20
Dec
2018

გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ ჩინურ ენაზე გამოიცა

20 Dec 2018

გიორგი კეკელიძის თომას ზღაპრები ჩინეთში გამოიცა. წიგნი ჩინურად სინოლოგმა – ანა გოგუაძემ თარგმნა და გამომცემლობა China Translation & Publication House-მა გამოსცა. აღსანიშნავია, რომ გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი ქართული წიგნია, რომელიც ჩინურ ენაზე ითარგმნა. 2016 წელს გამოცემული წიგნი თომაზე შექმნილ ზღაპრებს აერთიანებს და 4-დან 10 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მისი თარგმანის წარდგენა პეკინში გაიმართება.

წიგნზე, დაახლოებით, ნახევარი წელი ვმუშაობდი. თარგმნის შემდგომ, წიგნმა საკმაოდ დიდი პროცესი გაიარა ჩინეთში, დიდი დრო დასჭირდა გამოცემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს. ყოველთვის მქონდა სურვილი, ამ მიმართულებით მემუშავა. ჩემთვის, როგორც სინოლოგისთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, მით უმეტეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს იქნებოდა პირველი ქართული წიგნი, რომელიც ჩინურ ენაზე ითარგმნებოდა. საბავშვო ზღაპრების თარგმნა გაცილებით შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა რომელიმე ნაწარმოებზე მუშაობა, რადგან ამ წიგნში არის უსაზღვრო ფანტაზია, რომელიც თარგმნის დროს არ უნდა დაიკარგოს. მინდოდა, მაქსიმალურად გასაგები ყოფილიყო ჩინელი ბავშვებისთვის ის ამბავი, რომელიც გიორგი კეკელიძის მიერ შექმნილი პერსონაჟის – თომას თავს ხდება. ზღაპარში ხშირად არის ნახსენები დახმარება და მეგობრობა, რაც ჩინური ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩინელებს უყვართ დიდი ფანტაზიით შექმნილი საბავშო წიგნები, ვფიქრობ, ჩინელ ბავშვებს ძალიან მოეწონებათ თომა“, – აცხადებს მარკეტერთან საუბრისას „თომას ზღაპრების“ ჩინური თარგმანის ავტორი, ანა გოგუაძე. 

ანა გოგუაძე

განხილვა