ყველა სახლს თავისი ისტორია აქვს, ზოგი მნიშვნელოვანი, ზოგიც უმნიშვნელო, თითქოს შეუმჩნეველი ისტორიით აგრძელებს ცხოვრებას აღსასრულამდე. ხშირად სახლში ერთ დროს მნიშვნელოვანი ფაქტები თუ მოვლენები სადღაც ქრება, უფრო ზუსტად, კი არ ქრება დროებით იმალება და მერე კვლავ დგება მისი ხელახლა გაცოცხლების დრო. რომის ქუჩაზე მდებარე სახლიც ასეთია. შენობის შესასვლელთან აბრაზე ვკითხულობთ, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ოფთალმოლოგი შატილოვი, დანამდვილებით ასეა, თუმცა თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული შენობის თავდაპირველი დამკვეთი და მეპატრონე გიორგი ქართველიშვილია – ქართველი მეცენატი, რომელმაც ქართული ბიზნეს ისტორია შექმნა.
გიორგი ქართველიშვილი – პირველი გილდიის ვაჭარი, XIX საუკუნის ქართული სამეწარმეო და საგანმანათლებლო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. გიორგი ქართველიშვილი დაიბადა 1827 წელს თბილისში, დავით ქართველიშვილის ოჯახში. სამწუხაროდ არაფერი ვიცით მისი ბავშვობისა და ყრმობის ამბებიდან, თუმცა ისტორიას ის შემორჩა როგორც სავაჭრო საქმის უბადლო მცოდნე და მეცენატი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
გიორგი ქართველიშვილი მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა და პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას ატარებდა, რაც რუსეთის იმპერიაში, კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. ქართველიშვილის ძირითად საქმიანობას მის კომპანიონ ზეზემანთან ერთად ხის გადამამუშავებელი ქარხანა წარმოადგენდა. ეს იყო პირველი ქარხანა საქართველოში, რომელიც ორთქლის ძრავებზე მუშაობდა. დამუშავებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის, ქართველიშვილმა ატენიდან გორამდე რკინიგზა ააგო. სწორედ ქართველიშვილის ქარხანაში დამუშავებული ხე-ტყე ხმარდებოდა კავკასიის რკინიგზის მშენებლობას. ქართველიშვილისა და ზეზემანის ქარხანაში 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ქარხნის წლიური შემოსავალი 30-40 ათასი მანეთი გახლდათ, რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა.
მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, ქართველიშვილისა და ზეზემანის თანამშრომლობა არ იყო ბოლომდე ჰარმონიული, რაც განსხვავებულ ხასიათსა და სურვილზე აისახებოდა. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ზეზემანის უცნაური ახირება – დატყვევებული დათვი, რომელიც ატენის ქარხანაში, სპეციალურ გალიაში ცხოვრობდა და გარდა დათვის არაბუნებრივ გარემოში ყოფნისა ყოველდღიურად საკმაოდ ბევრ საკვებ რესურსს მოითხოვდა, რომელსაც ზეზემანი საერთო ბიუჯეტიდან ანაწილებდა.
ქართველიშვილი სწორედ ამ პერიოდში თბილისში, იმდროისთვის ჯერ კიდევ გარეთუბანში სამსართულიან, საკმაოდ მასშტაბურ სახლს აშენებს. ხის მოხარატებული აივნები მცირე ქუჩას გადაჰყურებს, დასავლეთით მდინარე ჩამოდის. საკმაოდ დიდი ზომის მიწის ნაკვეთზე განთავსებული მისი სახლი შთამბეჭდავია, რომლის ასაშენებლად დამკვეთი არაფერს იშურებდა. სამწუხაროდ სახლის მხოლოდ რამდენიმე ფოტო შემოგვრჩა, თუმცა მთავარი ამ სახლში განვითარებული ისტორიაა – რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი მიხაი ზიჩი სწორედ ამ სახლში, მისთვის მოწყობილ სახელოსნოში ხატავდა “ვეფხისტყაოსნის” ილუსტარციებს.
