27
Apr
2018

25 წლის გიორგი კოღუაშვილმა ნიუ-იორკში კალათბურთის აკადემია შექმნა!

27 Apr 2018

„დავიბადე 1992 წელს, თბილისში. კალათბურთის მიმართ სურვილი დაახლოებით 4-5 წლის ასაკში გამიჩნდა, როდესაც ფილმი – Space Jam ვნახე. ჩემს ეზოში ფარი ეკიდა და ნახევარზე მეტ დღეს კალათბურთის თამაშში ვატარებდი“, გვიყვება გიორგი კოღუაშვილი, ქართველი ახალგაზრდა, რომელიც 2009 წელს, სპორტული სტიპენდიით ამერიკაში გაემგზავრა, დღეს კი, ნიუ-იორკში, საკუთარი კალათბურთის აკადემია აქვს და მისი მართვის პარალელურად, გენერალურ კონსულს ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში ეხმარება. აკადემია 7 თვეა ფუნქციონირებს და 60-მდე ქართველი თუ უცხოელი ბავშვის სპორტულ განათლებას, Jr NBA-სა და USA Basketball Youth Development-ის მიერ აკრედიტებული პროგრამით უზრუნველყოფს. ხოლო რაც შეეხება პერსპექტივას – ჩვენს აკადემიას აქვს იმის შანსი, რომ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ბრუკლინში და საერთოდ, ნიუ-იორკში – გვითხრა მან. როგორი იყო გიორგი კოღუაშვილის გზა თბილისში, ეზოში დაკიდულ ფართან თამაშიდან Brooklyn Hoopsters Basketball Academy-ს დაარსებამდე და როგორია კალათბურთის კუთხით, ყველაზე აქტიურ და კონკურენტულ ბაზარზე, საკუთარი აკადემიის დაარსებასა თუ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სირთულეები – ამ საკითხებზე, მარკეტერის კითხვებს გიორგი კოღუაშვილმა უპასუხა:

M: როგორი იყო თქვენი სპორტული ცხოვრება საქართველოში და როგორ მოიპოვეთ სტიპენდია?
შვიდი წლის ვიყავი, როდესაც შევედი კალათბურთზე და 2009 წლამდე აქ ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი სხვადასხვა გუნდში. არსებობს სააგენტო Pro Future Sports, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებს ეხმარება სასკოლო სტიპენდიის მოპოვებაში. ჩემი ყოფილი მწვრთნელი, შოთა პატარაია მუშაობდა აღნიშნულ სააგენტოში, მან ჩემ შესახებ უამბო სააგენტოს, მათ ჩემი ვიდეორგოლი ნახეს, მოეწონათ ჩემი მონაცემები და სასკოლო დაფინანსებაც ასე დაიწყო.

M: პირველი ნაბიჯები ამერიკაში.. 
პირველი წელი ვესტ ვირჯინიის შტატში, ქალაქ ბეკლიში მოვხვდი. სკოლას Mountain State Academy ერქვა. ჩვენი სკოლა გამორჩეული იყო თავისი სპორტული გუნდებით. ჩემი გუნდი აშშ-ს მაშტაბით პირველ 20-ეულში შედიოდა და გუნდსა და ლიგაშიც, კონკურენციის დონე ძალიან მაღალი იყო. ჩემი მაშინდელი გუნდელებიდან ზოგი ახლა NBA-ში თამაშობს. შემდეგ, აღნიშნული სკოლა დაიკეტა ფინანსური პრობლემების გამო და მე გადასვლა მომიწია თენესის შტატში, კერძოდ, ქალაქ ჩატანუგაში. სკოლას, სადაც მოვხვდი Hamilton Heights Christian Academy ერქვა, იქ საკმაოდ წარმატებული სეზონი მქონდა. ბოლო კლასის და სეზონის დასრულების შემდეგ, ჩემით მრავალი უნივერსიტეტი დაინტერესდა და საბოლოოდ, თავი Union University-ში, სრული სპორტული დაფინანსებით, ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტზე ამოვყავი. 2013 წლიდან 2015 წლამდე, ბაკალავრიატზე ვსწავლობდი მინესოტას უნივერსიტეტში (University of Minnesota) ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტზე, ეკონომიკის სპეციალობით, სადაც, ასევე, ავიღე ინტენსიური კურსები სოფლის მეურნეობის ბიზნეს მართვის განხრით. აქაც, კალათბურთის გუნდშიც ვირიცხებოდი, სრული სპორტული დაფინანსებით.

