in

„ჩემთვის მუსიკა ერთგვარი ფაზლია, რომელიც უნდა ააწყო” – გიორგი კოჭლაშვილი

ამ ბიჭის სახელი მსმენელთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ პოპულარული ჯგუფიდან, „დაგდაგანიდან” ახსოვს. ისეთი ადამიანებიც ვარსებობთ, ცოტა უფრო მეტად რომ ვიცნობთ ანდერგრაუნდ მუსიკას და ბენდ Scratch The Floor-ს ვუსმენდით, რომელშიც ასევე უკრავდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი. 

მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან აქვს. მას შემდეგ, როცა პირველი ინტერესი გაუჩნდა და დაკვრა დაიწყო, ამ სფეროშია და სხვადასხვა ბენდთან უკრავს. ყველა მათგანთან ურთიერთობას თავისებური ხასიათი აქვს, რადგან განსხვავებული ჟანრებია, ადამიანები და მიდგომაც სხვანაირია საჭირო. ერთ-ერთი ბოლო პროექტია Pig Kelekh, რომელიც ახლა დიდი ღონისძიებისთვის, Wacken Metal Festival-ისთვის ემზადება. საქართველოში ჩატარებულ ბატლში უკვე გაიმარჯვა და ახლა ფინალურ შესარჩევ ეტაპზე უნდა გავიდეს.

ამ ინტერვიუში გიორგიმ თავის მუსიკალურ გზასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გიორგი კოჭლაშვილი:

დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი, როცა სახლში ძველი, გაფუჭებული გიტარა ვიპოვე და გადავიტანე დეიდასთან, რომ ჩემთვის დაკვრა ესწავლებინა. მართლაც მასწავლა, სამაკორდიანი სიმღერა „თამუნიაზე” და მერე უკვე ჩემით გადავწყვიტე გაგრძელება. 

პირველი ბენდი, რომელშიც დაკვრა დავიწყე, იყო ჩემი მეგობრის შექმნილი, ერქვა „დენდის თაობა”. არც ისე ცოტა ხანს ვუკრავდი ამ ბენდში, მგონი, 2 წელი და კარგად მახსენდება ეს გამოცდილება. 

მერე უკვე იყო ბენდი „დაგდაგანი”, რომელშიც ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი გავატარე. იყო, ასევე, „Scratch The Floor”, სადაც დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ვიყავი. ამ ბენდით გერმანიაშიც გავემგზავრეთ Wacken-ის ფესტივალზე, უკრაინაშიც ვიყავით და მოკლედ, ნაყოფიერი მუშაობა გვქონდა. ამჟამად ვუკრავ ბენდში Pig Kelekh.

რომ შევაჯამო ყველა ეს გამოცდილება, ვიტყოდი, რომ როცა პატარა ხარ ასაკით, შედარებით უფრო თავისუფალი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება ნაკლები გაქვს. მერე უკვე ასაკთან და პრაქტიკასთან ერთად გარკვეულ კალაპოტში ჯდები, თუმცა ვფიქრობ, არასოდეს უნდა დაივიწყო ის ახალგაზრდული მოტივაცია, რომელიც თავიდან გქონდა.

სხვადასხვა ბენდში დაკვრაც განსხვავებული გამოცდილებაა – სხვა „მუღამია”, სხვა გავლენას გრძნობ, სხვა ადამიანები არიან, ჟანრობრივადაც განსხვავდება ყველაფერი და შინაარსითაც. საბოლოო ჯამში, დაგროვილი გამოცდილება იმას გასწავლის, ერთი მხრივ, როგორ გაითვალისწინო სხვისი აზრი, მეორე მხრივ კი, როგორ გაიტანო შენი აზრი, თუ თვლი, რომ რაღაც ძალიან მაგარი იდეა გაქვს.

M: როგორია თქვენთვის შემოქმედებითი პროცესი?

ჩემთვის შემოქმედებითი პროცესი ისევ და ისევ ბენდის ჭრილიდან გამომდინარეობს, სადაც არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი აზრი. ყველანი ვითვალისწინებთ ერთმანეთს და ისე იქმნება საბოლოო ნამუშევარი. 

