს აუცილებლად ეჭვით მოგაჭუტინებს და ერთხელ მაინც გაფიქრებინებს, რა საჭიროა ახლა ამხელა მხატვრულობაო?

სინამდვილეში, მარცხი კი არ გაძლიერებს, ან გასუსტებს, პერიოდული წარუმატებლობა და ხელის მოცარვა გარდაუვალი მოცემულობაა არსებისთვის, რომელიც ერთხელ ჩნდება ამ უკიდეგანო სამყაროში, 4 კილო, 53 სანტიმეტრი და სადაც არავის აქვს საყოველთაოდ გაზიარებული პასუხი კითხვაზე, რატომ გავჩნდით, რა გვინდა და სად მივივართ?.. და საერთოდ, ნებისმიერ სერიოზულ კითხვაზე.

რუკას რომ დავხედოთ, მასზე დატანილი ყველა ქვეყანა არის მტკიცებულება, მარცხის შემდეგ ფეხზე წამოდგომისა და წარმატებისა. უფრო მეტიც, რუკები საკმაო სისწრაფით იცვლებოდა და იცვლება და წარმატების შანსები მათაც აქვთ, ვისაც ამ დროისთვის რუკაზე საკუთარი ფერი არ აქვს და არც იმათი დღეგრძელობაა გარანტირებული, ვისი ფერიც, ფართობის გამო, ყველაზე თვალშისაცემია. მარცხიც და წარმატებაც დროებითია და ორივე პოზიციაში მყოფს ბევრი შრომა მოუწევს პოზიციის გასაუმჯობესებლად ან შესანარჩუნებლად.

მარცხი არ არის დასასრული, მარცხი მიზნისგან ჩამორჩენაა და თუ ხელებს არ ჩამოუშვებ და გზას განაგრძობ, რაღაც მანძილის გავლის შემდეგ, მიზანმა შეიძლება თვითონ დაიწყოს შენკენ მოძრაობა.

წარმატება კი ბედნიერებისგან განსხვავებით, რაღაც ერთეულით  იზომება და ამიტომაც სასაცილოდ გამოიყურებიან ადამიანები ვინც საკუთარ მიღწევებს უფრო მოცულობითად ასაღებენ, ვიდრე ის გაზომვის შედეგად ჩანს. ასე რომ, ჯობია არ გაჩერდეთ და იაროთ, თუნდაც უკან. ჩვენი პლანეტა მრგვალია და უკან სიარულითაც აუცილებლად მიაღწევ მიზანს, ოღონდ უფრო გვიან, უფრო დაღლილი და დანაოჭებული სახით, სამაგიეროდ, მერე  შეგიძლია ქოუჩი გახდე და მოყვე, ეს უშველებელი უკუღმართი გზა როგორ დაგეხმარა იმაში, რომ შემდეგ ჯერზე წაღმა და გამართულმა იარო.
სულ ეს იყო. არ მოგეწონათ რაც წაიკითხეთ? არა უშავს, გავძლიერდები, ფეხზე წამოვდგები და შეიძლება უკეთესებიც  დავწერო.

განხილვა