1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. 1884 წელს მისი წინადადებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა. კომისიის წევრები – ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია იყვნენ. წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები (სხვადასხვა ქართული ტაძრებიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები. წიგნის დასასურათებლად მოწვეულ იქნა მიხაი ზიჩი, რომლის ილუსტრაციებით გაფორმებული ვეფხისტყაოსანი უკვე 1888 წელს გამოიცა. ეს საკმაოდ შრომატევადი და ფინანსურად რთული საქმე სრულად იტვირთა გიორგი ქართველიშვილმა, რომლის გამოცემაზეც 12,000 მანეთი დაიხარჯა. გამოცემის სრული ტირაჟი კი საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საჩუქრად და მისგან შემოსული თანხით სტამბის გამართვის საკითხი დააყენა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხაი ზიჩი სრულიად უსასყიდლოდ დასთანხმდა გიორგი ქართველიშვილის წამოწყებას. ქართველიშვილმა მას სახელოსნო მოუწყო თავის სახლში, სადაც მხატვარი ცოცხალი მოდელებიდან აცოცხლებდა ვეფხისტყაოსნის გმირებს. მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოიცა რუსულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი, რომელიც პირადად გიორგი ქართველიშვილმა გადასცა საჩუქრად საქართველოში სტუმრად მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III მეუღლეს მარია ფიოდოროვნას.
მიუხედავად იმისა, რომ ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეული გამოცემა ფინანსურად მომგებიანი არ იყო, გიორგი აქტიურად აგრძელებდა მეცენატობას. 1885 წელს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია (დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით). 1889 წელს მოსე ჯანაშვილის “საქართველოს ისტორია”. 1888 წელს ქართველიშვილის დავალებით და ფოტოგრაფ ერმაკოვის მონაწილეობით, შედგენილ იქნა ფოტოალბომი სათაურით “საქართველოს ისტორიული ალბომი”. ქართველიშვილი წიგნებით ასაჩუქრებდა მთელ რიგ სასწავლებლებს, ეხმარებოდა შეგირდებსა და სტუდენტებს, აფინანსებდა ძველი ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს. სწორედ მისი ფინანსური დახმარებით 1880-1884 წწ-ში ხელახლა აშენდა 1795 წელს, აღა მაჰმად ხანის მიერ დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია. როგორც გაზეთი „ივერია“ აღნიშნავდა: „არც ერთი საზოგადო საქმე არ დაწყებულა ჩვენში, რომ გიორგი დავითის-ძეს [ქართველიშვილს] დახმარება არ აღმოეჩინოს. იმის ცხონებული და მადლიანი მარჯვენა ყველას შემწეობას და შველას უჩენდა“. ქველმოქმედების გარდა, ქართველიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი იყო თბილისის ობოლთა მზრუნველობის თავმჯდომარე, 1880 წლიდან „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი, 1882–1887 წლებში გამგეობის წევრი და ხაზინადარი, 1883-1885 წლებში გამოსცემდა ცნობილ ქართულ გაზეთ „დროებას“. გიორგი ქართველიშვილი რუსეთის იმპერიის საპატიო მოქალაქის წოდებას ატარებდა – „Потомственный Почетный Гражданин Российской Империи“.
გიორგი ქართველიშვილი 3 მსხვილ ქარხანას ფლობდა შიდა ქართლში, სოფელ ატენსა და ხანდისში. პარალელურად თევზის სავაჭროც ჰქონდა, თუმცა ძირითადი სამეწარმეო საქმე სწორედ ხის გადამუშავება იყო. თუმცა წლების განმავლობაში, სკულპულოზურად აწყობილი საქმე ერთმა უსიამოვნო ფაქტმა ძლიერ დააზარალა. 1889 წელს ატენის ხეობაში დიდი წყალდიდობა მოხდა, რამაც ორბელიანებისგან იჯარით აღებული ტყე თითქმის მთლიანად წალეკა, დამუშავებული მასალა, ადიდებულ მდინარეს შეერთო და გაიტაცა. აღნიშნულ ფაქტზე და ქართველიშვილისა და ზეზემანის წარმოების შეწყვეტაზე მთელი ქალაქი ალაპარკდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნიკო ნიკოლაძემ გაზეთ “ОБЗОР”-ში დაბეჭდა სტატია, სადაც მეწარმეების ზარალი საჯაროდ განაცხადა. ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებიდან ნათელი ხდება, რომ ილია ჭავჭავაძეც აღშფოთებული იყო ამ ფაქტით, რადგან ზარალის საჯაროდ გამხელა მოიჯარეებისთვის ნდობის დაკარგვას ნიშნავდა. “მაშინ ხომ კომერციულ საქმიანობაში ნდობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა!”
