ჩემი პირველი სამსახურის ძიება დაიწყო იმით, რომ რაღაც განსაკუთრებულის კეთება მინდოდა. როგორც კი პირველ კურსზე დავიწყე სწავლა, პირველი, რაც მომივიდა აზრად, ეს იყო ადამიანების უკეთესად გაცნობა და ხალხთან ურთიერთობა, ამისათვის მივმართე ისეთ სამსახურს, როგორსაც სტუდენტების უმეტესობა იწყებს ხოლმე, ეს იყო ერთ–ერთი კარგად ცნობილი სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი“, სადაც კონსულტანტის პოზიციაზე ამიყვანეს, ძალიან ბევრი რამე მასწავლა ამ სამსახურმა და 4 თვეში მივიღე ზუსტად ის, რაც მინდოდა – ხალხის უკეთესად გაცნობა.
4 თვის შემდეგ, დავტოვე სამსახური და ისევ რაღაც განსხვავებულის ძიება დავიწყე, ისეთის, რაც ბევრ რამეს მომცემდა და შეუწყობდა ხელს ჩემს განვითარებას, ძალიან ბევრ ტრენინგსა და სემინარს ვესწრებოდი, რაც ტარდებოდა იმ დროისთვის. მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 3 თვიანი ტრენინგები, სადაც სტუდენტებს ასწავლიდნენ ინოვაციების და ინიციატივების მართვას, ტრენინგების შემდეგ დამიბარეს გასაუბრებაზე ამავე საჯარო ორგანიზაციაში, მეც ვცადე და გამომივიდა აქ სტაჟირების დაწყება. თავიდან მეგონა, სახელმწიფო სტრუქტურაა როგორც ყველა, ესეც ისეთი ბიუროკრატიული იქნება და რუტინული საქმიანობით სავსე თქო, მაგრამ GITA და მასში მომუშავე ადამიანები უკეთესად გავიცანი.

ეს იყო ახალგაზრდების გუნდი, რომელიც ყველა იმ ნიჭით იყო დაკომპლექტებული, რაც უნდა ჰქონდეს საუკეთესო გუნდს. ყველას ერთი იდეა ამოძრავებდა და მუდმივად ამას იმეორებდნენ თავიანთ საუბარში, რომ ისინი ამ საქმეს აკეთებდნენ 3.7 მილიონი ადამიანისთვის, რომელთა ცხოვრებაც უნდოდათ შეეცვალათ უკეთესობისკენ. თანდათან, მეც ერთ-ერთი მათგანი გავხდი, ვინც ამ გუნდში მოხვდა და 2 წელზე მეტი გაატარა. მინდა ვთქვა, რომ ამ პერიოდმა ძალიან დიდი შესაძლებლობები მომცა, ძალიან სწრაფად განმავითარა და რაც მთავარია, დამიტოვა ის, რომ ახლაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს ადამიანთა ცხოვრება გავხადო უკეთესი ინოვაციების და ტექნოლოგიების დახმარებით და ეს სურვილი ვაქციო საქმედ. Future Laboratory-იც სწორედ ამას აკეთებს და ეს იდეა გვაერთიანებს ჩვენ ყველას, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ საქმე კარგად გამოგივიდეს.
გიორგი ხაჩიძე – Future Laboratory-ის ოპერაციული დირექტორი.