M: როგორ დაუკავშირდა თქვენი არასპორტული კარიერა საკონსულოს?
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადავედი საცხოვრებლად ვაშინგტონში, სადაც ერთი წელი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია CNFA-ში სტაჟიორად ვიმუშავე. ერთი წლის შემდეგ, გადავედი ნიუ-იორკში, სადაც შევიტყვე საკონსულოში სტაჟიორის ვაკანსიის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა მივიღე და გამიმართლა. ასე დაიწყო ჩემი საკონულოში მუშაობა. დღეს გენერალურ კონსულს ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში ვეხმარები.

M: საკონსულოში მუშაობის პარალელურად, რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ კალათბურთის აკადემია? 
როგორც მოგეხსენებათ, ნიუ-იორკი ძალიან ძვირი ქალაქია და დამატებითი შემოსავალი ყოველთვის საჭიროა. კალათბურთი ძალიან მიყვარს და სულ მინდოდა ამ კუთხით კვირის რაღაც ნაწილში მაინც ვყოფილიყავი დაკავებული. შესაბამისად, გადავწყვიტე თავისუფალ დროს ბავშვები პარკებში მევარჯიშებინა. იდეა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ასეთი დონის აკადემიის შექმნაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ყოფილი კალათბურთელი, ლაშა ფარღალავა ცხოვრობდა ბრუკლინში, რომელსაც ასევე უნდოდა მსგავსი რამის გაკეთება. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და გადავწყვიტეთ ერთობლივი ძალებით დაგვეწყო სკოლის ჩამოყალიბება, მაგრამ შემდეგ, ლაშა გადავიდა სხვა ქალაქში საცხოვრელბად და ჩვენი ერთად მუშაობა ვეღარ შედგა, თუმცა, სკოლა მაინც დავაფუძნე.

M: ნიუ-იორკში, საკალათბურთო პროგრამების კუთხით, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემოა. როგორი იყო აკადემიის შექმნასთან, ან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სირთულეები?
სირთულეები, რა თქმა უნდა, იყო და ახლაც არის. ნამდვილად არ არის ადვილი 60 ბავშვის და სამი მწვრთნელის მენეჯმენტი, მით უმეტეს, ამხელა ქალაქში, მაგრამ იმდენად მომწონს ეს საქმე, რომ ყველა სირთულე ძალიან ადვილად გადამაქვს. ბავშვები, მათი მშობლები და მწვრთნელები, ყველანი ძალიან კარგები არიან, რაც ასევე, ძალიან მიადვილებს საქმეს. კონკურენცია, რა თქმა უნდა, არის და საკმაოდ ბევრი საბავშო კალათბურთის ორგანიზაცია არსებობს ნიუ-იორკში, მაგრამ ხარისხის დონე, არსებულ ორგანიზაციებში, არ არის ისეთი მაღალი, რამაც შეიძლება შემაშინოს. დიდხნიანი კვლევის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს აკადემიას აქვს იმის შანსი, რომ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ბრუკლინში და საერთოდ, ნიუ-იორკში. რამდენად შევასრულებთ ამას, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ყველაფერს ვეცდები იმისათვის, რომ ეს ასე მოხდეს.

M: დღეისათვის, რა გამოარჩევს თქვენს საკალათბურთო პროგრამას ბრუკლინში და უკავშირდება თუ არა თქვენი სამომავლო ხედვა საქართველოს? 
ჩვენი აკადემია 7 თვეა, რაც ფუნქციონირებს. ჩვენი პროგრამა აკრედიტირებულია Jr NBA-სა და USA Basketball Youth Development-ის მიერ. 100% მივყვები მათ მიერ შექმნილ სისტემას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და მაღალი დონის ბავშთა კალათბურთის განვითარების ორგანიზაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი აკადემია არის აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალური წევრი, ჩვენ უფლება გვაქვს გავყვეთ მათ მიერ შექნილ გეგმას და მითითებებს. ჩვენთან მუშაობენ ძალაინ კარგი და გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც ზედმიწევნით მიყვებიან აღნიშნულ გეგმას და მითითებებს. ჯერჯერობით, საქართველოში დაბრუნებას არ ვფიქრობ, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მინდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და აშშ-ში, სხვადასხვა კუთხით მიღებული გამოცდილების საქართველოში გაზიარება.

განხილვა