მიუხედავად ფინანსური, საკმაოდ სოლიდური კრახისა, გიორგი ქართველიშვილი აქტიურად განაგრძობდა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მეცენატობას. მან საკმაოდ დიდი შემოწირულობა გაიღო ქართული გალობის ნოტების დაბეჭდვისა და დაწყობის სასარგებლოდ, რომელიც ასეთივე წარმტებით მისმა ერთ-ერთმა შვილმა ნიკოლოზ ქართველიშვილმა გააგრძელა.

ნიკოლოზმა მუსიკალური განათლება პარიზის კონსერვატორიაში მიიღო, პარიზიდან ქართველიშვილი დაბრუნდა თბილისში და მთლიანად მიეცა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. კერძოდ, თავისი ხარჯით შეადგინა ახალგაზრდობისაგან გუნდი, რომელიც კონცერტებს მართავდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული დრამატულ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ მისი დირიჟორობით დაიდგა კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“. 1920-1921 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კომისარი. ნიკოლოზ ქართველიშვილმა მამისეული სახლი გადააკეთა, თუმცა კი არ დაანგრია, არამედ სწორედ ძველ სტრუქტურაზე დაფუძნებული ევროპული სტილით ნაგები ფასადი შექმნა. ეს იყო თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული არტ ნუვოს ყაიდაზე გაწყობილი შენობა, რომლის ხუროთმოძღვარიც ასევე ქართველი სვიმონ კლდიაშვილი გახლდათ.
საგულისხმოა ის, რომ ნიკოლოზმა მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ტრადიცია კვლავაც განაგრძო, სახლი ერთგვარ სალონად აქცია, რომლის ინტერიერის მორთვაზეც უცხოელი მხატვრები მოიწვია. სწორედ მათ შექმნეს სრულიად უჩვეულო ისტორიები მითიური ჯუჯების ცხოვრებიდან, ვენეციის პეიზაჟების თვალწარმტაცი ხედები თუ აღმოსავლური, მდიდრული ინტერიერი.
სახლი, რომლის ინტერიერიც წლების განმავლობაში იმალებოდა და ხელახლა გაცოცხლებას ელოდა, კვლავაც გვახსენებს საუკუნეზე მეტი ხნის წინ გიორგი ქართველიშვილის დაწყებულ ამბავს. ამბავს ძლიერი ქართველი მეწარმისა, რომელმაც მთელი თავისი ქონება და სიცოცხლე იდეას – მეცენატობას შესწირა..
ხელოვნებათმცოდნე: თ. ღვინერია
თბილისი
2017 წ.
გამოყენებული ლიტერატურა:
ბერიძე ვ., თბილისის, ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წლები, ტომი I, თბილისი, (1960), ტომი II, თბილისი, (1963)
გერსამია თ., ძველი თბილისი, თბილისი, (1984)
გრიშაშვილი ი., ძველი თბილისის ლიტერატუული ბოჰემა, ბათუმი, (1986)
კვირკველია თ., ძველი თბილისის ქუჩებსა და ქუჩაბანდებში, თბილისი, (1989)
მანია მ., ევროპელი არქიტექტორები თბილისში, თბილისი, (2006)
ბულია მ., ჯანჯალია მ., თბილისი, საქართველოს ძველი ქალაქები,
თბილისი, (2002)
ც. კილაძე. თ. გერსმია. მ. მეძმარიაშვილი. თბილისური სადარბაზოები, (2012)
ივ. ვეფხვაძე, მოგონებები და პორტრეტები, თბილისი, (1958)
თათარაშვილი ნ., მოდერნი თბილისში, გზამკველევი, რუკა და მარშრუტები, თბილისი, (2008)
ნინიძე ქ., ლიტერატურული ყოფა და სალონური კულტურა, წიგნში: ქართული რომანტიზმი (ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები), თბ., 2012.
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
შარაძე გ., მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბ., 1978;
თ. ფირალიშვილი, ბლანშარის მოგზაურობა საქართველოში და მისი ჩანახატები, საბჭოთა ხელოვნება,თბილისი, 1958, N 9.
მ. ბერძენიშვილი, მასალები XVIII საუკ. ბოლო წლების საქართველოს ისტორიიდან, ქართული წყაროთმცოდნეობა, თბილისი, 1965,. I.
Дзуцова, И. Художественный облик старого Тбилиси, Стенная живопись. Вывески. Панорама искусств, Москва, (1990), Вып. 13