2
ნოე
2018

„ინოვაცია, როგორც გაუკვალავში სიარული…“

2 ნოე 2018

მთიდან ჩამოსრიალების პირველი გამოცდილება თუ გქონიათ? საბაგირო გზაზე, სნოუბორდმიხუტებული, ჰაერში გამოკიდებული რომ ხარ და სუნთქვა გეკვრება იმის წარმოდგენაზე, უკან, როგორ უნდა დაბრუნდე. ამისთვის ხომ ერთი არჩევანი გაქვს, ძალა მოიკრიბო, დაფაზე შედგე და უცნობ ტრასაზე გაიკვლიო გზა…„მახსოვს, ჯერ არ ვიცოდი სრიალი და „კუდები“ რომ არის გუდაურში, იქ ავედი. მარტო დავეშვი, უფრო სწორად, ფორთხიალით ჩამოვედი, თუმცა, მერე პირველი დაღმართები გაცილებით ადვილი მეჩვენებოდა“ – იხსენებს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ელ. საბანკო მომსახურების ინოვაციების მენეჯერი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი.  

სნოუბორდინგი ერთადერთი სფერო არ არის, სადაც გიორგიმ საკუთარი თავი გამოიწვია. ამბობს, რომ სიახლეები და კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს, იმიტომ, რომ: აქ გამბედაობა მჭირდება. გაუკვალავში სიარული“. დღეს, გიორგი საქართველოს ბანკის იმ გუნდის წევრია, რომლის როლია საბანკო მომსახურება ელექტრონული ფორმით მიიტანოს აუდიტორიამდე ისე, რომ მომხმარებელს ფილიალში აღარ უწევდეს მისვლა. ანუ, სერვისი იყოს ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი, შესაბამისად, ინოვაციური. 

ინოვაციების სფერო კი, მისთვის უცხო არ არის. საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, 2012 წელს, ეკონომიკის სამინისტროში უნდოდა სტაჟირების გავლა. კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტში მოხვდა. „ისე გამოვიდა, რომ ეკონომიკის სამინისტროდან, სულ ამ საზოგადოებაში მიწევდა ყოფნა. ადამიანებთან, რომლებიც სტარტაპებს ქმნიდნენ.“

როგორ შეიძლება საბანკო სერვისებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა? რა შესაძლებლობებია ამ სფეროში? რა საჭიროებები არსებობს და სად უნდა ვეძებოთ იდეები, რომლებიც საინტერესო ბიზნესპროექტებად შეიძლება, იქცეს? – გიორგი კინწურაშვილი POPXSpotlight-ის ერთ-ერთი სპიკერია…M: გვიამბეთ თქვენი ინოვაციური გზის დასაწყისისა და GITA-ს ამბავი…
ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირების პარალელურად, „გუგლის“ დეველოპერების ჯგუფში მოვხვდი, სადაც გვევალებოდა, რომ კომპანიის ტექნოლოგიური სიახლეები გაგვეცნო ქართველებისთვის. უნივერსიტეტში ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბი გვქონდა,  ვეპატიჟებოდით ტექნოლოგიურ კომპანიებს და ვსაუბრობდით ამ სფეროზე, მის მნიშვნელობაზე. ასევე,  გვქონდა ბიზნესმარათონი „20-200“, სადაც შეჯიბრებაში მონაწილეებს ევალებოდათ, 20 ლარით შეძენილი რაღაც პროდუქტი ისე ეწარმოებინათ, რომ საბოლოოდ, 200 ლარი გამოემუშავებინათ. 

ამ ყველაფერს ენთუზიაზმით, მოხალისეობრივად ვაკეთებდით. თუმცა, მალე პროექტებს საერთაშორისო დონორებიც გამოუჩნდნენ, „გუგლის“ დეველოპერების ჯგუფიც გაიზარდა, ეკონომიკის სამინისტროშიც გავაკეთეთ ინოვაციების კვირეული და ეს აქტივობები გადაიზარდა იმაში, რომ შეიქმნა ცალკე სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას შეუწყობდა ხელს. სწორედ აქ, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ – GITA-ში, იწყება ჩემი კარიერა ინოვაციების სფეროში. მაშინ, სულ რამდენიმე ვიყავით. თავიდან, როგორც სპეციალისტი, შემდეგ კი, როგორც სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მათთან ერთად, სხვადასხვა პროექტს ვხელმძღვანელობდი. M: კონკრეტულად, რა პროექტებს ჩაუყარეთ საფუძველი GITA-ს სახელით?
GITA-ს შექმნიდან 1 წლის შემდეგ, გაიხსნა ტექნოპარკი, გავაკეთეთ ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების პროგრამა „სტარტაპ საქართველო“, ბიზნესინკუბატორი, ინოვაციური ლაბორატორიები, ფაბლაბები, ჯეოლაბი და სხვა პროექტები.

