25
Jan
2017

გიორგი კეკელიძე – #პირველისამსახური

25 Jan 2017

პირველი სამსახური მაშინ მოვიპოვე, როცა ძალიან გავბრაზდი და მივხვდი, რომ მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებდი, როცა  თვითონ შევძლებდი იმას, რაც სხვაზე დამოკიდებულს მაჩენდა. უნივერსტეტში ვსწავლობდი. მე და ჩემი მეგობრები ლექსებს ვწერდით და ვთარგმნიდით. ვფიქრობ, არცთუ ურიგოდ. მაგრამ როგორც წესია, უკვე სხვების მიხურული კარი შეღება რთული იყო. ამიტომაც ერთ დღეს ზაალ ჩხეიძესთან ერთად გადავწყვიტე ლიტერატურული ჟურნალი გამოგვეცა, სადაც მერე არაერთი ძალიან კარგი ლექსი, მოთხრობა და თარგმანი გამოქვეყნდა, ბოლოს კი ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-დ ვაქციეთ. თუმცა ამისთვის ფული იყო საჭირო, ფულისთვის სამსახური – მშობლების გამოგზავნილი თვიური სამოცი ლარი, გზას ყოფნიდა და მასაც აკლდებოდა ხოლმე. სად აღარ ვიყავით, რა აღარ ვქენით. ზოგი მცდელობდა, მაგალითად მანდარინების ბიზნესის, გურული დღიურების მეორე წიგნშიც მაქვს აღწერილი და აქვე დავურთავ, ამბავ-დანართად. სამსახურის პოვნა კი სრულიად შემთხვევით მოვახერხე. ჩემი მამიდაშვილი, გელა სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. ნაშუადღევს მასთან მივდიოდი საერთო საცხოვრებელეში. ვჭამდით, ვლაპრაკობდით, ხან ვრჩებოდი.

ერთხელ მივედი და საპატრიარქოში გადასული დამხვდა. გადავედი მეც. ქვევით, მოსაცდელში დავჯექი. სხვებიც ისხდნენ. არასმათავრობო ორგანიზაცია. ევროკავშირის პროექტს იწყებდნენ ციხეებში დამატებითი სწავლების. საპატრიარქოს ცენტრიდან აჰყავდათ ერთი მასწავლებელი – რეზო შარაბიძე. სულ ორი უნდოდათ და მეორეს ეძებდნენ. თქვეს კიდეც ხმამაღლა და მე ვარ მეთქი! გამომხედეს და ამიყვანეს. მერე ეს პროექტი დასრულდა და მე დავწერე ახალი და ხუთკაციანად გადავაკეთე. ამ ფულით ვუშვებდით ჟურნალს. თვითონ ციხეში მასწავლებლად გატარებული ორი წელი კი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად იქცა ჩემთვის. მეგობრებიც მომყვება იქაური მოსწავლეებიდან და რაც მთავარია, დიდი ცოდნა. გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

განხილვა