29
Oct
2019

გიორგი კინწურაშვილი – #პირველისამსახური

29 Oct 2019

ჩემი პირველი სამსახური ბილაინს უკავშირდება – 2011 წელს თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე, მოეწყო ყველაზე დიდი მობილურის ფორმის ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც ბილაინის ფერებში, შავსა და ყვითელში იყო გადაწყვეტილი. 19 წლის ვიყავი, ამ ამბისთვის, საქართველოს უნივერსიტეტიდან რომ შეგვარჩიეს. ჩემი მოვალეობა ერთ-ერთი ოცეულის ორგანიზება იყო. ეს იყო პირველი სამუშაო, რომლის შესრულებისთვისაც ანაზღაურება, 40 ლარი მივიღე. ამ დროს ვიგრძენი, რა კარგი ყოფილა, როცა შენი შრომით შემოსავალს გამოიმუშავებ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩემი კარიერის პირველი ნაბიჯები ძირითადად სტაჟირებებსა და მოხალისეობრივ სამუშაოებს უკავშირდება. ჩემს მეგობრებს უკვირდათ, რა საჭიროა სტაჟიორად მუშაობა. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ სტაჟირებით მივიღებდი სამუშაო გამოცდილებას, გამოვიმუშავებდი სხვადასხვა უნარებს და კონტაქტებს ჩემი ინტერესების განსავითარებლად. თავდაპირველად, სტაჟირება გავიარე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში. შემდეგ კი, 2012 წელს, შევუერთდი ეკონომიკის სამინისტროს ICT და ინოვაციების დეპარტამენტს, სადაც გაგიკვირდებათ და 1 წლის განმავლობაში მქონდა სტაჟიორის სტატუსი.

ეკონომიკის სამინისტროში მუშაობამ ერთი-ორად შეცვალა ჩემი ინტერესები და პროფესიული უნარები. დროის ძალიან მოკლე პერიოდში ვაკეთებდით ბევრ საინტერესო პროექტს, რომელთა უმეტესობაც ისეთი იყო, რომლის კეთების გამოცდილებაც მანამდე არავის ჰქონდა. ასე მოვხვდი თავდაპირველად Google-ის დეველოპერების ჯგუფსა და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრში, საბოლოოდ კი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), სადაც ბოლოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვიყავი

დღეს ვარ საქართველოს ბანკის გუნდის წევრი, სადაც ჩემი ფუნქცია ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯმენტია. დღესაც, ისევე როგორც სხვა პოზიციებზე, ჩემი მთავარი დაბრკოლება და შესაბამისად, ინტერესი არის ის, რომ ვაკეთებთ ისეთ პროექტებს, რომელიც მანამდე საქართველოში არავის გაუკეთებია.

გიორგი კინწურაშვილი – საქართველოს ბანკის ელ. საბანკო ინოვაციების მენეჯერი.

განხილვა