ჩემთვის მუსიკა ერთგვარი ფაზლია, რომელიც უნდა ააწყო, მით უმეტეს, როცა ბევრი ადამიანი ერთად არის. ზოგჯერ შეიძლება ერთი კონკრეტული ადამიანი ვერ ხვდებოდეს რაღაცის პერსპექტივას და მეორემ დაანახოს. ასეც უნდა იყოს, ამიტომ ჰქვია ჯგუფი და არა სოლოპროექტი.

M: თქვენს მიმდინარე ბენდზე ვისაუბროთ, თან ვიცი, რომ სიახლეები გაქვთ – როგორ შეიკრა ეს ჯგუფი, რატომ დაერქვა Pig Kelekh და როგორ გადაწყდა Wacken Metal Festival-ის შესარჩევში მონაწილეობა?

ბენდი ჩამოყალიბდა პანდემიის პერიოდში. სახელს რაც შეეხება, მეგობრებს გვქონდა ერთი სახუმარო ფრაზა: „წამო, ღორის ქელეხში უნდა წაგიყვანო” და ამ ხუმრობა-ხუმრობაში მართლა დავიწყეთ ბენდის სახის მიცემა. თავიდან მამუკამ და მირიანმა ჩაწერეს 1-2 სიმღერა და მერე მეც შევუერთდი. 

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან თითქოს ამ ყველაფერს ასეთი სერიოზული სახე არ ჰქონდა, დრამერიც არ გვყავდა, მაგრამ რამდენიმე კონცერტი მაინც ჩავატარეთ. ცოტა ხნის შემდეგ უფრო სრულყოფილ ბენდად ჩამოვყალიბდით, დრამერიც ავიყვანეთ და უფრო გავაქტიურდით. 

შარშან გადავწყვიტეთ, რომ Wacken-ის შესარჩევზე გავსულიყავით. პირველი ეტაპი იყო რეგიონებსშიდა კონკურსი და საქართველოში ჩატარდა, სადაც სხვა ქართული ჯგუფებიც მონაწილეობდნენ და, ჟიურის გადაწყვეტილებით, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი ეტაპია ნახევარფინალში დაკვრა, რომელიც თურქეთში გაიმართება. აქ გადაწყდება, ვინ წავა რეგიონიდან ფესტივალზე.

M: რა კრიტერიუმებით ფასდებოდა ბენდების გამოსვლა აქ ჩატარებულ შესარჩევ ტურში?

პირველი არის, რა თქმა უნდა, ბენდის მუსიკალური შესრულება; მეორეა სცენაზე წარდგენა, ე.წ. პერფორმანსი, რადგან შეიძლება ტექნიკურად კარგად უკრავდე, მაგრამ აუდიტორიაზე მუშაობა არ გამოგდიოდეს და ვერ იყოლიებდე, ამიტომ ერთ-ერთი კრიტერიუმი ესეც იყო, რომელიც, როგორც ჩანს, დავაკმაყოფილეთ.

M: ამჟამად კიდევ რაზე მუშაობთ და როგორი გეგმები გაქვთ?

ახლახან დავასრულეთ ალბომი და ვაპირებთ, ასევე, რომ ვიდეოკლიპიც გადავიღოთ. გარდა ამისა, 10 მაისს ჩვენ და Zombie Orchestra-ს გვაქვს კონცერტი „კამორაში”, სადაც ალბომის ერთგვარი წარდგენაც გვექნება. 

ცალკე, რა თქმა უნდა, ვემზადებით ამ თურქეთის ნახევარფინალისთვის, რომელსაც საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ და ველოდებით.

უფრო შორეული სამომავლო გეგმა კი ტურის მოწყობაა, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე არ დავკონკრეტდები.

M: რა არის თქვენი ბენდის მთავარი გზავნილი მსმენელთან?

მესიჯი არის დიდი და მკაფიო – „გიყვარდეთ ქართული მუსიკა და, განსაკუთრებით, თბილისური Death Metal. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ მაქსიმალურად გაერთეთ, ისიამოვნეთ და იარეთ როკკონცერტებზე.

M: გიორგი, ბოლო კითხვაც – რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?

ეს ყველაზე რთული კითხვაა და მიჭირს ერთის ამორჩევა…

კარგი, გადავწყვიტე და ვტოვებ ჩემთვის ძალიან საინტერესო შემოქმედის ტრეკს. 

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ შეიქმნა SOLO-ს საგაზაფხულო ვიტრინის დიზაინი

თიბისი კონცეპტი თეატრის, „სახელოსნო 42“, გაზაფხულის სეზონის წარმდგენია