M: ბანკში როგორ მოხვდით? თქვენი დღევანდელი საქმიანობა  ბევრად განსხვავდება იმისგან, რასაც GITA-ში აკეთებდით?
GITA-ში თუ სხვა ინოვატორებს ვუწყობდი ხელს, რომ საკუთარი იდეები განეხორციელებინათ, ამ შემთხვევაში, თავად მიწევს, ვიყო პროცესის მონაწილე. GITA აკეთებდა ისეთ პროექტებს, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე, სტარტაპ კულტურის დამკვიდრებაზე იყო ორიენტირებული. ანალოგიური მიზანი გვაქვს აქაც, თუმცა, დაემატა ის, რომ დღეს, ჩემს კომპეტენციაში შედის ინოვაციური საბანკო იდეის შემუშავება, მისი რეალობასთან მორგება და განხორციელების გზების პოვნა. აქ მაქვს საშუალება, პირდაპირ ბიზნესპროცესებში დავინახო, სად არის ინოვაციების ადგილი.

M: საქართველოს ბანკში რა პროექტებზე გიმუშავიათ?
მე ვხელმძღვანელობ პროექტს BOGFintech. ფინტექი არის ხალი ინდუსტრია, რომელიც ფინანსური პროცესების გასამარტივებლად, იყენებს ტექნოლოგიებს. საქართველოს ბანკს კი, ამ ინდუსტრიის დახმარებით, უნდა, რომ ისეთ სამუშაო პრინციპებზე გადაეწყოს, როგორითაც ტექნოლოგიურ სტარტაპებთან ფინანსური თანამშრომლობის მარტივი შესაძლებლობა ექნება.
ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ მომავალში ვერ ვიქნებით ასეთივე ძლიერები, თუ იმ გონებაგახსნილ ადამიანებთან არ ვითანამშრომლებთ, რომლებიც განსხვავებულად  უყურებენ ამ სფეროს. ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობით მეტ იდეას მივიღებთ და ორივე მხარე კმაყოფილი იქნება. 

M: რითი ავსებთ დროს, როცა ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით არ ხართ დაკავებული? თუ ასეთი დრო საერთოდ არ გაქვთ? 
მიყვარს ელექტრონული მუსიკა. თუმცა, ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული. ზოგადად, საქმიანობიდან გამომდინარე, რაც ტექნოლოგიებს უკავშირდება, ყველაფერი მომწონს. ელექტრონული მუსიკა კი, მთლიანად პროგრამირებაზე, ტექნიკის დახმარებით იქმნება.

ლიტერატურასაც ამ სფეროზე ვკითხულობ. წარმოიდგინე, იგივე არაა, ავტორს მიუჯდე გვერდით და ესაუბრო იმაზე, როგორ შექმნა მილიარდებიანი კომპანია. მოგიყვეს იმ გამოცდილებაზე, რაც მუშაობის პროცესში დააგროვა?! – ასეთი წიგნების კითხვის დროს ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ ხოლმე.  M: რატომ დათანხმდით „სპოტლაითზე“ გამოსულიყავით? რა გაქვთ სათქმელი საზოგადოებისათვის?
მსმენელს მინდა დავანახო ფინტექი, როგორც ინოვაციური იდეების მიმართულება. ეს სფერო ახალია საქართველოში და რამდენადაც ახალია, იმდენად დიდი შანსია, მოვიფიქროთ ისეთი იდეა, რომელიც პირველი იქნება და მისი დანერგვა რაღაც პროცესებს გაამარტივებს.  ინოვაციაც ხომ ეგაა, ახალი პროდუქტების შექმნა ან არსებულის გაუმჯობესება განსხვავებული გზით? და ამ ყველაფერს ხომ გამბედაობა სჭირდება, რომ შენი გზა თავადვე გაიკვალო.

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა